მართლაც დიდი შანსია, კატალონიის „ბარსელონა“ მიმდინარე წელს უტიტულოდ დარჩეს, რაც უკანასკნელი სეზონების შემდეგ, ნამდვილი კატასტროფა იქნება. ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, მადრიდის „რეალმა“ ხერარდო მარტინოს გუნდი დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.
მატჩამდეც ცნობილი იყო, რომ ორივე გუნდს საკადრო პრობლემები ჰქონდა. მადრიდელებმა მთავარი ვარსკვლავის - კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ითამაშეს. „სამეფო კლუბის“ დამრიგებელი გუშინვე აცხადებდა, რომ პორტუგალიელის არყოფნა მისი გუნდისთვის დამატებითი მოტივაცია იყო. ასეც გამოვიდა - „რეალის“ ფეხბურთელებმა მაქსიმალური მობილიზებით ითამაშეს და სასურველ შედეგს მიაღწიეს.
მადრიდელებმა სწრაფი გოლის გატანა მოახერხეს და საქმე მნიშვნელოვნად გაიადვილეს. მე-11 წუთზე, ანხელ დი მარიამ მარცხენა ფეხით დაჰკრა ანჩელოტის გუნდი წინ გაიყვანა. პირველ ტაიმში, „ბარსელონა“ ქაოტურად თამაშობდა და გააზრებული შეტევების წარმართვას ვერ ახერხებდა. „რეალი“ შედარებით მშვიდად გამოიყურებოდა და თავის შანსს ელოდა. ასე იყო თუ ისე, მადრიდელებმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
შეხვედრის მეორე ნახევარში, ხერარდო მარტინოს გუნდმა თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორა. კატალონიელებმა ბურთი დაიჭირეს და მეტოქის საჯარიმოსაც მიუახლოვდნენ. 68-ე წუთზე, კუთხურისას შეტევაში ჩართულმა მარკ ბარტრამ ზუსტი თავური დარტყმა შეასრულა და წონასწორობა აღადგინა - 1:1.
ამის შემდეგ, „ბარსელონამ“ თითქოს ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა და გააქტიურდა, მაგრამ ეს მონაკვეთი ხანმოკლე აღმოჩნდა. კატალონიელთა იმედებს ცივი წყალი გარეტ ბეილმა გადაასხა, რომელმაც მარკ ბარტრას არნახული სიჩქარით ჩაუქროლა, მეტოქის საჯარიმოში შევიდა და ბურთი ხოსე მანუელ პინტოს კარის ბადეში მოათავსა - 1:2.
მატჩის დასრულებამდე 5 წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი და „ბარსას“ ისღა დარჩენოდა, შეტევაში გადასულიყო. მარტინოს გუნდს ყველაზე რეალური საგოლე მომენტიც უკანასკნელ წუთებში ჰქონდა - მეკარესთან თითქმის პირისპირ დარჩენილმა ნეიმარმა ახლო მანძილიდან ბურთი ძელს გაარტყა.
მცდელობის მიუხედავად, „ბარსელონამ“ თამაშში გარდატეხის შეტანა ვეღარ მოახერხა და სამეფო თასი „სამეფო კლუბს“ დაუთმო - 1:2.
ვალენსია. „მესტალია“. 52600
ბარსელონა - რეალი 1:2 (0:1)
ბარსელონა: პინტო, ალვესი, ალბა (ადრიანო 46), ბარტრა (სანჩესი 86), მასკერანო, ფაბრეგასი (პედრო 60), ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, მესი, ნეიმარი.
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
რეალი: კასილიასი, რამოსი, პეპე, კოენტრაუ, კარვახალი, ალონსო, მოდრიჩი, ბეილი, დი მარია (ილირამენდი 86), ისკო (კასემირო 89), ბენზემა (ვარანი 90).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლი: 0:1 დი მარია (11), 1:1 ბარტრა (68), 1:2 ბეილი (85)
გაფრთხილება: ნეიმარი (17), მასკერანო (53) - ისკო (3), პეპე (17), ალონსო (88)
კარში დარტყმა: 12 (4) – 18 (7) ჯარიმა: 5 - 8 კუთხური: 7 - 5 თამაშგარე: 5 - 1 ბურთის ფლობა: 68% - 32% სეივი: 5 – 3