5-6 ნოემბერს, ტაშკენტში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველოს სამბისტთა ნაკრების ხელმძღვანელობამ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ტრადიციულად, პრესკონფერენცია მოაყოლა. ოლეგ იაძის ცხრა შეგირდიდან ხუთმა მედალი მოიპოვა და ქართულმა გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. დავით სვიმონიშვილი (62 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ) და ლევან წიკლაური (82 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ხოლო მინდია ბოდაველი (90 კგ) და ალექსი დავითაშვილი (+100 კგ) ბრინჯაოს დაეუფლნენ.
მედლის მოპოვება შეიძლება სხვა სახეობების წარმომადგენელთათვის ტრიუმფალური შედეგი იყოს, მაგრამ სამბისტებისთვის ნებისმიერი ჩემპიონატიდან ოქროს გარეშე დაბრუნება წარუმატებლობას ნიშნავსო – განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და წესისამებრ, გუნდის ცხრავე წევრის გამოსვლაზე კონკრეტულად ისაუბრა:
“52 კილოგრამ წონით კატეგორიაში უშანგი კუზანაშვილმა ბოლოჯერ იჭიდავა. ტიტულებით თუ ვიმსჯელებთ, ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ ეს უშედეგობა ლოგიკური იყო. ჩემპიონატის წინ 11 კილომდე დაიკლო, რამაც მის გამოსვლაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. მომავალი წლიდან 57 კილოგრამში გადაინაცვლებს და თუ მოინდომებს, იქაც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. ცნობისთვის, ამ ჩემპიონატზე ფინალში სწორედ 52 კილოგრამიდან ახლადანაცვლებული სპორტსმენები გავიდნენ. ისეთები, რომელთაც კუზანაშვილი ლამის ცალი ხელით უგებდა ხოლმე.
ავთანდილ ცინცაძე (57 კგ) სამეულს მიღმა დარჩა, მაგრამ მის გამოსვლაზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. რაც შეუძლია, მაქსიმუმს აკეთებს, თუმც საპრიზო ადგილის დასაკავებლად ეს საკმარისი არაა და ალბათ მომავალი წლიდან ნაკრებში ადგილს დაკარგავს.
დავით სვიმონიშვილი (62 კგ) მზარდი სპორტსმენია და მის ფინალში გასვლას წარმატებად მივიჩნევ. ლევან ნახუცრიშვილმა (68 კგ) კი ისეთი რამ გააკეთა, რაც აქამდე არავისგან მინახავს. ფინალში მოწინააღმდეგემ მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა. საშინლად უიმედო მდგომარეობა იყო, მაგრამ ცოცხალი თავით არ დანებდა. ლამის ხალიჩაზე შევვარდი, მსაჯს ვთხოვდი შეხვედრა შეეწყვიტა. ბოლოს მართლაც შეწყვიტა, მაგრამ ლევანის დანებების გარეშე. ხელზე იოგები დაწყვეტილი აქვს და მკურნალობას საჭიროებს. შეგახსენებთ, ნახუცრიშვილი ახალგაზრდებიდან დიდებში წლეულს გადმოვიდა და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ფინალში იჭიდავა. იგი წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელების უმთავრესი კანდიდატია.
კახა მამულაშვილს (74 კგ) მედლამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გამოეთიშა, ხოლო შემდეგ რეპეშაჟის ფინალშიც წააგო და მე-5 ადგილი დაიკავა.
82 კილოგრამში ლევან წიკლაურმა იჭიდავა და ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონიც გახდებოდა, რომ არა ერთი მომენტი – ლევანი ძიუდოისტთა ნაკრების წევრიცაა და ერთ კვირაში საქართველოს ჩემპიონატზე უნდა გამოვიდეს, რათა ნაკრებში ადგილი შეინარჩუნოს და ლონდონის ოლიმპიადისთვის სამზადისში ჩაერთოს. რომ არა მომავალი ჩემპიონატი, ტაშკენტში ფინალში მოწინააღმდეგეს არაფრით არ დანებდებოდა. შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე, მაშინ, როდესაც იგებდა, მტკივნეულ ილეთზე წამოეგო და მომენტალურად დანებდა. რომ არ ეჩქარა, თავის დახსნაც შეეძლო. თუ ამას ვერ მოახერხებდა, იმ ნახევარ წუთსაც გაუძლებდა, მაგრამ არ გარისკა, ტრავმას მოერიდა. ლევანის კარგად მესმის და ვერაფრით ვერ გავაკრიტიკებ.
მინდია ბოდაველი (90 კგ) მეტოქის შეუფასებლობამ დაღუპა. პირველსავე წრეში 20 წლის ტაჯიკ სამბისტთან დამარცხდა. ამ უკანასკნელმა ახლახან, თბილისში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც იჭიდავა, მაგრამ უშედეგოდ. ტაშკენტში კი ფინალში გავიდა. ბოდაველი პირველსავე წრეში დაამარცხა, თან შეხვედრის დასაწყისშივე 8 ქულა აუღო. ასეთი რამ მინდიასთვის ბოლო წლებში არავის გაუკეთებია. მართალია ნელ-ნელა მოეგო გონს, მაგრამ მხოლოდ ის მოასწრო, რომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 7:8. ამ იმედგაცრუების შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო, ყველა მეტოქეს აჯობა და ბრინჯაოს დაეუფლა.
მირიან პავლიაშვილი (100 კგ) ძველებურად ჭიდაობას ვეღარ ახერხებს და ამის მთავარ მიზეზად მისი ასაკი მიმაჩნია. ამ ბიჭმა ქართული სამბოსთვის ძალიან ბევრი გააკეთა, რაც შეეძლო ყველაფერი მოიგო და როგორც თავადვე აღნიშნა, ნაკრებში გამოსვლას ასრულებს. Aქტიურ სპორტს ემშვიდობება მძიმეწონოსანი ალექსი დავითაშვილიც (+100 კგ). მისი ტაშკენტური შედეგით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ფინალში გასვლა მომავალ ჩემპიონთან, რუს ვიტალი მინაკოვთან მარცხის გამო ვერ შეძლო, მაგრამ აქვე გეტყვით, მინაკოვს ბოლო 3 წლის განმავლობაში 2 შეხვედრის გარდა ყველა დიდი უპირატესობით აქვს მოგებული. იმ 2 ბრძოლაში 1:0 იმარჯვა და ორივეჯერ დავითაშვილთან”.
უზბეკეთში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა 34 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო, რასაც სამბოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობა სერიოზულად შეუფიქრიანებია. ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს პირველობის მონაწილეთა რიცხვი 20-ით შემცირებულა და მიზეზების გასარკვევ-გამოსასწორებლად საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდიუმის მომავალ სხდომაზე ისაუბრებენ.
ოლეგ იაძის განცხადებით, მომავალ წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მინიმუმ 4-5 ცვლილება განხორციელდება. იქამდე კი... ათიოდ დღეში საქართველოს სამბოს ფედერაცია სეზონის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს და 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენებისა და მწვრთნელების სამეულებს დაასახელებს. წლის ბოლოს, წარმატებული სპორტსმენები სახელმწიფოსგან დაწესებულ კუთვნილ პრემიალურ თანხებს მიიღებენ, ნაახალწლევს კი სამბისტები ახალი დარბაზის პრეზენტაციას მოაწყობენ. სპორტის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძიუდოს ყოფილი დარბაზი უკვე სამბოსია და იანვრიდან აქტიურადაც დაიტვირთება.
ოთარ მაღლაკელიძე