ძიუდო

13:57 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამი სტარტი – სამივე მარცხიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის ლუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა. ჯერ კიდევ წინასწარი ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს, მაგრამ ქართველი ძიუდოისტებისთვის საჭიდაო დღე უკვე დასრულებულია.

დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟებში 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით საქმეში გელა კელიხაშვილი (66 კგ), ლევან გუგავა და ფრიდონ გიგანი (ორივე 73 კგ) ჩაერთნენ.

კელიხაშვილი პირველ წრეში მონღოლ ტუმენასან ერდენეტოგტოხთან შეხვედრის პირველ წუთზე მიღებული გაფრთხილებით დამარცხდა. ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალისტ ლევან გუგავასთვის დაუძლეველი ბარიერი პოლონელი დამიან სტეპიენი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა იუკოთი იმარჯვა. ევროპის შარშანდელ პრიზიორ გიგანისა და იტალიელი ანტონიო ესპოზიტოს შეხვედრის ბედი სამმა შიდომ გადაწყვიტა. სამივე ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო.

ხვალ მედლები 81 და 90 კილოგრამებში გათამაშდება, ზეგ – 100 და +100 კილოგრამში, ზეგ კი მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართება.

გია გუგავას გაწვრთნილი გუნდიდან ტატამზე გავლენ: ბექა დონღვანი (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე 90 კგ), გურამ თუშიშვილი (100 კგ), ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე (ორივე +100 კგ).

0.113493