საქართველოს სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელებმა მოსკოვში გამართული ევროპის ჩემპიონატის შედეგები ვაკის სამბოს დარბაზში შეაჯამეს. პრესკონფერენციაზე სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ლიპარტელიანმა კონკრეტულად რუსული ევროპირველობის გარდა, ზოგადად ქართული სამბოს წლევანდელ შედეგიანობაზე და სამომავლო გეგმებზეც გააკეთა კომენტარი.
“სეზონი ორ ეტაპად გავყავით. პირველი ეტაპი სწორედ რუსული ევროპირველობით დაგვირგვინდა. მეორე კი სექტემბერში დაიწყება, როდესაც ჩვენი ძირითადი და ასაკობრივი ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისს შეუდგებიან. წლევანდელი შედეგიანობით კმაყოფილი ვარ. ევროპის ჩემპიონატებზე ძირითადმა, ახალგაზრდულმა და ჭაბუკთა ნაკრებებმა სულ 24 მედალი გამოიმუშავეს. მოსკოვში გუნდმა არაობიექტური მსაჯობის მიუხედავად, მაინც შეძლო 2 ოქროს მოგება. უშანგი კუზანაშვილმა და ნოდარ მეტრეველმა მართლაც ბრწყინვალედ იჭიდავეს. ბესარიონ ბერულავა კი ფინალში რუს მეტოქეს შეხვდა და აშკარად აჯობა, მაგრამ მსაჯებმა წააგებინეს. ამათ გარდა კვარცხლბეკზე კიდევ ხუთი სამბისტი ავიდა, მათ შორის ორი გოგონა. ნაკრების რამდენიმე წევრისგან კი მეტს ველოდით, მაგრამ ამჯერად ვერ მოახერხეს თავიანთი შესაძლებლობების სათანადოდ წარმოჩენა. სეზონის უმთავრესი ტურნირი – მსოფლიოს ჩემპიონატი ნოემბერში მინსკში უნდა გაიმართოს. იქამდე ნაკრები თავიდან დაკომპლექტდება. სექტემბერში საქართველოს პირველობა ნაკრების კანდიდატებს გამოავლენს, რომლებიც შემდეგ საერთაშორისო ტურნირებზე გამოიცდებიან და მინსკის განაცხადში საუკეთესოებს შევიყვანთ”, - განაცხადა სოსო ლიპარტელიანმა.
სეზონის პირველი ეტაპის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ერთხელაც არ გაჟღერებულა ერთი კვირის წინ მოსკოვში ჩატარებული ევროპის სამბოს ფედერაციის არჩევნები, რომელზეც საქართველოს სამბოს ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ნაკრების ასევე ყოფილი მწვრთნელი ოლეგ იაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. საინტერესოა, რომ იაძე ევროპულ თანამდებობაზე ბელარუსებმა წარადგინეს.
ოთარ მაღლაკელიძე