ჭიდაობა

16:34 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტებმა სალონიკი სამინისტროში შეაფასეს

 

საქართველოს სამბოს ფედერაციამ, 11-14 ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ჩატარებულ მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლა დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. საბერძნეთმოვლილ ჭაბუკ და ახალგაზრდა სპორტსმენებს სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ უმასპინძლა. მასთან ერთად პრესკონფერენციაში მონაწილეობა სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ლიპარტელიანმაც მიიღო.

დოლაბერიძემ და ლიპარტელიანმა სამბისტებს და ნაკრებების მწვრთნელებს სეზონის უმთავრეს შეჯიბრზე უხვმედლიანად გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადეს. სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სამბო ქართული სპორტის ერთ-ერთი წარმატებული სახეობაა და სასიხარულოა, რომ ამ ტრადიციას ჭაბუკი და ახალგაზრდა სამბისტებიც განაგრძობენ. მანვე ნოემბერში სანქტ პეტერბურგში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატიც ახსენა და ეროვნულ ნაკრებს ქართველი გულშემატკივრების გახარება უსურვა.

ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ცინცაძემ და ჭაბუკთა ნაკრების თავკაცმა მირიან პავლიაშვილმაც აღნიშნეს, რომ შეგირდების ჭიდაობით და შედეგით კმაყოფილნი დარჩნენ, მაგრამ ცინცაძემ მსაჯების მიერ დაშვებულ შეცდომებზეც გაამახვილა ყურადღება – ეს რომ არა, საერთო გუნდურ ჩათვლაში ორივე ასაკობრივ ჯგუფში მეორე ადგილს არ დავიკავებდითო.

შეგახსენებთ, ქართულმა დელეგაციამ მსოფლიოს პირველობაზე 3 ოქროს, 5 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ყველაზე შედეგიანად ჭაბუკთა გუნდმა იჭიდავა, სადაც ათი წონითი კატეგორიიდან მედლის მოპოვება 8 სპორტსმენმა შეძლო. ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე 1 ოქრო, 3-3 ვერცხლი და ბრინჯაოა. გოგონებში კი სულ ოთხი ქართველი გავიდა ხალიჩაზე და სამი მათგანმა საპრიზო სამეულშიც მოხვდა.

 

ჭაბუკები

გიორგი მეტრეველი (60 კგ) - ოქრო

ირაკლი კუპატაძე (52 კგ) - ვერცხლი

აპოლონ ზურაბიანი (75 კგ) - ვერცხლი

თორნიკე ჭოველიძე (65 კგ) - ბრინჯაო

გიგა ნოზაძე (70 კგ) - ბრინჯაო

ირაკლი გოგია (81 კგ) - ბრინჯაო

ჯონი ჭითანავა (87 კგ) - ბრინჯაო

გიორგი ლაზუაშვილი (+ 87 კგ) - ბრინჯაო

 

ახალგაზრდები

უშანგი მარგიანი (82 კგ) - ოქრო

თეიმურაზ ხაჩიძე (90 კგ) - ვერცხლი

თორნიკე ოთინაშვილი (100 კგ) - ვერცხლი

გუგა კიბორძალიძე (+ 100 კგ) - ვერცხლი

გიორგი მელქუაშვილი (48 კგ) - ბრინჯაო

თორნიკე მუზაშვილი (57 კგ) - ბრინჯაო

მოხეილ მეზურნიშვილი (74 კგ) - ბრინჯაო

 

გოგონები

ელენე ქებაძე (+ 80 კგ) - ოქრო

ნინო მარტიაშვილი (60 კგ) - ბრინჯაო

თეონა სუხიტაშვილი (68 კგ) - ბრინჯაო


0.208483