ინტერვიუები

10:25 | 8.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია" საკადრო რევოლუციის მოლოდინშია

უმაღლესი ლიგის ბინადარი ს/კ “სამტრედია”, ერთ-ერთი პირველია, რომელმაც სეზონშუა მზადებისას საკონტროლო მატჩი გამართა. იმერლები კიდევ ერთ “ნომინაციაში” მთლად პირველები იქნებიან. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა ზაზა ადეიშვილმა, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჯერ გუნდის უმაღლეს ლიგაში აღსაზევებლად, მერე კი, იქ ადგილის ღირსეულად შესანარჩუნებლად.
“მსოფლიო სპორტის” წყაროს ცნობით, გადაწყვეტილი საქმეა, რომ სამტრედიელთა ხელმძღვანელი, ადგილობრივი მკვიდრი, სოსო ჯაში გახდება. მას ტელეფონით დავუკავშირდით და ასე შევეცადეთ, ჯერ ინფორმაციის დადასტურებას, შემდეგ კი, ქართულ ფეხბურთში შემოსული ახალი კაცის მკითხველისთვის გაცნობას.
- ბატონო სოსო, როგორც გავიგეთ, ზაზა ადეიშვილს, კლუბის პრეზიდენტის პოსტზე თქვენ შეცვლით.
- შეიძლება, ჭორის დონეზე ვინმემ რამე თქვას, მაგრამ ჯერ არაფერია გარკვეული და მით უმეტეს, გადაწყვეტილი.
- თქვენი კანდიდატურა არც განიხილება?
- რაღაცეები მეც მსმენია, მაგრამ დანიშნული ვარ და საქმეს შევუდექიო, ვერ გეტყვით.
- შევთანხმდეთ, რომ თქვენ “სამტრედიას” პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატი ხართ. გაგვეცანით, სად მუშაობდით დღემდე - ბიზნესში იყავით დაკავებული, თუ ხელისუფლების წარმომადგენელი ხართ?
- არც ბიზნესში ვარ, არც ხელისუფლებაში - ვარ ჩვეულებრივი ადამიანი.
- დავიჯეროთ, ჩვეულებრივ ადამიანს კლუბის პრეზიდენტად გნიშნავენ?
- არა ვარ არც ბიზნესმენი და არც ხელისუფლებაში და ხომ არ დავიბრალებ. ვიცი, იმიტომ მეკითხებით, რომ გაზეთში უნდა დაწეროთ და მოგატყუოთ?
- მაინც რამდენ ხანში გაირკვევა კლუბისა და თქვენი მომავალი?
- ზუსტად ვერაფერს გეტყვით. აქ სხვა ვარიანტებიც განიხილება - შეიძლება ისეთი ჯგუფი მოვიდეს, რომელიც ალბათ, მენეჯმენტის გაძღოლას დამავალებს და პრეზიდენტის ფუნქციები არ მექნება.
- ე.ი. მოდის სპონსორი, რომელიც აღმასრულებელ დირექტორად დაგნიშნავთ?
- დიახ, დაახლოებით, მასეთი ვარიანტი განიხილება. პრეზიდენტი მერქმევა, მენეჯერი, თუ აღმასრულებელი დირექტორი, ჯერ მე თვითონაც არაფერი ვიცი.
- ის მაინც გვითხარით, ვინაა გუნდის სავარაუდო სპონსორი. არა გვგონია, მის ვინაობას თუ გაგვიმხელთ, კონკურენტებმა ხელი შეუშალონ და კლუბის დაპატრონება დაასწრონ.
- მხოლოდ მაშინ გეტყვით ყველაფერს, როცა ფაქტი მოხდება. ალბათ, ერთი კვირაც არ დასჭირდება ყველაფრის დაკონკრეტებას და აუცილებლად შეგატყობინებთ.  
ფრიდონ კერვალიშვილი            



     
 

0.126064