“შარშანდელ ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, უარესი შედეგი ვაჩვენეთ, მაგრამ ამ შედარებას რომ თავი დავანებოთ და სამბისტთა წლევანდელი მიღწევა სხვა სახეობათა ნაკრებების მიერ ევროპირველობაზე ნაჩვენებ შედეგებს შევადაროთ, მაშინ უპირატესობა მაინც ჩვენს მხარესაა” – უთხრა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ იაძემ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს გამართული პრესკონფერენცია 13-14 მაისს, სოფიაში ჩატარებულ ევროპირველობას მიეძღვნა და მასმედიისთვის შეგირდების ნაჭიდავები იაძემ დაწვრილებით შეაჯამა.
“ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. ოღონდ ეგაა, მხოლოდ 21 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში ნელ-ნელა იკლებს, რაც რუსების არასწორი მიდგომის ბრალია. თავად უშლიან ხელს ამ სახეობის საზღვრების გაზრდას. ეშინიათ, რომ უპირატესობას დაკარგავენ, მას შემდეგ, რაც სამბო ოლიმპიური სახეობა გახდება. ევროპირველობის პარალელურად, ბულგარეთში საერთაშორისო ფედერაციის კონგრესიც გაიმართა და მაშინ პირდაპირ ვთქვი, რომ ასეთი პოლიტიკით რეგრესი მომავალშიც გაგრძელდება და ბოლოს შეიძლება ერთმანეთს რამდენიმე ქვეყანაღა შევრჩეთ. რამდენიმე ქვეყნის დელეგატმა მხარი აქტიურად დამიჭირა. რაც შეეხება უშუალოდ ტურნირს, სულ მარტივად შეიძლებოდა, ორი ოქროს მედალი მოგვეპოვებინა. კახა მამულაშვილი (74 კგ) ფინალში იმ მეტოქესთან დამარცხდა, ვისთანაც აქამდე პრობლემა არასოდეს შექმნია. უკვე მეორედ წააგო გადამწყვეტი ორთაბრძოლა. ეს ფსიქოლოგიური ბარიერი აუცილებლად უნდა დაძლიოს. ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა მინდია ბოდაველსაც (90 კგ), მაგრამ მამულაშვილისგან განსხვავებით, მისი მარცხი შედარებით კანონზომიერი იყო. უძლიერეს მოწინააღმდეგესთან – ბელარუს ანდრეი კაზუსიონოკთან წააგო. ალბათ, გახსოვთ ეს ძიუდოისტი თბილისში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიდან, როდესაც ფინალში ვარლამ ლიპარტელიანს მოუგო. ვთვლი, რომ ბოდაველი მასთან უშანსოდ სულაც არაა. ზედმეტი რისკის გარეშე უნდა ეჭიდავოს და აჯობებს. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და ბოდაველ-კაზუსიონოკის კონკურენცია იქ გაგრძელდება. ყველაზე შედეგიანად უშანგი კუზანაშვილმა იჭიდავა, რომელიც ახალ წონაში – 57 კილოგრამში გამოდიოდა. მართალია, მხოლოდ სამი შეხვედრა მოიგო, მაგრამ სამივე უმთავრეს კონკურენტებთან. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მოუმატებს და მსოფლიოს ჩემპიონატზეც უმაღლესი ტიტულისთვის იბრძოლებს. 68 კილოგრამში შანსი ბექა იმერლიშვილს მივეცით, რაც მნიშვნელოვანწილად მისი წლევანდელი საერთაშორისო წარმატებებით იყო გამოწვეული. არადა, ამ წონაში ლევან ნახუცრიშვილი გვყავს, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატებზე ვერცხლის მედლები მოიპოვა. წლევანდელ მსოფლიოზე კვლავ ნახუცრიშვილი იჭიდავებს. იმერლიშვილმა კი, სოფიაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ასევე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნიკოლოზ კუციამ (82 კგ) და მირიან პავლიაშვილმა (100 კგ). კუციას ფინალში გასვლაში ხელი აშკარად არაობიექტურმა მსაჯობამ შეუშალა. ახალგაზრდა ბიჭია და მისგან მსოფლიოს ჩემპიონატზეც კარგ ჭიდაობას ველი. პავლიაშვილი კი, მართალია, უკვე ჩვენი ვეტერანია, მაგრამ ამ წონაში მასზე უკეთესი არავინ გვყავს. ტიტულოვანი სპორტსმენია და ისევ მასზე გავაკეთებთ არჩევანს. სამომავლოდ დიმიტრი მუმლაძისაც (52 კგ) გვეიმედება. ძალიან მონდომებულია და პერსპექტიულიც. რაც შეეხება დავით სვიმონიშვილს (62 კგ), ამჯერად, ჩვეულად ვერ გამოვიდა, რაც იმის ბრალია, რომ წონა ჰქონდა მომატებული. ნელ-ნელა ამ პრობლემასაც მოევლება - მსოფლიოს პირველობაზე კი, 62-ში ნესტორ ხერგიანს დავაყენებთ. რაც შეეხება მძიმე წონას, რომ არა გადამწყვეტ მომენტში დაშვებული შეცდომა, ვახტანგ ზოიძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდებოდა. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 28 ქულა დავაგროვეთ და მესამე ადგილზე გავედით. პირველი ადგილი 45-ქულიანმა რუსეთმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილი – 41-ქულიანმა ბელარუსმა” – განაცხადა ოლეგ იაძემ.
სამბისტთა ნაკრების თავკაცმა და ამავდროულად, სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა პრესკონფერენციის ბოლოს ჟურნალისტებს ერთი პრობლემის გაშუქებაც სთხოვა:
“ილიას უნივერსიტეტის ფიზკულტურის კათედრაზე წლეულს ორ სამბისტს უნდა ჩაებარებინა, მაგრამ მოულოდნელად უარით გამოისტუმრეს, აქაოდა, სამბოსთვის ადგილი არ გვაქვსო”.
იაძემ პრობლემის მოსაგვარებლად სპორტის სამინისტროს მიმართა და როგორც მინისტრის მოადგილემ, გია გალდავამ პრესკონფერენციაზევე განაცხადა, ეს შეზღუდვა მხოლოდ ერთწლიანი იქნება.
ოთარ მაღლაკელიძე
ლექსო მაისურაძის ფოტო