ინტერვიუები

16:13 | 30.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

სამი ხედირა: “გავალ თუ არა მოედანზე, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია”

მადრიდის “რეალის” გერმანელი ნახევარმცველი სამი ხედირა გუნდში თავს კარგად გრძნობს და ამბობს, რომ როდესაც ფორმაშია, მწვრთნელისგან მუდამ მხარდაჭერას გრძნობს.
AS-თან საუბარში, მან განვლილი ნახევარი წელი გაიხსენა და მოურინიო კიდევ ერთხელ აღიარა საუკეთესო მწვრთნელად.

- საფეხბურთო სამყარომ თქვენ 2010 წელს გაგიცნოთ. როგორი იყო 2011 წელი?
- ეს იყო ჩემი დამკვიდრების და განვითარების წელიწადი. ამბობენ, დიდ კლუბში მეორე სეზონი უფრო რთულიაო, მაგრამ მე ყველაფრით კმაყოფილი ვარ. დიდი კონკურენციის გამო, ძირითად შემადგენლობაში ხშირად არ გახლდით, მაგრამ როცა საუკეთესოდ ვგრძნობდი თავს, თითქმის ყოველთვის მოედანზე ვიყავი.
- ასეთი გამონაკლისი იყო “ელ კლასიკოც”. ძალიან გეწყინათ?
- ეს ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუება იყო. მთელი კვირა მუხლჩაუხრელად ვშრომობდი იმისთვის, რომ მოედანზე გავსულიყავი. მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და მე მისი მიღების გარდა არაფერი დამრჩა.
- ახლაც ფიქრობთ, რომ მოურინიო მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია?
- აზრი შევიცვალე კი არა, უფრო გამიმყარდა. ეს სულაც არაა იმაზე დამოკიდებული, გავალ თუ არა მე მოედანზე.
- “ბარსელონასგან” განცდილი მარცხი როგორ აღიქვით?
- ამ მარცხს ჩვენს მორალურ განწყობაზე გავლენა არ ჰქონია. მიზეზს ჯერ ვერ მივაგენით. იმედი გვქონდა, რომ მოვიგებდით და მარცხი ამიტომ იყო მტკივნეული. პირველ წრეში საუკეთესო თამაშიც ვაჩვენეთ. ზედიზედ 15 მატჩი მოვიგეთ, მათ შორის, სერიოზულ მეტოქეებთან, ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ჯილდოების მოგებაც შეგვიძლია. წელს მხოლოდ “სამეფო თასით” აღარ დავკმაყოფილდებით, მეტი ტიტულები უნდა მოვიხვეჭოთ.
- სეზონის დასაწყისი არცთუ კარგი იყო. ტრავმა, მერე მწვრთნელის კრიტიკა “ლევანტესთან” გაძევების გამო...
- ეს არ იყო ცხოვრების საუკეთესო მომენტები. მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფერმა უკვე ჩაიარა.
- გრძნობთ, რომ მწვრთნელი ძველებურად აღარ გენდობათ?
- არა. ის, რაც მოხდა, საკუთარი თავის შეფასებაში დამეხმარა. თავიდანვე კარგად მესმოდა, რომ სირთულეები იქნებოდა და ისიც ვიცოდი, მისგან თავის დასაღწევად თავდაუზოგავად უნდა მემუშავა. ვესაუბრე სხვა სპორტსმენებს, შევცვალე კვების გრაფიკი და ბოლო კვირების გრაფიკმა აჩვენა, რომ არ შევმცდარვარ.
- არის საუბრები “მანჩესტერ იუნაიტედის” მხრიდან დაინტერესებაზე...
- მსურს, რომ მადრიდის “რეალში” დიდი ხნით დავრჩე.


მოამზადა ზურა ქსოვრელმა

0.115246