საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრები რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში 21-24 ნოემბერს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისათვის დასკვნით შეკრებას გორში გადის.
მთავარ მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილის ხელმძღვანელობით, გორის ძიუდოს დარბაზში სულ 20 სამბისტი ვარჯიშობს, საიდანაც მსოფლიო ჩემპიონატზე 14 სპორტსმენი გაემგზავრება.
ქართველი სამბისტები მამაკაცთა შორის 9-ვე წონით კატეგორიაში იბრძოლებენ, საქართველოს 3 წარმომადგენელი ეყოლება ქალთა შორის, 2 სპორტსმენი კი საბრძოლო სამბოში გამოვა.
14-15 ნოემბერს გორის ძიუდოს დარბაზში სამბისტები დასკვნით ვარჯიშებს და საკონტროლო შეხვედრებს მართავენ. რამდენიმე სამბისტს ტრავმა აწუხებს, თუმცა მთავარ მწვრთნელს საბოლოო შემადგენლობა უკვე განსაზღვრული აქვს.
14 ნოემბერს გამართულ საკონტროლო შეხვედრებს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ლიპარტელიანი ვეტერან სამბისტებთან ერთად დაესწრო. მოჭიდავეთა ვარჯიში მოინახულა ძიუდოში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმაც.
ნაკრები გორში შეკრებაზე 19 ნოემბრამდე დარჩება, სანქტ-პეტერბურგში კი სამბისტები 20 ნოემბერს გაემგზავრებიან. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამბოს დაარსების 75 წლისთავი აღინიშნება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე
52 კგ - გივი ნადარეიშვილი
57 კგ - ვახტანგ ჩიდრაშვილი
62 კგ - უშანგი კუზანაშვილი
68 კგ - ლევან ნახუცრიშვილი
74 კგ - კახა მამულაშვილი
82 კგ - ნიკოლოზ კუცია
90 კგ - გიორგი ბაინდუროვი
100 კგ - ლაშა გურული
+ 100 კგ - ნოდარ მეტრეველი
ქალები
60 კგ - შორენა შარაძე
72 კგ - ნინო ოძელაშვილი
80 კგ - ირინა ლეონიძე
საბრძოლო სამბო
82 კგ - დავით ჭაბუკაშვილი
100 კგ - ნიკოლოზ ბიბილაშვილი
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური