ფეხბურთი

11:14 | 20.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამართალდამრღვევი ფეხბურთელები: მარადონა, ბარტონი, დემეტრაძე...

 ბოლო დროს, სამართალდამცავებს საფეხბურთო წრეებში აქტიური მუშაობა უწევთ, რადგან დანაშაულის ფაქტები უფრო და უფრო ხშირდება. ისტორიას არაერთი ფეხბურთელი ახსოვს, რომელთაც სხვადასხვა დროს კანონთან პრობლემები ჰქონიათ. Championat.com-მა რვა ასეთი ფეხბურთელი გამოყო, რომელთა შორის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი დემეტრაძეცაა. აღსანიშნავია, რომ სიაში სამხრეთამერიკელები ჭარბობენ.

 

ბრუნო ფერნანდეს დე სოუზა, (ბრაზილია)

“ატლეტიკო მინეიროს”, “კორინთიანსისა” და “ფლამენგოს” ყოფილი მეკარე ბრუნო ფერნანდეს დე სოუზა თავისი შვილის დედის – ელიზ სამუდიოს მკვლელობაშია ბრალდებული. როგორც კი ეს ფაქტი გახდა ცნობილი, “ფლამენგომ” მეკარეს კონტრაქტი გაუწყვიტა. 2010 წელს, რიო დე ჟანეიროს სასამართლომ დე სოუზა დამნაშავედ სცნო და 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2013 წლის 3 მარტს, საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა – სამუდიო ალიმენტებს ითხოვდა, მაგრამ ფეხბურთელი უარზე იყო და ამის გამო, ლუიშ ენრიკე ფერეირასა და მარკუს აპარესიდუს სამუდიოს მკვლელობა შეუკვეთა. დე სოუზას 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

 

რენე იგიტა (კოლუმბია)

კოლუმბიელმა მეკარემ რენე იგიტამ, ტრეფიკინგში მონაწილეობის გამო, 7 თვე ციხეში გაატარა. 1993 წელს, იგიტამ ორ კოლუმბიელ ნარკობარონს – პაბლო ესკობარსა და კარლოს მოლინას შორის კურიერის ფუნქცია შეასრულა.

 

ედმუნდო ალვეში (ბრაზილია)

ბრაზილიის 3-გზის ჩემპიონი და მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ედმუნდო ალვეში არაორდინალური პიროვნება გახლდათ. შეეძლო, უგონოდ მთვრალ მდგომარეობაში ყოფილიყო და მეორე დღეს მინდორზე გასულიყო. 1995 წელს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ედმუნდომ 3 ადამიანი ცემით მოკლა. სასამართლო პროცესმა რამდენიმე წელიწადს გასტანა. ფეხბურთელი მაშინ დააკავეს, როდესაც 1998 წელს ჩატარებული მუნდიალიდან სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელს მხოლოდ 4.5 წლით აღუკვეთეს თავისუფლება.

 

ბრენო (ბრაზილია)

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მცველი ბრენო, ჯერ კიდევ 5-7 წლის წინათ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. “რეკორდმაისტერმა” ბრაზილიელი დიდი თანხის სანაცვლოდ შეიძინა, მაგრამ აშკარაა, რომ უკანახაზელმა მიუნხენელთა იმედი ვერ გაამართლა. გემახსოვრებათ, 2011 წელს, მთვრალმა ბრენომ ის სახლი გადაწვა, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული. მსაჯულებმა ბრაზილიელი 3 წლითა და 9 თვით ციხეში გაისტუმრეს.

 

დიეგო მარადონა (არგენტინა)

ლეგენდარული დიეგო მარადონას შესახებ ყველამ ყველაფერი ისედაც იცის. “ალბისელესტეს” ყოფილ კაპიტანს მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე, ნიგერიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, ნარკოტიკების მოხმარება დაუდგინეს და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით, ლეგენდარული “ათიანის” სასჯელი 34 თვემდე შემცირდა. მარადონას კანონთან პრობლემები დღემდე აქვს. მას გადასახადების დამალვაში ედება ბრალი. გარდა ამისა, იყო შემთხვევა, როცა მარადონამ ერთ-ერთ ჟურნალისტს პნევმატური იარაღიდან ესროლა...

 

ჯოუი ბარტონი (ინგლისი)

2007 წლის დეკემბერში, ჯოუი ბარტონი ლივერპულის პოლიციამ ჩხუბისთვის დააკავა. პოლიციამ მასთან ერთად აიყვანა 19 წლის ენდრიუ ბარტონი და 27 წლის ნაიდან უილსონი. სამივე მათგანი პოლიციას, შემდეგ კი, სასამართლოს გადაეცა. იმავე წლის მაისში, “მანჩესტერ სიტიში” მოთამაშე ბარტონი თავის თანაგუნდელ ოსმან დაბოს თავს დაესხა. დაზარალებულმა ინგლისელს სასამართლოში უჩივლა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ბარტონი მხოლოდ ლივერპულში მომხდარი ჩხუბისთვის გასამართლდა. მსაჯულებმა ფეხბურთელს წელიწადნახევრიანი პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ ბარტონმა ციხე 77 დღეში დატოვა.

 

გიორგი დემეტრაძე (საქართველო)

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეგოლე გიორგი დემეტრაძეცაა. მოგეხსენებათ, “დემე” 2010 წელს, კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირში დაადანაშაულეს და დააკავეს. თავდამსხმელს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 2.5 წლის შემდეგ, დემეტრაძეს ამინისტია შეეხო და ციხე დატოვა.

 

უსმანა დრამე (საფრანგეთი)

ფრანგმა ფორვარდმა უსმან დრამემ, ამა წლის აპრილში, ნიგერიის მოქალაქე მეძავი გაძარცვა, შემდეგ კი, მის ტრანსსექსუალ მეგობარს სასტიკად გაუსწორდა. ეს ინციდენტი იტალიის ქალაქ ლეჩეში მოხდა. დრამეს ეს სკანდალი ძვირად დაუჯდა – მისი შეძენა “არსენალსა” და “ფიორენტინას” სურდათ, მაგრამ ხიფათიან ფორვარდს ორივე კლუბმა თავი აარიდა.

0.168421