ჭიდაობა

17:30 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამინისტროში ქართული სამბოს რუსულ წარმატებაზე ისაუბრეს

საქართველოს სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ ეროვნული ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან ერთად, სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში შეაჯამა. შეგახსენებთ, სეზონის უმთავრესი შეჯიბრება 22-24 ნოემბერს სანქტ პეტერბურგში გაიმართა და ქართველმა სამბისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ) გახდნენ. ლაშა გურული (100 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო კახა მამულაშვილი (74 კგ), ნოდარ მეტრეველი (+100 კგ) და ირინე ლეონიძე (+80 კგ) – ბრინჯაოებს.

“სამბო სპორტის ის არაოლიმპიური სახეობაა, რომელიც საქართველოში მუდამ ყურადღების ქვეშ იყო და ახლაც ასეა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სამბისტებმა 6 მედალი მოიპოვეს. მათ შორის ერთი ქალთა ნაკრებზე მოდის. სიმართლე გითხრათ, მათაც ისე შეგვაჩვიეს წარმატებებს, უკეთესი სინჯის მედალს ველოდი. ქართული სამბოს სკოლა ყოველთვის თითით საჩვენებელი იყო მთელი მსოფლიოსთვის და სასიხარულოა, რომ ეს პროცესი კვლავ გრძელდება. სახელმწიფო ამ სახეობის განვითარებას და წინსვლას მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევს” – განაცხადა ლევან ყიფიანმა. სამბისტებს წარმატება სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი დოლაბერიძემაც მიულოცა.

სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ლიპარტელიანმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონდო მუზაშვილმა სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას მოსამზადებელ ეტაპზე მხარში დგომისთვის გადაუხადეს მადლობა, ხოლო ნაკრების წევრებს და მათ მწვრთნელებს გაწეული შრომისთვის.

ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად სამი სრულფასოვანი შეკრება გაიარა და ეს შედეგზეც აისახა. მუზაშვილმა კი იქვე დასძინა, თუ მხარდაჭერა კიდევ გაიზრდება და მეტ საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლას შევძლებთ, ეს ქართულ სამბოს კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს მოუტანსო.

საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა დამსწრეთ ერთი საინტერესო ინფორმაციაც მიაწოდა. სამბოს საერთაშორისო ფედერაცია აქტიურად ჩაერთო დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლაში და სპეციალური სამედიცინო და ანტიდოპინგური კომისია შექმნა, რომლის ხელმძღვანელად საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი დაინიშნა.

სანქტ პეტერბურგში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი მამუკა ხაბარელიც დაესწრო. მან პრესკონფერენციაზეც გააკეთა მოკლე კომენტარი.

“ჩვენს სპორტსმენებს რიგ შემთხვევებში მეტოქეების გარდა მსაჯებთანაც უწევდათ ბრძოლა. ერთ-ერთი გამორჩეული ამ მხრივ ლევან ნახუცრიშვილისა და რუსი სამბისტის შეხვედრა იყო, რომელშიც ლევანმა აშკარად აჯობა მოწინააღმდეგეს, მაგრამ მსაჯებმა გადაწყვეტილების მასპინძლის სასარგებლოდ მიღება სცადეს. უნდა გენახათ, რა ხდებოდა ტრიბუნებზე. მთელი დარბაზი ფეხზე დადგა და მიუხედავად იმისა, რომ მათი თანამემამულის წინააღმდეგ მოუხდათ დადგომა, მსაჯს სუბიექტური გადაწყვეტილება არაფრით მიაღებინეს. სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატს პირველად დავესწარი და ზოგადად შეჯიბრებითაც და მით უმეტეს, საქართველოს ნაკრების წევრების ჭიდაობით ძალიან კმაყოფილი დავრჩი” – განაცხადა მამუკა ხაბარელმა.

0.149788