საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ოთხ წონით კატეგორიაში მედლების გათამაშების შემდეგ, მხოლოდ ერთი ბრინჯაოს პრიზიორი ჰყავს. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 16 ქულა დააგროვა და ბულგარეთს (30), თურქეთს (26), აზერბაიჯანს (23), ბელარუსს (22), რუსეთსა (22) და სომხეთს (21) ჩამორჩება. დღეს, ინდივიდუალური და საერთო შედეგის გაუმჯობესებას მანუჩარ ცხადაია (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) შეეცდებიან.
66 კილოგრამში 24 მონაწილე აიწონა. ცხადაიას წილისყრამ 22-ე ნომერი არგუნა და ჩემპიონატს მეთექვსმეტედფინალით გახსნის. მეტოქედ კი პოლონელი ტომაშ სვიერსკი ეყოლება. ამ წყვილიდან გასული, მერვედფინალში ეტლინგერსა და პორტუგალიელ პასოსს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთაგან, რუსი ადამ კურაკია გამოსარჩევი. ნახევარფინალში კი, აზერბაიჯანელი ევროპისა და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი (60 კილოგრამში) ჰასან ალიევი და რუმინელი ევროპის მოქმედი ვერცხლის პრიზიორი გეორგიან კარპენი.
დათუნაშვილი 28-კაციან სატურნირო ბადეში იმ ოთხ მონაწილეს შორის მოხვდა, შეჯიბრებაში პირდაპირ მერვედფინალიდან რომ ჩაერთვებიან. პირველ შეხვედრაში უნგრელ ბალინტ კორპასის დაუპირისპირდება. მერვედფინალში კი, ხორვატი ბოზო სტარჩევიჩისა და სერბი ვიქტორ ნემესის წყვილიდან გასულს დაეჭიდება. ბადის ამავე მხარეს არიან აზერბაიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვი, თურქი სერეფ ტუფენკი, სომეხი რაფიკ მანუკიანი და გერმანელი პასკალ ეიზელი.
პირველ წრეს გეგეშიძეც გამოტოვებს და ევროპირველობას მოლდოველ ადრიან მოკანუსთან მერვედფინალური დაპირისპირებით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში, გაცილებით ძლიერი მეტოქე ეყოლება ბულგარელი ჰრისტო მარინოვის სახით, ოღონდ იქამდე, ამ უკანასკნელმაც ერთი ეტაპი უნდა დაძლიოს. მარინოვი ევროპის მოქმედი და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონია. ნახევარფინალში ვლადიმერ გეგეშიძის სავარაუდო მეტოქეთაგან, გამოსარჩევია ევროპისა და მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატების ფინალისტი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, პოლონელი დამიან იანიკოვსკი და ევროპის 2008 წლის ჩემპიონი უნგრელი პეტერ ბაკში.