პრაღაში პირველად ვარ. წინასწარ გაწერილი პროგრამის მიხედვით, პირველი დღე-ღამის გატარება ქალაქგარეთ მიწევს - პრაღის აღმოსავლეთით, მანქანით ნახევარი საათის სავალზე მდებარე სოფელ სტირჟინში.
სიმწვანეში ჩაფლული დაახლოებით ათასკაციანი დასახლება, პატარა კოხტა სახლები, უამრავი ხელოვნური თუ ბუნებრივი ტბა და რაც მთავარია, სასტუმროდ გადაკეთებული მრავალსაუკუნოვანი სასახლე… დღის წესრიგიც შთამბეჭდავია. მით უმეტეს, ლუდის მოყვარული კაცისთვის.
ტურის მასპინძლებმა ჯგუფის კიდევ ხუთ ქართველ წევრთან ერთად აქვე ახლოს მდებარე ველკოპოპოვიცეს დასახლებაში წამიყვანეს, ლუდის ქარხანა "ველკოპოპოვიცკი კოზელში".
სპილენძიდან ოქრომდე
ტური "ველკოპოპოვიცკი კოზელის" ლუდსახარსში
ცამეტნახევარ ჰექტარზე გადაჭიმული ქარხნის მთავარ შესასვლელთან საშუალო ასაკის ქალბატონი, ექსკურსიამძღოლი ჰანკა დაგვხვდა. საექსკურსიო მარშრუტის განსაზღვრა უმარტივესად შეიძლებოდა – კედელზე დახატულ ჩლიქების ნაკვალევს უნდა გავყოლოდით.
თხა კომპანიის სახეა და ქარხნის ფასადი, ყველა კუთხე და კედლები სწორედ ამ ცხოველის გამოსახულებით თუ ქანდაკებებითაა გადაჭედილი. ლუდის ქილას და ბოთლსაც თხა – ("კოზელი") ახატია (და აწერია).
სიმბოლოს, ისევე, როგორც ლუდი "ველკოპოპოვიცკი კოზელის" ისტორია 1874 წლიდან იწყება. მავანმა ფრანგმა მხატვარმა ქარხანაში სტუმრობისას კარგი მასპინძლობით აღფრთოვანებულმა დამხვდურებს თხა დაუხატა. ქარხნის ხელმძღვანელებს ისე მოეწონათ, უმალ გადაწყვიტეს, სწორედ თხა გამხდარიყო კომპანიის სახე. ამ ცხოველს მწარმოებლები განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით ეპყრობიან. ქარხნის ტერიტორიაზე სპეციალური თავლა აქვთ აშენებული, რომელშიც ცოცხალი სიმბოლო ცხოვრობს...
"ველკოპოპოვიცკი კოზელის" ისტორია ქალბატონმა ჰანკამ მოგვითხრო. ქარხნის დამაარსებლად ფელიქს რინგჰოფერი ითვლება, რომელმაც თავიდან სპილენძის ნაკეთობების წარმოება გადაწყვიტა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ბერებმა ჯერ ლუდის სახარში ქვაბი შეუკვეთეს, შემდეგ კი თხოვნით მიმართეს, თავადაც ლუდის ჩამოსხმა დაეწყო, ახალ საქმეს შეუდგა. ლუდის ქარხნის მშენებლობა 1874 წელს ფელიქსის შვილიშვილმა ფრანტიშეკმა დაასრულა. მას შემდეგ "ველკოპოპოვიცკი კოზელის" პოპულარობა და შესაბამისად რინგჰოფერების ქონებაც დღითიდღე იზრდებოდა. დინასტიას ლუდის გარდა ბევრი ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ მთავარი "ოქროს საქმე" – ლუდსახარში ქარხანა იყო.
ერთ-ერთი ბიზნესი იარაღის წარმოებას უკავშირდებოდა და სწორედ ეს გახდა წარმატებების დასასრულის მიზეზი. მეორე მსოფლიო ომის დროს ხმა გავრცელდა, რომ რინგჰოფერები გერმანიას უმზადებდნენ იარაღს, რასაც საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა და ეჭვმიტანილები ქვეყნიდან გააძევეს. ლუდსახარში კი ერთხანს სახალხო გახდა. ხოლო ამჟამად "ველკოპოპოვიცკი კოზელი" საბმილერის ბიზნესია და როგორც ექსკურსიამძღოლმა გვითხრა, ყველაზე გაყიდვადი ჩეხური ლუდია მსოფლიოში.
ამჟამად ქარხანა ოთხი სახის ლუდს აწარმოებს: მედიუმს, პრემიუმს, ღიას და შავს. მათი ექსპორტირება 37 ქვეყანაში ხდება. მთავარი ექსპორტიორი კი ავსტრალიაა.
