10-14 ნოემბერს ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, საქართველოს ეროვნული ნაკრები კი მსოფლიოს პირველობაზე ოპტიმალური შემადგენლობით გაემგზავრება.
დღეს, სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა თეიმურაზ გიორგაძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გალდავამ ჟურნალისტებთან ნაკრების მზადების შესახებ სამბოს “სპორტის სასახლეში" ისაუბრეს. გაცხადდა, რომ ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ძიუდოისტებით გაძლიერდა – ვილნიუსში ლევან ჟორჟოლიანი და დავით ლორიაშვილი იჭიდავებენ.
გიორგი გალდავა: “სამბოში მოჭიდავე ბიჭები ქართული ჭიდაობიდან არიან მოსული, რაც მათ წარმატებას განაპირობებს. სამბისტები მედლებით ყოველ წელს გვანებივრებდნენ და ასე იყო წლეულსაც, როდესაც ჭაბუკებმა და ახალგაზდებმა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იყოჩაღეს. ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ნაყოფიერად მოემზადა და მჯერა, ლიტვაში წარმატებასაც მოიპოვებს”.
თეიმურაზ გიორგაძე: “ნაკრებმა სრულყოფილი მოსამზადებელი შეკრება გაიარა, შემადგენლობა ოპტიმალურია, რაც იმედიანად განგვაწყობს. ბიჭები შემართებით ემზადებიან, ეს კი გვაფიქრებინებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი შედეგიანი და წარმატებული იქნება. ქართველი გულშემატკივრის გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ”.
მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში. 10-14 ნოემბერი. ვილნიუსი (ლიტვა)
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
კაცები
52 კგ. – ავთანდილ ცინცაძე
57 კგ. – უშანგი კუზანაშვილი
62 კგ. – დავით სვიმონიშვილი
68 კგ. – ლევან ნახუცრიშვილი
74 კგ. – კახა მამულაშვილი
82 კგ. – ნიკო კუცია
90 კგ. – ლაშა გურული
100 კგ. – ლევან ჟორჟოლიანი
+100 კგ. – დავით ლორიაშვილი
ქალები
64 კგ. – შორენა შარაძე
72 კგ. – ნინო ოძელაშვილი
80 კგ. – ირინე ლეონიძე
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ გიორგაძე.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური