საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კომპანია “სამსუნგ ელექტრონიკსთან” გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ოფიციალურ საბუთებს ხელი დღეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და “სამსუნგ ელექტრონიკსის” ვიცე-პრეზიდენტმა ჩოი სინ სიკმა მოაწერეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, რომელსაც ორივე მხარის ხელმძღვანელობასთან ერთად ათამდე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონიც დაესწრო.
“კომპანია, რომელთანაც თანამშრომლობას ვიწყებთ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორია და რა გასაკვირია, რომ ქართულ ოლიმპიზმსაც დაუმეგობრდა. ამ ხელშეკრულების თანახმად, “სამსუნგ ელექტრონიკსი” სეოკ-ის მუდმივი სპონსორი გახდება და მას ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს” – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
ჩოი სინ სიკმა ყურადღება ქართული სპორტის მდიდარ ოლიმპიურ ტრადიციებზე გაამახვილა. აღნიშნა, რომ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დამეგობრებით ძალიან კმაყოფილია და იმედი გამოთქვა, ქართველი სპორტსმენების მომავალ წარმატებებში “სამსუნგ ელექტრონიქსიც” მიიღებს მონაწილეობასო.
23 ივნისს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს და მათი სპონსორი სწორედ “სამსუნგ ელექტრონიკსი” იქნება.