რაც შეეხება რინგჰოფერების გვარს, ბოლო წარმომადგენელი ჰანუში ამჟამად ვენაში ცხოვრობს დედასთან ერთად. დროდადრო სტირჟინსა და ველკოპოპოვიცეშიც ჩადის ხოლმე, ოღონდ ოდენ სტუმრის სტატუსით. ჩამორთმეული ბიზნესის დაბრუნების სურვილი კი არასოდეს გამოუთქვამს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მხოლოდ და მხოლოდ სიამაყის გამო.
------------
ყველაზე გემრიელ და შთამბეჭდავ დარბაზში გადავედით, სადაც "ველკოპოპოვიცკი კოზელის" ხარისხის კონტროლის უფროსმა ლუბოშ მაშეკმა ცოცხალი ღია და შავი ლუდის გემო გაგვასინჯა. თითოეულ სტუმარს იმდენის დალევა შეეძლო, რამდენის სურვილიც ჰქონდა, თან პირდაპირ ონკანიდან. ძნელი სათქმელია, რამდენი ლიტრი შესვა ექვსკაციანმა ქართულმა ჯგუფმა. იქნებ საშუალო მაჩვენებლის რეკორდიც დავამყარეთ.
ლუბოშ მარეკმა, რომელიც უკვე 40 წელია, ამ ქარხანაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს, გვასწავლა, რომ ჩამოსასხმელი ლუდი საუკეთესო შემთხვევაში 7-10 გრადუს ტემპერატურაზე უნდა იდგეს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჭიქას და ასევე, დასხმის წესს.
1. კლასიკური წესი – ჭიქის ერთი ჩამოსხმით შევსება, როდესაც ლუდი გაზს მაქსიმალურად ინარჩუნებს.
2. შესვენებებით – ამ შემთხვევაში ლუდი უფრო იოლი დასალევია.
პირველი ვარიანტი ლუდის ნამდვილ მოყვარულთათვისაა, ხოლო მეორე ძირითადად ქალებისთვის.
ჩამოსხმა რომ მთელი ხელოვნებაა, ლუბოშმა იქვე თავად დაგვიმტკიცა და ზემოთ ნახსენები ორი წესის გარდა კიდევ რამდენიმე ვარიანტი გვაჩვენა. მათ შორის ჭიქის მხოლოდ ქაფით გავსება.
"ნაკლებადესთეტიურია, მაგრამ არის ხალხი, რომელთაც სიამოვნებას ზუსტად ქაფის დაგემოვნება ანიჭებთ" – გვითხრა ლუბოშმა.
გამოცდილი სპეციალისტის აზრით, ჩამოსასხმელი ლუდის დასაგემოვნებლად ნახევარლიტრიანი კათხა ან ჭიქა ყველაზე ოპტიმალური ზომაა. უფრო დიდში კი ლუდი დალევამდე თბება და გემოსაც კარგავს.
ყველაზე დიდხანს ცხადია ლუბოშ მარეკის დარბაზს შევრჩით. შემდეგ კი სარდაფში ჩაგვიყვანეს, სადაც ულამაზესი კათხები ჩამოგვირიგეს და თითოც ჩამოგვისხეს, ოღონდ ეს უკვე ის ლუდი იყო, რომელიც რამდენიმე წამში ბოთლებსა და ქილებში უნდა ჩასხმულიყო. ბოლო აკორდი სწორედ ჩამოსხმის პროცესის ნახვა იყო.
"ველკოპოპოვიცკი კოზელის" ქარხნიდან გამოსულები იქვე მდებარე ლუდის რესტორანში შეგვიყვანეს და შესანიშნავი ლუდი უკვე უგემრიელესი ადგილობრივი კერძების მენიუსთან ერთად შემოგვთავაზეს.
როგორ გახდა პიკასო ოლდა
დილაადრიან სტირჟინის ისტორიული სასახლის უზარმაზარი და ულამაზესი ეზოს დათვალიერებას და ფოტოების გადაღებას შევუდექი. ამ დღეს უკვე პრაღის სასტუმროში უნდა გადავსულიყავით, თუმცა იქამდე ისევ "ველკოპოპოვიცკი კოზელში" წაგვიყვანეს. ამჯერად უკვე საზეიმო ცერემონიალზე დასასწრებად.
26 აპრილი არათუ ქარხნისთვის, მთელი ველკოპოპოვიცესთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო. დილის 12 საათზე ის ციკანი უნდა მოენათლათ, რომელიც მეორე დღიდან ქარხნის მთავარი სიმბოლო გახდებოდა. მისი წინა სიმბოლო ახლახან გარდაცვლილა, 16 წლის ასაკში. საშუალოდ თხები თურმე 14 წელი ცხოვრობენ.
