თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ქალთა შორის, სამი ტურის თავზე სამი ლიდერი გამოიკვეთა, რომელთა შორის ქართველი მოჭადრაკეები არ ფიგურირებენ. ქულათა მაქსიმუმით წინ ფრანგი მარი სებაგი (2512), ლიტველი ვიკტორია ჩმილიტე (2497) და რუმინელი კრისტინა-ადელა ფოისორი (2398) გაიჭრნენ.
ლიდერებს 0.5 ქულით ცამეტი მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელთა შორის ოთხი ქართველი ქალბატონიცაა: 5. სოფიკო გურამიშვილი (2395), 11. ნინო ხურციძე (2447), 12. ნინო ბაციაშვილი (2438), 13. სალომე მელია (2400). დამატებითი მაჩვენებლებით, ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი (მე-5 ადგილი) გურამიშვილს აქვს. აქვე ვთქვათ, რომ სოფიკომ მე-2 ტურში სენსაცია მოახდინა და ევროპის ორგზის ჩემპიონი რუსი ნადეჟდა კოსინცევა (2535) დაამარცხა.
ევროპირველობაზე მოთამაშე დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა მდგომარეობა ასეთია: 31. ნანა ძაგნიძე (2559) – 2.0; 35. ლელა ჯავახიშვილი (2448) – 2.0; 37. ბელა ხოტენაშვილი (2490) – 2.0; 39. მერი არაბიძე (2337) – 2.0; 41. ნაზი პაიკიძე (2406) – 2.0; 42. სოფიკო გვეტაძე (2334) – 2.0; 89. მირანდა მიქაძე (2329) – 1.0;
ცნობისთვის, ევროპის პირველობაზე 2-13 მარტის ჩათვლით, მონაწილეები ერთმანეთს კლასიკურ ჭადრაკში შეეჯიბრებიან, 15-16 მარტი სწრაფ ჭადრაკს (რაპიდი) დაეთმობა, ხოლო 17-18 მარტს უძლიერესები ბლიცი გამოვლინდებიან. ტურნირის საპრიზო ფონდი კლასიკურ ჭადრაკში 106 000 ევროა, ხოლო რაპიდსა და ბლიცში 10-10 ათასი.