ბულგარეთში მიმდინარე ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს – 12 ოქტომბერს საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მოიპოვეს. აქედან ორი ჭაბუკთა ანგარიშზეა. უშანგი მარგიანმა (75 კგ) ფინალში იჭიდავა და ჩემპიონობამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა.
ერთ-ერთ ინტერნეტფორუმზე გავრცელებული ინფორმაციით, ანალოგიური შედეგი აჩვენა 48 კილოგრამში მოჭიდავე ირაკლი კუპატაძემაც, მაგრამ მოგვიანებით რამდენიმე ვებგვერდმა მსოფლიოს პირველობის საპრიზო სამეულების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ქართველი სამბისტი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუშინდელი დღე ამირან იანვარაშვილის (82 კგ) ოქროს მედლით ჩაამთავრა. ფინალში იანვარაშვილმა რუს გეორგი კორელს სძლია.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ორივე ასაკობრივი ჯგუფის ოთხ-ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.
ოთარ მაღლაკელიძე