ჩოგბურთი

18:40 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამელბურნო ფინალების მოლოდინით

პირველად ჩოგბურთის ისტორიაში დიდი სლემის ტურნირის ფინალში შესაძლოა ორმა შვეიცარიელმა ითამაშოს. სტანისლას ვავრინკამ ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში ჩეხ ტომაშ ბერდიხს 6:3, 6:7 (1:7), 7:6 (7:3), 7:6 (7:4) მოუგო, როჯერ ფედერერს კი გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლების მოპოვება ხვალ რაფა ნადალის დამარცხებით შეეძლება.

ვავრინკასა და ბერდიხის ნახევარფინალში 3 სეტის ბედი ტაიბრეიკმა გადაწყვიტა. 28 წლის თანატოლთა ორთაბრძოლაში შვეიცარიელმა მეტი ყისმათი გამოავლინა და ფინალის საგზურსაც დაეუფლა. ვავრინკასა და ბერდიხის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 9:5 გახდა როჯერ ფედერერის თანამემამულის სასარგებლოდ.

“წლიდან წლამდე ვაუმჯობესებ თამაშს, თუმცა, ავსტრალიის ჩემპიონატის ფინალში გასვლას არ ველოდი. ამჟამად კარიერის პიკზე ვარ, უფრო მოწიფული გავხდი, კარგა ვიცი, როგორ გადავლახო სხვადასხვა სახის წნეხი და მთლიანად გარეშე ფაქტორები”, - ამგვარი რეზიუმე გაუკეთა ვავრინკამ საკუთარ გამოსვლას.

ქალთა ერთეულთა ფინალს რაც შეეხება, ჩინელ ნა ლის ოპონენტი სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა იქნება. პირველმა მათგანმა ნახევარფინალში 19 წლის კანადელ ეჟენი ბუშარს მოუგო (6:2, 6:4), მეორემ კი პოლონელ აგნეშკა რადვანსკას ასევე 2 სეტით სძლია (6:1, 6:2).

0.119243