ჭიდაობა

11:06 | 9.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

სამბოს ბელარუსულ დღეებს სამი წონა გახსნის

დღეს მინსკში, სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ჩაერთვება. ქართული დელეგაცია ბელარუსში ორი კვირის წინ ჩავიდა და წინასატურნირო დასკვნითი შეკრება სტაიკის ცნობილ ბაზაზე გაიარა.
შეგახსენებთ,მსოფლიოს ჩემპიონატის სამზადისში ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა - არჩილ ჩოხელი ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციისას დაიღუპა და გუნდი სეზონის უმთავრესი ტურნირისთვის ვანო არაბულმა, ავთანდილ ცინცაძემ და ემილ რაშმა მოამზადეს.
სტაიკიში გუნდი შემდეგი შემადგენლობით ჩავიდა: ნუკრი ბერაია (52 კგ), უშანგი კუზანაშვილი (57 კგ), ლევან ქოჩიევი (62 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), ბესარიონ ბერულავა (74 კგ), ნიკო კუცია (82 კგ), გიორგი ბაინდუროვი (90 კგ), მირიან პავლიაშვილი (100 კგ), ნოდარ მეტრეველი (+100 კგ). ორიოდ დღის წინ კი განაცხადში ერთი ისეთი ცვლილება მოხდა, კულუარებში ადრიანადვე რომ ვარაუდობდნენ – ნაკრების ხელმძღვანელობამ პავლიაშვილი ლევან ჟორჟოლიანით ჩაანაცვლა.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 52, 69 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. ხვალ - 57, 74 და 100 კილოგრამებში, ხოლო ზეგ - 62, 82 და +100 კილოგრამებში.
მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ქალთა ნაკრებიც ჩაერთვება, ოღონდ მხოლოდ ორი სპორტსმენით. შორენა შარაძე (64 კგ) და ირინე ლეონიძე (80 კგ) 10 ნოემბერს იჭიდავებენ.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.122749