შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ სამბოში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ შარშანდელის მსგავსად, ცხრავე წონით კატეგორიაში მედლები ერთ დღეში გაათამაშა, ოღონდ თუ მაშინ გულშემატკივრებს ლამის ღამისთევა მოუხდათ, ამჯერად შებინდებამდე უკვე ყველა ჩემპიონ-პრიზიორის ვინაობა ცნობილი იყო. ორგანიზატორებმა რეპეშაჟის წესი არ გამოიყენეს და ნახევარფინალში დამარცხებულები ავტომატურად ბრინჯაოს პრიზიორებად გამოაცხადეს.
სამბოს ახალ შიდა კონკურენციაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ის კანდიდატებიც ჩაერთვნენ, ამ შაბათ-კვირას ვარშავულ “ევროპის ღია ტურნირზე” რომ უნდა იჭიდაონ. პაატა მერებაშვილი (62 კგ) და პაატა ღვინიაშვილი (90 კგ) სულაც ჩემპიონები გახდნენ. ხვიჩა ხუციაშვილმა (82 კგ) და დავით ლორიაშვილმა (100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.
52 კილოგრამში ოქროს მედალი გივი ნადარეიშვილმა მოიპოვა. უმსუბუქესი წონის შარშანდელი ჩემპიონი გენადი ჩირგაძე კი ამჯერად ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 57 კილოგრამში გამოვიდა და ფინალში გააღწია, მაგრამ ვახტანგ ჩიდრაშვილს ზედიზედ მეორედ გაჩემპიონებაში ხელი ვერ შეუშალა.
62 კგ-ში მერებაშვილმა საჩემპიონო ორთაბრძოლაში შარშანდელ ჩემპიონ შმაგი ლაგაზაურს დაძაბულ შეხვედრაში მხოლოდ აქტიურობით აჯობა.
68, 74 და 82 კილოგრამებში შიდა კონკურენციაში უმთავრესმა ფავორიტებმა, ნაკრების გამოცდილმა წევრებმა: ლევან ნახუცრიშვილმა, კახა მამულაშვილმა და ნიკოლოზ კუციამ იმარჯვეს.
90-ში ზუსტად ერთი წლის წინანდელი ფინალი განმეორდა და ღვინიაშვილმა გიორგი იაძეს კვლავ მოუგო. ორ უმძიმეს წონაში კი სხვებზე უკეთ თავიანთი შესაძლებლობები ლაშა გურულმა (100 კგ) და ონისე ბუღაძემ (+100 კგ) გამოავლინეს.
ორგანიზატორებმა ორ წონაში სპეციალური პრიზებიც დააწესეს. ლევან ნახუცრიშვილს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული არჩილ ჩოხელის სახელობის თასი გადაეცა, ხოლო პაატა ღვინიაშვილს – ევროპის ჩემპიონ ვანო გამხიტაშვილის სახელობის თასი.
დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ ჩემპიონატი “მსოფლიო სპორტისთვის” საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონდო მუზაშვილმა შეაჯამა:
“შიდა კონკურენციაში ძირითადად ჩვენთვის კარგად ნაცნობმა მოჭიდავეებმა გამოიჩინეს თავი, თუმცა მინდა აუცილებლად გამოვარჩიო კობა კასოევი, რომელმაც 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში რამდენიმე ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და ფინალშიც ღირსეულად იჭიდავა. ტურნირის აღმოჩენად ამ სპორტსმენს მივიჩნევ და აუცილებლად მივცემ შანსს ნაკრებში დასამკვიდრებლად. 23-24 მარტს მოსკოვში, ხარლამპიევის მემორიალზე საჭიდაოდ თითო წონით კატეგორიაში ორ-სამ კანდიდატს წავიყვან და ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელ შემადგენლობას საუკეთესოებით დავაკომპლექტებ. ევროპირველობა კი წლეულს მაისში, მილანი გაიმართება” – განაცხადა მუზაშვილმა.
სამბო
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
27 თებერვალი
52 კგ
1 გივი ნადარეიშვილი (სამეგრელო-ზემო სვანეთი)
2 ვაჟა ლატარია (სამეგრელო-ზემო სვანეთი)
3 ნუკრი ბერაია (სამეგრელო-ზემო სვანეთი)
3 დიმიტრი მულაძე (შიდა ქართლი)
57 კგ
1 ვახტანგ ჩიდრაშვილი (კახეთი)
2 გენადი ჩირგაძე (იმერეთი)
3 ილია ტყეშელაშვილი (იმერეთი)
3 იოსებ ცერცვაძე (თბილისი)
62 კგ
1 პაატა მერებაშვილი (შიდა ქართლი)
2 შმაგი ლაგაზაური (კახეთი)
3 ზურაბ შველიძე (თბილისი)
3 ლუკა ჯაში (თბილისი)
68 კგ
1 ლევან ნახუცრიშვილი (მცხეთა მთიანეთი)
2 ბექა ტუღუში (სამეგრელო-ზემო სვანეთი)
3 ბექა ბერიაშვილი (თბილისი)
3 ლუკა დადვანი (ქვემო ქართლი)
74 კგ
1 კახა მამულაშვილი (შიდა ქართლი)
2 ბექა ბერულავა (სამეგრელო-ზემო სვანეთი)
3 გიორგი პაპუნაშვილი (შიდა ქართლი)
3 მიხეილ ჩოხელი (კახეთი)
82 კგ
1 ნიკო კუცია (სამეგრელო-ზემო სვანეთი)
2 კობა კასოევი (სამაჩაბლო)
3 გიორგი დილებაშვილი (სამაჩაბლო)
3 ხვიჩა ხუციშვილი (თბილისი)
90 კგ
1 პაატა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)
2 გიორგი იაძე (აფხაზეთი)
3 ნოდარ კუდუხაშვილი (შიდა ქართლი)
3 ფრიდონ ზურაბიანი (მცხეთა მთიანეთი)
100 კგ
1 ლაშა გურული (იმერეთი)
2 გიორგი ქავთარაძე (ქვემო ქართლი)
3 დავით ლორიაშვილი (ქვემო ქართლი)
3 ბექა ბერძენიშვილი (სამცხე ჯავახეთი)
+100 კგ
1 ონისე ბუღაძე (იმერეთი)
2 სლავა რეზესიძე (ქვემო ქართლი)
3 გიორგი ლაზუაშვილი (იმერეთი)
3 დავით ბოჭორიშვილი (იმერეთი)
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო