მოსკოვში მიმდიმარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე მოასპარეზე საქართველოს ჩემპიონმა სალომე მელიამ 4 ტური დაუმარცხებლად განვლო და ლიდერს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება. მელიას ასპარეზობა ტურნირის ორგანიზატორებმაც დააფასეს და მასთან მცირე ინტერვიუ Moscow Open 2010-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეს.
- სალომე, მოსკოვის ტურნირში მონაწილეობას მერამდენედ იღებთ?
- მესამედ. პირველად 2005 წელს ვითამაშე. ეს ტურნირის სადებიუტო წელი იყო და კაცები და ქალები ერთად ვთამაშობდით. სხვათა შორის, მაშინ ქალებში პირველი ადგილი დავიკავე და ვაჟებში საერთაშორისო ოსტატის ნორმა შევასრულე. მეორედ, მოსკოვში 2008 წელს ჩამოვედი, მაგრამ ისე წარმატებულად ვეღარ ვითამაშე. იმ დროს ქალების ტურნირი უკვე ცალკე ტარდებოდა, მაგრამ სამეულში შესვლაც კი ვერ მოვახერხე. იმ წელსვე მოსკოვში “აეროფლოტ ოუფენზეც” ვიასპარეზე, თუმცა, ეს ტურნირი სულ უფრო ძვირადღირებული ხდება და სპონსორის გარეშე მასში მონაწილეობას მიღება ძალიან რთულია.
- მიმდინარე ტურნირის ორგანიზების შესახებ რა აზრის ხარ?
- საერთო ჯამში, ყველაფერი წესრიგშია. ერთადერთი, რაც მაწუხებს, ინტერნეტის პრობლემაა. ის სასტუმროში კი არის, მაგრამ ცუდად მუშაობს.
- ბოლო წლებია, რუსეთსა და საქართველოს შორის არცთუ კარგი ურთიერთობაა. ეს, აქაურ ტურნირებში თამაშში ხელს არ გიშლით?
- 2008 წელს საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა არ მიიღო მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელსაც ნალჩიკმა უმასპინძლა. უკანასკნელ ხანს კი, სირთულეები ნაკლებადი იქმნება. უბრალოდ, რუსეთის ვიზას შვეიცარიის საელჩოში ვიღებ, მოსკოვში კი პრაღის გავლით ჩამოვფრინდი.
- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?
- მომდევნო ტურნირს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ვითამაშებ. იქ წრიული სისტემით “პრეზიდენტის თასი” შედგება. შემდეგ ორი კვირა დავისვენებ და ხორვატიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატში ჩავებმები.
- ჭადრაკი თქვენი ძირითადი პროფესიაა?
- დიახ, პროფესიონალი მოჭადრაკე ვარ, თუმცა, გასულ წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. ეს პროფესია კარგა ხანი მაინტერესებდა, მაგრამ იურისტად მუშაობაზე არასდროს მიფიქრია. ჩემი აზრით, თუკი რაიმეს კარგად კეთება გსურს, მთელი დრო იმ საქმეს უნდა დაუთმო, ასეთი კი ჩემთვის ჭადრაკია.