საპატიო თავლაში ნათლობამდეც შეგვახედეს, სადაც 4 წლის თხა ჰყავდათ, მაგრამ ეს დროებითი სიმბოლო ყოფილა, რადგან ტრადიციის თანახმად, სრულუფლებიანი სიმბოლო აუცილებლად ქარხნის ტერიტორიაზე უნდა იყოს დაბადებული.
სწორედ ასეთი იყო ციკანი სახელად პიკასო, რომელიც მონათვლის შემდეგ ოლდა მე-14 გახდა. მთავარ ცერემონიას წინ საყოველთაო ლუდის სმა უძღვოდა. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. დათქმულ დროს სპეციალურად შემოღობილ მონაკვეთში, სადაც პიკასო იმყოფებოდა, მხატვრის ფორმაში გამოწყობილი ცერემონიალის წამყვანი შევიდა, ციკანს კალათით ბოსტნეულის ძღვენი მიართვა, მიეფერა და ოლდა მე-14-ედ გამოაცხადა.
ნათლობის შემდეგ ისევ სტირჟინის სასახლეში მივბრუნდით, სადაც ანტიკვარული მანქანა დაგვხვდა, რომელსაც პრაღაში უნდა გადავეყვანეთ და ქალაქის გამორჩეულად ლამაზ ქუჩებში ვეტარებინეთ, მანამდე, ეზოს ერთ კუთხეში ფრანტიშეკ რინგჰოფერის მიერ 1939-40 წლებში მოწყობილ გოლფის მოედანზე მიგვიწვიეს. ინტერესში ჩავარდნილებს იქაურობა არ გვეთმობოდა, მაგრამ წინ არანაკლებ შთამბეჭდავი რამ გველოდა – ანტიკვარული ღია მანქანით პრაღაში გასეირნება.
"ჩვენი ხორცი" და რომან ტლუსტის ტყავი
ჩეხეთში ყოფნის ბოლო – მესამე დღე გემრიელად დაიწყო. საუზმის შემდეგ გეზი ქალაქის ცენტრში მდებარე პატარა ხორცის მაღაზიისკენ ავიღეთ. "ჩვენი ხორცი" – ასე ქვია ფირმას, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია ქვეყანაში. დახლი სხვადასხვა ასორტიმენტის ხორცითაა აჭრელებული. რამდენიმე წუთიც და პირველი კერძიც მოვიდა – გახუხული პურის ნაჭერზე დადებული ფარშირებული ხორცი, რომელიც არათუ შემწვარი ან მოხარშული, ნორმალურად გაცხელებულიც კი არ იყო.
"ალბათ შეამჩნევთ, იმის მიუხედავად, რომ ხორცი უმია, ძალიან გემრიელია. ეს იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვზრდით ცხოველებს ქალაქგარეთ მდებარე ფერმაში და რაც მთავარია, ერთი საიდუმლო რეცეპტიც გვაქვს – საქონელს დაკვლიდან დაახლოებით თვენახევარი მაცივარში ვინახავთ. ეს ხორცს უფრო გემრიელს ხდის – გვითხრა მაღაზიის მეპატრონემ.
ჩვენს დასკვნით დღის წესრიგში კი აუთვისებელი ერთადერთი პუნქტი დარჩა – ტყავის საწარმო.
ქალაქის გარეუბანში, ერთ მოზრდილ დარბაზში მოწყობილი სახელოსნო, რომელშიც მხოლოდ 12 ადამიანი მუშაობს, დამფუძნებელ რომან ტლუსტის განცხადებით არა მარტო პრაღაში, არამედ მთელ ჩეხეთში უკონკურენტოა და საზღვარგარეთიდანაც მრავლად იღებს შეკვეთებს. ძირითადად ტყავის ჩანთებს, ქამრებს, საფულეებს და სამაჯურებს ამზადებენ. ვიდრე დარბაზს მოგვატარებდა, მასპინძელმა ლამაზი ტყავის საფულეებით დაგვასაჩუქრა.
და ბოლოს...
ჩეხური ვიზიტის ყველა ოფიციალური საკითხის ამოწურვის შემდეგ რამდენიმე საათი კიდევ დამრჩა პრაღის ქუჩებში სახეტიალოდ და შემორჩენილი კრონების დასახარჯად. ბოლო ხურდები კი პრაღის აეროპორტში შემთხვევით აღმოვაჩინე რომან ტლუსტისგან ნაჩუქარ საფულეში და ხელბარგი რამდენიმე "ველკოპოპოვიცკი კოზელით" დავამძიმე.
ავტორის ფოტოები
®