ინტერვიუები

11:47 | 17.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედია” – ისრაელამდე, სპონსორის მოლოდინში

ს/კ “სამტრედია” ახალი სეზონისთვის მზადებას გამოკეთებულ ხასიათზე შეუდგა. ცნობილია, რომ ეს იმერული კლუბი უმაღლესი ლიგაში ერთადერთი იყო, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტმა ეროვნული ლიცენზია არ მისცა. სამტრედიელებმა დაჩქარებულად მოახდინეს უმთავრესი ხარვეზის აღმოფხვრა და გუნდის მთავარ მწვრთნელად A ლიცენზიის მქონე გელა სანაიას დანიშვნის შემდეგ, ახალი სეზონიდან კვლავ უძლიერესთა შორის თამაშის უფლება მიიღეს.
“მსოფლიო სპორტმა” იმერული კლუბის პრეზიდენტ ზაზა ადეიშვილთან საუბარი გუნდში მომხდარი უახლესი სატრანსფერო სიახლით დაიწყო - “სამტრედია”, ახლახანს, მისმა ფორვარდმა ზაურ ხაჭიპერაძემ დატოვა და ქუთაისის “ტორპედოში” გადავიდა.
- ბატონო ზაზა, “წაგართვეს” ხაჭიპერაძე, თუ თვითონ შეელიეთ?        
- რაც მოხდა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. იქედან გამომდინარე, რომ სტაბილურობის ფენომენი “სამტრედიაში” არ არსებობს, მრავალწლიანი კონტრაქტებით არავინ გვყავს დაჯავშნული. ჩვენთან ფეხბურთელი მოდის 6 თვით ან 1 წლით - ხელფასზე.
ხაჭიპერაძეს რაც შეეხება, მან ჩვენთან წელიწადნახევარი ითამაშა. ცოტა ტრავმები, ცოტა მისი არასტანდარტულობა და ფაქტობრივად, კალენდარული მატჩების ნახევარი გამოუვიდა ნათამაშები. ამის მიუხედავად, მან იმდენი შეძლო - უმაღლეს ლიგაში გუნდის აღზევებაშიც დიდი წვლილი შეიტანა, ხოლო თუ აქ ჩვენი ხელწერა დავიმკვიდრეთ და ღირსეულად შევინარჩუნეთ ადგილი, მისი როლი ამაშიცაა.
მაგრამ ეს ყველაფერი პოეზიაა, საფეხბურთო პროზა კი სულ სხვაგვარია - სადაც ფინანსური მდგომარეობა ისეა, რომ ფეხბურთელს უკეთეს პირობას უქმნიან, მასაც გული იქით მიუწევს. მით უმეტეს, ზაური ქუთაისელია, “ტორპედოს” მეტი ამოცანები, სიმპათიური სტადიონი აქვს და თემა, რომელიც ორიოდე დღე მარტო ჩვენს შორის მუსირებდა, უკვე დასამალი არ არის.
- კლუბს ფეხბურთელთან მოქმედი კონტრაქტი არ ჰქონდა და ბუნებრივია, მისი გასხვისებით ვერც იხეირებდით.
- მართალია, კლუბმა ხაჭიპერაძის “ტორპედოში” გადასვლით დიდი ხეირი ვერ ნახა. კომპენსაციის თემაზე გვქონდა საუბარი ქუთაისელთა ხელმძღვანელობასთან და თუ ისინი კეთილ ნებას გამოიჩენენ, ეს “სამტრედიისთვის” რაიმე პრობლემის მოგვარების საწინდარი იქნება.
- უმაღლესი ლიგის გუნდებიდან უმრავლესობას სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სპონსორის იმედი გაუჩნდა, თქვენგან კი, ჯერ არაფერი ისმის.
- დაწყებული კამპანიის საუკეთესო ილუსტრაცია ქუთაისია. ფოთშიც დადებითად გადაწყდა ყველაფერი, ზუგდიდშიც თითქმის გადაწყვეტილია კერძო, სერიოზული ბიზნესის ფეხბურთში შემოსვლა. ვიცი, მალე ბოლნისში გადაწყდება და დარჩა ყველაზე ნაბოლარა სამტრედია. ალბათ, ჩვენსკენაც მოიხედავს ვინმე.
- ისე, როცა სამტრედიას კახა კალაძის მსგავსი ბიზნესმენი ჰყავს, კერძო ბიზნესიდან სხვა პირთა შემოსვლის იმედად რატომ უნდა იყოთ?
