ძიუდო

15:30 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამსუნის გრან პრიზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს ბექა ღვინიაშვილსა (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილს (+100 კგ) სამსუნის გრან პრის ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებს. ლევან მატიაშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ბექა ღვინიაშვილმა ფინალის გზაზე აზერბაიჯანელი რამინ გურბანოვი, ეგვიპტელი ჰატემ აბდ ელ ახერი, ებრაელი პეტერ პალჩიკი და ფრანგი ალექსანდრე იდირი იპონ-იპონ ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი გერმანელ მარკ ოდენტალს დაეჭიდება.

ადამ ოქრუაშვილი, რომელიც პირველ ნომრადაა განთესილი, ტატამზე სამჯერ გავიდა და მანაც სუფთა გდებებით გაინაღდა ოქროს მედლისთვის ჭიდაობის უფლება. ქართველმა მძიმეწონოსონმა ალჟირელ ბილალ ზუანის, ყაზახ იერჟან შინკეიევსა და გერმანელ ანდრე ბრეიტბარტს აჯობა, ხოლო ფინალში ლიტველ მარიუს პასკევიჩუსს შეხვდება.

ლევან მატიაშვილმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, გერმანელ ანდრე ბრეიტბარტთან წაგებით. იქამდე აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურის ძლევა მოასწრო, რეპეშაჟის ნახევარფინალში კი ყაზახ იერჟან შინკეიევს სძლია. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი მძიმეწონოსნის მეტოქე რუსი რენატ საიდოვი იქნება.

დღესვე თურქულ ხალიჩაზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ალექსანდრე მსხალაძე და გურამ თუშიშვილიც გავიდნენ, მაგრამ ორივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა, ისევე, როგორც +78 კილოგრამში მოჭიდავე ირინე ლეონიძე.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18 საათიდან დაიწყება.

 

 

0.113572