ძიუდო

11:40 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამსუნის გრან პრიზე 4 ქართველი იწყებს

დღეიდან კვირის ჩათვლით სამსუნში ძიუდოში მორიგი გრან პრი გაიმართება. ევროპის ჩემპიონატისწინა მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ტურნირში 14 ქართველი ძიუდოისტიც ჩაერთვება.

დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდება. აქედან ორი კაცებში, 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში. უმსუბუქეს წონაში საქართველოს დროშის ქვეშ თბილისის გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორი ლუხუმ ჩხვიმიანი და ლაშა გიუნაშვილი იჭიდავებენ. 66 კილოგრამში კი კიმონოს მინდია ლილუაშვილი და თორნიკე თათარაშვილი მოირგებენ.

ჩხვიმიანი მეორეწრით იწყებს, შვეიცარიელ მიშაელ იტენთან შეხვედრით. გამარჯვების შემთხვევაში კი მერვედფინალში გავა, სადაც შესაძლოა, აზერბაიჯანელ მსოფლიოს პრიზიორ ილგარ მუშკიევს დაეჭიდოს.

გიუნაშვილიც მეორე წრიდან ჩაერთვება საქმეში და მეტოქედ ლატვიელი ანდრეას მაჯერსი ეყოლება. ამ წყვილიდან გასული მერვედფინალში რუსეთის ნაკრების სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძესა და გერმანელ ტობიას ენგლმაიერს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

ლილუაშვილი პირველ წრეში გერმანელ სებასტიან საიდლს შეხვდება. თუ მოუგებს, რუსეთის ნაკრების წევრ აბდულა აბდულჯალილოვსა და ფრანგ ლუის კორვალს შორის უძლიერესთან მოუწევს დაჭიდება. თათარაშვილი გრან პრის აზერბაიჯანელ ევროპის პრიზიორ ტარლან კარიმოვთან შეხვედრით გახსნის და გამარჯვების შემთხვევაში ბელარუს დიმიტრი შერშანის ან უკრაინელი დმიტრო გრინის პირისპირ დადგება.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12 საათიდან დაიწყება.

ხვალ საქართველოს დროშის ქვეშ ზებედა რეხვიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ), უშანგი მარგიანი (81 კგ) და შორენა შარაძე (63 კგ) იჭიდავებენ, ზეგ კი ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ალექსანდრე მსხალაძე, გურამ თუშიშვილი (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) და ირინე ლეონიძე (+78 კგ) გავლენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112283