გული დაიღალა, ქომაგი დაიღალა, საფეხბურთო ხალისი აღარაა, რაც დრო გადის ეზოში სულ უფრო იშვიათად ნახავთ ბურთის გორებას. აი, ასეთი მატჩები კი ყოველგვარ ზომას სცილდება – თბილისის "დინამომ" ყაზახურ კლუბთან 0:3 წააგო! დიდი ხანია, რაც განგაშის ზარი საჭიროა, ქართული ფეხბურთი (მათ შორის, საკლუბო) წლიდან წლამდე უკან მიდის და მე ის ახალგაზრდა მოთამაშეები მეცოდებიან, ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებში გრანდებს რომ ამარცხებენ. მათ რა დააშავეს? რისთვის მოიკლეს ბავშვური გართობები, რისთვის ღვრიდნენ ამდენ ოფლს, რისთვის ამარცხებენ ჰოლანდიას, ინგლისს, ბელგიას და ასეთ ნაკრებებს? იმისთვის, რომ ელემენტარულად, უმაღლეს ლიგაში თამაშის საშუალება არ მიეცეთ?
აი, გამოვიდა ბოლოს 18 წლის ყაზახი ჭაბუკი და გაუტანა გიორგი ლორიას. ყაზახეთის ასაკობრივი ნაკრებები ახლოსაც ვერ მივლენ ქართულებთან და მაშ, იმ აიმბეტოვს თუ ეძლევა შანსი ყაზახეთის საუკეთესო კლუბში, რა დააშავა მასზე ძლიერმა გიორგი პაპუნაშვილმა ან მათე ცინცაძემ?
იმას კი არ ვამბობთ, თითქოს პაპუნაშვილი და ცინცაძე მოიგებდნენ ამ თამაშს. არა, უბრალოდ მიდგომას ვაფასებთ. და ქომაგი არასოდეს წაუყრუებს ასეთ ანგარიშს და არ იტყვის "არაუშავს, ბიჭებო, ყველაფერი წინაა". "აქტობეს" რომ ორ შეხვედრაში გოლს ვერ გაუტან და საბოლოოდ 0:4-ს დამარცხდები, არაფერი აღარაა წინ. წაგებებისგან სწავლობენ, მაგრამ ასეთი წაგებებისგან არა. შეიძლებოდა გესწავლა "ტოტენჰემთან" მარცხის შემდეგ, მაგრამ გამოდის, რომ ლონდონელებიც ცუდი მასწავლებლები ყოფილან? არა, ცუდები ნამდვილად არ არიან. "დინამო" აღმოჩნდა ცუდი მოსწავლე.
ან სად ისწავლება ყოველ ჯარიმასა თუ აუტზე მსაჯთან გარჩევები, მეტოქეზე გაწევა, ხელის აქნევა, ბურთის დახეთქება? დააკვირდებოდით, რამდენი ენერგია და რა დრო გაილია ამ არასაფეხბურთო ქმედებებზე. ორ მატჩში 20-ჯერ რომ დააპირებ კაცის მოტყუებას და ერთხელაც ვერ მოატყუებ, მსაჯის ბრალი ნამდვილად არაა.
იმ დროს, როცა შინ 0:1 წაგებული გაქვს და ერთი გოლი ჰაერივით გჭირდება, უფრო აქტიურად უნდა შეუტიო. რა ვიხილეთ? 75 წუთის განმავლობაში, სანამ ყაზახები გოლების კარნავალს მოაწყობდნენ, მხოლოდ გიორგი მერებაშვილის ერთი სახიფათო დარტყმა ახლო კუთხეში (მეკარემ რომ მოიგერია) და რამდენიმე ჩაწოდება, რომელსაც ხიფათი არ მოჰყოლია.
ვერ გავიგეთ, რისთვის იყო მოედანზე ესპანელი რაფა ჯორდა. ზედაპირულად კი, თავით უნდა მოეგო ბურთი და პასი დაეგდო, მაგრამ არ გამოუვიდა, ან არ შეუძლია. ოთარ მარცვალაძემ ოდნავ გაამწვავა შეტევები მარცხნიდან, თუმცა მთლიანობაში ვერც მას წაუვიდა თამაში. პატრიკ ვუომ კი, ბოლოს რომ შემოვიდა, ერთხელ ყვითელი ბარათი მიიღო, ერთხელაც იდეალური მომენტი ვერ გამოიყენა. იმ დროს ისედაც უკვე გადაწყვეტილი იყო მატჩის ბედი... ჩისკო რა ძალასაც წარმოადგენს საქართველოს ჩემპიონატში და როგორ აუღო ალღო, ყველამ ვიცით, ევროტურნირებზე კი ჩისკოს ძლიერი თამაში ("ლანელისა" და "რეიკიავიკის" შემდეგ) არავის ახსოვს. გიორგი ლორია უხეშად შეცდა მეორე გოლისას, როცა მინდორზე ერთი წუთით ადრე შესულ ზენკოვიჩს მოარტყა ბურთი.
პირველი და მესამე გოლი კი მარატ ხაირულინის ოსტატობას მოჰყვა. ჯერ ანტონოვს, ბოლოს კი აიმბეტოვს გაატანინა.
ასე შედგა სამარცხვინო აქტი აქტობეში. ტექსტში მეტწილად ზოგად უბედურებებზე დავწერეთ, ვიდრე უშუალოდ ყაზახურ თამაშზე. ეს ყაზახური ლაფსუსი სწორედ ქართულ ფეხბურთში შექმნილი მდგომარეობიოს გამოძახილია. ეგეც არ იყოს, ამ თამაშზე რა უნდა დაიწეროს?..
ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. II მატჩი
აქტობე (ყაზახეთი) – დინამო (თბილისი, საქართველო) 3:0 (0:0)
აქტობე: სიდელნიკოვი, მიროშნიჩენკო, არზუმანიანი, მულდაროვი, სანტანა, ცარიკაევი, კორობკინი, ხაირულინი, პიზელი (ტაგიბერგენი 83), ნეკო (აიმბეტოვი 86), ანტონოვი (ზენკოვიჩი 81).
მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი
დინამო: ლორია, ხურცილავა, გველესიანი, დოსოუდილი, თოთაძე, ძარია, პაპავა (ვუო 90+1), ელგუჯა გრიგალაშვილი, მერებაშვილი (მარცვალაძე 63), ჩისკო, ჯორდა.
მწვრთნელი: მიხალ ბილეკი
გოლები: 1:0 ანტონოვი (75), 2:0 ზენკოვიჩი (82), 3:0 აიმბეტოვი (90+4)
გაფრთხილება: ანტონოვი (15), ჩისკო (45+2), მულდაროვი (45+2), თოთაძე (57), ხურცილავა (61), ლორია (66), ვუო (90+2)
მსაჯი: ალიარ აღაევი (აზერბაიჯანი)