- მაგ თემის განვრცობისთვის მცდელობა არ დაგვიკლია, მაგრამ შარშანდელი კონსულტაციებისას, კახამ ასე მთლიანად გუნდის აღებისაგან თავი შეიკავა და კარგი საჩუქარი გაგვიკეთა - ბურთები, ეკიპირება შეუკვეთა ჩვენთვის და გადმოგვცა. მაშინ ისე გავიგეთ, მან სამტრედიული გუნდის გენერალური სპონსორობა მომავლისთვის გადადო და არ გამოვრიცხავ, განვაგრძოთ მოლაპარაკებები კალაძეების ოჯახთან. ვცდილობთ, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, რადგან ბიზნესიდან ფეხბურთში თანხების დაბანდების მსურველ კომპანიებში, კახა კალაძის ფირმა არ ფიგურირებდა – შესაძლოა, მისთვის ასეთი რამ არც არავის შეუთავაზებია, მაგრამ ჯერ სხვებს დაველოდებით, იქნებ ვინმეს აქვს ჩვენთან შემოსვლის სურვილი.
ითქვა, რომ თითქოს “ავერსი”, “პე-ეს-პე” და სხვები დაინტერესდნენ ფეხბურთით. კერძოდ, ჩვენს გუნდში შეიძლება ჩადონ ინვესტიციები. გარემო რომ ქართული ფეხბურთის პირობებში საკმაოდ მისაღებია, გადაჭედილი ტრიბუნებიდან ჩანს, ინფრასტრუქტურა, ავად თუ კარგად, კლუბის პერსპექტიული განვითარებისთვის მისაღები უნდა იყოს. თუ ინვესტორი გაფართოებას განიზრახავს, სამტრედიის სტადიონი ამ მხრივაც მიმზიდველია, რამდენიმე ბუნებრივი მინდორი გვაქვს რაიონში ისეთი, რომ ბევრი ვერ დაიკვეხნის. რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივი ხელისუფლებაა მოწადინებული, რომ ფეხბურთში მოსვლით დაინტერესებულ ყველა კომპანიას გვერდში დაუდგეს.
ისე, ახლა მჭირდებოდა სპონსორი, რომ ხაჭიპერაძე არ “გამქცეოდა”, მაგრამ არა უშავს, სადაც ამდენ ხანს ვითმინეთ, ერთი-ორ თვესაც მოვიცდით. ესეც რომ არ მოხდეს, ჩვენ “ფარ-ხმალს არ ვყრით” - თუ გენერალური სპონსორი, ანუ მეპატრონე არ ვნახეთ, შესაძლოა, პარტნიორები ვიპოვოთ, რომლებიც ჩვენთან სარეკლამო ურთიერთობებზე წამოვლენ.
- სპონსორის მოლოდინი ერთია, ახალი სეზონისთვის მზადება კი სხვაა. კიდევ რაიმე სიახლის მოლოდინში ხომ არ უნდა ვიყოთ “სამტრედიისგან”?
- სამდღიანი სინჯების შემდეგ, მწვრთნელებმა უბის წიგნაკებში ჩაინიშნეს სავარაუდო ახალწვეულების ვინაობები. მიდის შერჩევის პროცესი, როცა წამსვლელიც გამოიკვეთება და მომსვლელიც დასტურს იტყვის, დარჩენილ ვაკანსიებზე სინჯებზე მონიშნულ ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ დავუძახებთ და ივნისის ბოლომდე სამომავლო შემადგენლობა გვეცოდინება. როცა შეკრების რეჟიმზე გადავალთ, ისრაელის ვარიანტები გვაქვს და ალბათ, გუნდი იქაც წავა სათამაშოდ.
- თუ შეიძლება, ისრაელზე უფრო კონკრეტულად.
- მოგეხსენებათ, დაბა კულაშის თემიდან დიდი ალიაა ისრაელში წასული. აშდოდის ვიცე-მერი კულაშელი ებრაელია, რომელთანაც ქართველმა ბიზნესმენმა ნატო კვანტალიანმა აწარმოა წინასწარი მოლაპარაკება. ქალბატონმა ნატომ გვითხრა, რომ ებრაული მხარის თანხმობა უკვე არის, ახლა მიმდინარეობს მიმოწერა ვადებზე და თუ ჩვენს მოსამზადებელ პერიოდს დაემთხვევა ისრაელის უმაღლესი ლიგის “აშდოდის” სეზონისწინა ვადები, მაშინ ივლისის ბოლოს, 2 საკონტროლო მატჩის სათამაშოდ, დაახლოებით, ერთი კვირით გავემგზავრებით.          

ფრიდონ კერვალიშვილი

 

0.137257