საქართველოს სამბოს ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი შეაჯამა. 8-10 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა 8-8 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონები გახდნენ. თავი არც გოგონებმა შეირცხვინეს – 4 მედალი აიღეს და რაც მთავარია, სამბოს ისტორიაში პირველად, ქართველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონატის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
პრესკონფერენციაზე სამბოს ფედერაცია სრული შემადგენლობით გამოცხადდა. მათთან ერთად, დარბაზში მსხდომ ჟურნალისტებსა და ახალგაზრდა და ჭაბუკ სპორტსმენებს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა გია გალდავამაც მიმართა. ოფიციალური კომენტარების შემდეგ კი მისალოცი განცხადებებისთვის სიტყვა ვეტერან სამბისტებსაც მისცეს.
“მსოფლიოს პირველობა სახალხო ზეიმად უნდა ქცეულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არასათანადო გაშუქებაა. როგორ არ ვცადეთ, მაგრამ ტელევიზიების სათანადო ყურადღება ვერ დავიმსახურეთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, გადაცემა “არენაში” ვითხოვეთ მსოფლიოს ჩემპიონატის შეჯამებისთვის დრო დაეთმოთ ჩვენთვის, მაგრამ გვიპასუხეს, რომ თურმე ერთი თვის გეგმა წინასწარ ჰქონიათ გაწერილი. სამწუხაროდ, ეს სიტყვები გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ასეა თუ ისე, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და მინდა მადლობა ვუთხრა ბიჭებს, რომლებმაც ბრწყინვალედ იჭიდავეს. ასევე მწვრთნელებს – ბადრი ჯანიაშვილსა და ემილ რაშს და ყველას, ვისაც წარმატებაში თუნდაც პატარა წვლილი მიუძღვის. 1993 წლის შემდეგ, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში ერთდროულად მსოფლიოს ჩემპიონები პირველად გავხდით და ამით ყველაფერია ნათქვამი. მსოფლიოს ჩემპიონატზე სამეულში შესულ ახალგაზრდა სამბისტებს გარჯა წლის ბოლოს საკადრისად დაუფასდებათ. დღეს გადმომცეს პრეზიდენტის განკარგულება, რომლის თანახმადაც მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორი ახალგაზრდები ფულად პრემიებს მიიღებენ. ჭაბუკებისთვის სამწუხაროდ ასეთი წახალისება არ არსებობს, მაგრამ ბიჭებს პირობას ვაძლევ, რომ მათთვის ფედერაცია გამოძებნის თანხას” – განაცხადა სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ იაძემ.
სამბისტებს წარმატება სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმაც მიულოცა, რომელიც პრესკონფერენციას რამდენიმე წუთით შეუერთდა. სპორტის დეპარტამენტის უფროსმა გია გალდავამ კი შედარებით ვრცელი კომენტარი გააკეთა:
“მადლობა ყველას, ვინც ქართველი ქომაგების გასახარებლად საქმეში სული და გული ჩააქსოვა. უშუალოდ სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მუდამ ჩრდილში რჩებიან. სამბოს ფედერაცია ერთადერთია, რომლის ხელმძღვანელობაც ევროპისა და მსოფლიოს პირველობების შემდეგ ნაკრების წევრთა შედეგებს ზეპირად არ აცხადებს. უკვე ტრადიციად იქცა, სამბისტები იმდენ მედლებს აგროვებენ ხოლმე, რომ ზეპირად გადმოცემა ძნელია. ეს შედეგიანობა უდიდესი შრომის ნაყოფია. წინ უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც ნოემბრის დასაწყისში ტაშკენტში გაიმართება. მინდა საქართველოს ნაკრების წევრებს წარმატება ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, თავს არ შეირცხვენენ”.
სეზონის დასრულებამდე სამბისტებს საერთაშორისო კალენდარში უმთავრესი შეჯიბრი – მსოფლიოს ჩემპიონატიღა დარჩათ, რომელსაც 4-8 ნოემბერს, ტაშკენტი უმასპინძლებს. ოლეგ იაძის გუნდი ჩემპიონატისწინა დასკვნით შეკრებაზე ამ დღეებში გადაერთვება.
ოთარ მაღლაკელიძე