ჭიდაობა

17:56 | 3.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტებმა თავიანთი სპორტის სასახლე გახსნეს

დღეს, ვაკეში, ყოფილი სპორტის აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამბოს „სპორტის სასახლე" ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიალს საქართველოს სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და თბილისში საგანგებოდ ამ დღისათვის ჩამოსული, სამბოს საერთაშორისო ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით რუდმანი დაესწრნენ.
შენობა, რომელიც წლების წინ ძიუდოისტებს ეკუთვნოდათ, სამბისტებს შარშან გადაეცათ. მათ კი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გაარემონტეს. გაკეთდა სავარჯიშო დარბაზი, საშხაპეები და ყველა პირობა შეიქმნა იმისთვის, რომ სამბისტთა ძირითადი და ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა და კანდიდატებმა ეროვნული თუ საერთაშორისო ტურნირებისთვის სრულფასოვანი მომზადება შეძლონ. საქართველოს სამბოს ფედერაციაც ამ შენობაში დაიდებს ბინას.
"საქართველოში ჭიდაობა და კონკრეტულად სამბო ძალიან უყვართ. ამ სახეობაში ქართველი სპორტსმენები, ტრადიციულად, დიდ წარმატებებს აღწევენ. გყავთ ძალიან ძლიერი მოჭიდავეები. ახალი დარბაზის გახსნა კი მომავალ გამარჯვებებს ჩაუყრის საფუძველს. მჯერა, აქ ბევრი ახალი პერსპექტიული ახალგაზრდა გამოჩნდება და ეს ახალგაზრდები წლების შემდეგ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე თავიანთ სიტყვას იტყვიან” – განაცხადა დავიდ რუდმანმა.

ოთარ მაღლაკელიძე

0.116987