საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა 2013 წელს გაწეული სამუშაოს წლიური ანგარიში წარადგინა. სამინისტროს ხელმძღვანელობა სამშაბათს, საპრესკონფერენციო დარბაზში სპორტული ფედერაციების, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ლევან ყიფიანმა წლის განმავლობაში სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ჩატარებული ღონისძიებები მოკლედ მიმოიხილა და იმ ცვლილებებსა და სიახლეებზეც ისაუბრა, რომლებიც გასული წლის განმავლობაში დაინერგა და განხორციელდა.
“2013 წელი ძალიან რთული, მაგრამ ამავდროულად ნაყოფიერი იყო. მადლობა ყველას, ვისაც ამ შედეგში წვლილი მიუძღვის. განსაკუთრებული მადლობა სამინისტროს თანამშრომლებს, საქმისადმი ერთგულებისა და დაუღალავი შრომისთვის” – განაცხადა მინისტრმა.
ლევან ყიფიანმა ერთხელაც გაიმეორა მრავალგზის ნათქვამი, რომ სამინისტროს მთავარი ამოცანა სპორტის პოლიტიკისგან გათავისუფლება იყო და ამ მხრივ უკვე საკმაოდ ჯანსაღი სიტუაციაა. შემდეგ კი მინისტრმა 2013 წლის მთავარი სპორტული მიღწევები გაიხსენა და შედეგიანობიდან გამომდინარე ძიუდოისტებისა და მოჭიდავეების მიღწევები გამოარჩია. თუმცა არც სხვა სახეობების წარმატებებიც დაივიწყა. მინისტრმა 2014 წლის სამუშაო გეგმაზეც ისაუბრა და სამი პრიორიტეტი გამოარჩია: სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სპორტული განათლების ხელშეწყობა და სპორტის საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება.
“საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე, შეიქმნა „საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო“, რომელმაც დაიწყო სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად დოკუმენტზე მუშაობა. დაკომპლექტდა სამი თემატური ჯგუფი, რომელიც ამუშავებს სპორტთან დაკავშირებულ ყველა კომპლექსურ საკითხს: სპორტული ინფრასტრუქტურა; სპორტული განათლება და მეცნიერება, სპორტული კანონმდებლობა. მომავალ წელს აუცილებლად უნდა გვქონდეს კანონი სპორტის შესახებ, რომელიც უამრავ პრობლემატურ საკითხს მოაგვარებს” – დასძინა ყიფიანმა.
სპორტის მინისტრმა ყურადღება გაუქმებული სპორტის აკადემიის ბაზაზე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებაც შეახსენა დამსწრეთ და იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტი სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღებას 2014 წლის სექტემბერში შეძლებს.
აქვე ერთი საინტერესო სიახლეც, სპორტის სამინისტრომ სპორტსმენებისა და მწვრთნელების პრემიალური სისტემაც დახვეწა და უკვე სპორტის ოლიმპიური სახეობების წარმომადგენლებთან ერთად, მოჭადრაკეების, სამბისტებისა და მკლავჭიდელების მიღწევებსაც დააფასებენ. გარდა ამისა, ფედერაციას ოლიმპიური თამაშების თითო ლიცენზიაზე 50 ათასი ლარი გადაეცემა.
ყიფიანმა კომენტარი ქართველი სპორტსმენების დოპინგზე ჩავარდნის ფაქტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ანტიდოპინგურ სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა მსგავსი დარღვევების რისკი სამომავლოდ მინიმუმამდე შემცირდეს.
27 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2013 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს, რომელზეც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს დაასახელებს.