ჭიდაობა

0:40 | 15.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტებმა ევროპა ოქრო-ვერცხლებით გახსნეს

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სამბოში დაბრუნებულმა ნესტორ ხერგიანმა საერთაშორისო არენაზე გასვლა უმალ ოქროს მედლით აღნიშნა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უხვტიტულა მსუბუქწონოსანმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გუშინ დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე წაუგებლად იჭიდავა და 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო.
გუშინვე მინსკის სპორტის სასახლეში საქართველოს ჰიმნი უშანგი კუზანაშვილმაც (52 კგ) დააკვრევინა. კახა მამულაშვილსა (74 კგ) და დავით კარბელაშვილს (90 კგ) კი ოქროს მედლამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.
შეჯიბრის მიმომხილველი ოფიციალური ვებ-გვერდი არ არსებობს და ქართველების მიერ ჩატარებული შეხვედრების დეტალებზეც ვერაფერს მოგახსენებთ. შეგირდების მიერ ნაჩვენები შედეგების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ იაძემ სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახურს შეატყობინა. მოგვიანებით კი ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე სამბოს მოყვარულებმა ფინალისტების სია ჩამოწერეს და ქართველების მეტოქეთა ვინაობაც ამით დავაზუსტეთ.
კუზანაშვილმა ფინალში რუს ტოლობეკ ბეკეტოვს სძლია, ხერგიანმა – მოლდოველ ნაკუ ოკტავიანს. მამულაშვილი უკრაინელ დმიტრი ბაბიიჩუკთან დამარცხდა, ხოლო კარბელაშვილი – რუს ალსიმ ჩერნოსკულოვთან. გუშინვე, მედლები მძიმე წონაშიც გამოვლინდნენ, მაგრამ ვახტანგ ზოიძე სამეულს მიღმა დარჩა.
დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ 4 წონით კატეგორიაში – 57, 68, 82 და 100 კილოგრამებში გათამაშდება, საქართველოს დროშით კი ამირან პაპინაშვილი (57 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), ნიკოლოზ კუცია (82 კგ) და მირიან პავლიაშვილი (100 კგ) იჭიდავებენ.
წინასწარი ინფორმაციით, 57 კილოგრამში ავთანდილ ცინცაძეს უნდა ეჭიდავა, მაგრამ ევროპირველობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ტრავმა მიიღო და იგი მთავარმა მწვრთნელმა პაპინაშვილით ჩაანაცვლა.
 

ოთარ მაღლაკელიძე

0.118065