ინტერვიუები

10:13 | 3.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედია” თანხის შეგროვებას სახალხო შემოწირულობით აპირებს

საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” პრეზიდენტ ზაზა ადეიშვილის თქმით, მათ ქართული ფეხბურთისთვის კვანტის დადება არ სურთ და პრობლემების შესახებ ფინანსური გაჭირვება ალაპარაკებთ.
ოთხშაბათს, ადეიშვილი სამტრედიის მუნიციპალიტეტისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რის შესახებაც, მან “მსოფლიო სპორტთან” ისაუბრა.
ზაზა ადეიშვილი: “სამუშაო შეხვედრა გვქონდა სამტრედიის გამგებელ კობა კანდელაკთან და იმერეთის ვიცე-გუბერნატორ გიორგი აბესალაშვილთან. მათ ჩვენი პრობლემების თაობაზე ვესაუბრეთ. პრინციპში, პრობლემების თავი და ბოლო უსახსრობაა. ამ შეხვედრის შემდეგ, რომ გითხრათ პრობლემების გადაჭრის რეცეპტი გამოიძებნა-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ისინი შეგვპირდნენ, რომ ცდას არ დააკლებენ, არსებული ვითარებიდან რომ გამოვიდეთ, მაგრამ მყარი გარანტიები არ მიგვიღია. მაგალითად, რომ ეთქვათ – “ერთი თვის ხელფასს მაინც გაგისტუმრებთო”, მსგავსი რამ არ ყოფილა.
- საერთო ჯამში, კლუბის დავალიანება რა თანხას შეადგენს?
-  ბოლო ორი თვის განმავლობაში 102500 ლარი დაგვიგროვდა ვალის სახით. აქედან,  79000 ლარი სახელფასო დავალიანებაა, დანარჩენი ხარჯებია - ტრანსპორტის, მივლინების, კვების, საწვრთნელი პროცესის უზრუნველყოფის, სამედიცინო მომსახურების და ა.შ. განსაკუთრებით მძიმე ტვირთად, ფეხბურთელების ხელფასის ვალი გვაწევს.   
- საუბარია, რომ კლუბში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო ტურში, “სამტრედია” საკუთარ მოედანზე რუსთავის “ოლიმპის” წინააღმდეგ სათამაშოდ არ გამოვიდეს და მატჩიც ჩაიშალოს...
- ასეთი საუბარი მართლაც არის. როდესაც ფეხბურთელთან პირნათელი არ ხარ, ძნელია მას თამაში მოსთხოვო. მითუმეტეს, ჩვენ არ ვართ ისეთი კლუბი, რომ მოთამაშეებს საკონტრაქტო თანხებს შევპირებოდით 20000 დოლარს... ამ ხალხს სხვა შემოსავალი არ აქვს და თავისი ოფლისღვრით მოპოვებული 400, 500, ან 600 ლარის მიღება უნდა. მათ არა აქვთ ისეთი მიდგომა, რომ ულტიმატუმს აყენებდნენ, ან ბუნტდებოდნენ. იმის წინაპირობა რომ იყოს, ვინმე თანხის ნაწილს დაუფარავთ და მეორე ნაწილს მოგვიანებით მიიღებენ, მზად არიან კიდევ დაიხარჯონ. თუმცა, როდესაც ფეხბურთელი ხედავს რომ კიდევ ითამაშებს, მაგრამ გუნდი მაინც უპატრონოდ იქნება... ეროვნული ჩემპიონატის ჩაშლა და კვანტის დადება ნამდვილად არ გვინდა - ამ დღეში ჩვენი სიღარიბე გვაგდებს.
- ალბათ, მხოლოდ ხსენებული შეხვედრით არ შემოიფარგლებით და აპირებთ რაიმე ნაბიჯების გადადგმას?
- საკითი ასე არ დგას, რომ ვისაუბრეთ და ამით ყველაფერი დავამთავრეთ. ვაპირებთ, გულშემატკივრებს და ადგილობრივ მეწარმეებს შევხვდეთ, რომ ე.წ. სახალხო შემოწირულობის სახით, გარკვეული თანხა მაინც შევაგროვოთ. ამ ეტაპის გადალახვა გვჭირდება, რომ არ შეფერხდეს და არ წაიქცეს დიდი საქმე, რომელიც დავიწყეთ. გვპირდებიან, რომ იანვრიდან სხვა გარემო იქნება და როგორც ფეხბურთის ფედერაცია, ასევე სახელმწიფოც დაგვეხმარება. ხვალ-ზეგ, კლუბის შეძენის მსურველი თუ გამოჩნდება, “სამტრედია” ერთ-ერთი სასურველი ვარიანტია, რადგან ამ ქალაქს საფეხბურთო ტრადიცია აქვს და სტადიონზეც სრული ანშლაგია ხოლმე.  


ლაშა თაბაგარი
 

0.136902