საქართველოს რიგით 67-ე ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული სალომე მელია გახდა, რომელმაც 13 ტურში 10 ქულის მოგროვება შეძლო და ისეთ სახელოვან მეტოქეებს აჯობა, როგორებიც ნინო ხურციძე, მაია ლომინეიშვილი და ნანა ძაგნიძე არიან. მელიამ ქვეყნის ჩემპიონობა პირველად მოიპოვა და ეროვნული ნაკრების კანდიდატიც შეიქმნა, ქუთაისში გამართული ტურნირისა და სამომავლო გეგმების შესახებ კი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდს ესაუბრა.
- პირველ რიგში გილოცავთ. გამარჯვებას თუ ელოდით?
- მადლობთ, ვისარგებლებ შემთხვევით და მეც მივულოცავ პრიზიორებს წარმატებას. ტურნირის მსვლელობიდან გამომდინარე, ჩემპიონობა მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ ყველაფერთან ერთად, იღბლიც საჭირო გახლდათ. მთელი ტურნირის განმავლობაში, ნინო ხურციძესთან ერთად ვლიდერობდი. დღეგამოშვებით, ნახევარ ქულიან სხვაობით ვანაცვლებოდით ერთმანეთს. როგორც ამბობენ, “ტურნირს ბოლო ტურებში გამარჯვებული იგებს”. ჩემს შემთხვევაშიც, ამ ფრაზამ გაამართლა და კონკურენტისგან განსხვავებით, დასკნით პარტიაში მოპოვებული გამარჯვებით, ჩემპიონიც გავხდი.
- აქამდე გამართულ ქვეყნის ჩემპიონატებზე, თქვენთვის საუკეთესო შედეგი რომელი იყო?
- მეორე პოზიცია... 2008 წელს ნანა ძაგნიძესთან ერთად პირველი-მეორე ადგილები გავინაწილე და ჩემპიონობა მხოლოდ ტაი-ბრეიკების შემდეგ დავთმე.
- ტურნირის დასაწყისში, უმთავრეს ფავორიტად ვის თვლიდით?
- ჩემპიონატის უპირობო ფავორიტად 2008 ოლიმპიური ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მიმაჩნდა.
- რომელი პარტია იყო განსაკუთრებული?
- ყველა შეხვედრას თავისი დატვირთვა ჰქონდა, როგორც შემოქმედებითი, ასევე შედეგის თვალსაზრისით. ტურნირის მაღალ დონეზე წარმართვისთვის, მნიშვნელოვანი იყო პირველ ტურში, შავი ფიგურებით, სოფიკო ხუხაშვილთან მოპოვებული გამარჯვება, ლიდერის პოზიციების გასამყარებლად, თამარ წერეთელთან მიღწეული წარმატება, ხოლო ჩემპიონობისათვის – ბოლო ტურში, ნინო ბაციაშვილთან მოგება.
- ვინ გიწევდათ კონსულტაციას ტურნირამდე და მისი მიმდინარეობის დროს?
- ტურნირის წინ მოსამზადებელ პეროდში და მისი მიმდინარეობისას, ჩემი მრჩეველი და მასწავლებელი განვლილ წელს მომხდარი ფაქტები იყო. მშობლების, ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანადგომით, ყოველმხრივ მობილიზებული და მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყავი.
- დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის ჩემპიონატი რეგიონში პირველად ჩატარდა. ტურნირის ორგანიზაციას რა შეფასებას მისცემდით?
- ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და ყველა საკითხი გათვალისწინებული გახლდათ, იქნებოდა ეს სპორტული, თუ სხვადასხვა კონკრეტული მიმართულებები. მინდა, ისიც ავღნიშნო, რომ ქუთაისი ჩემთვის ფეხბედნიერი ქალაქია. აქ, უკვე მესამედ ვიმარჯვე. ასევე, ვისარგებლებ შემთხვევით, ორგანიზატორებს ფანტასტიკური პირობებისათვის, დიდ მადლობას გადავუხდი.
- სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
- 27 იანვარს მოსკოვში მივემგზავრები და მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ღია ტურნირში Moscow Open-ზე ვიასპარეზებ, ხოლო 5 მარტიდან ხორვატიის ქალაქ რიეკაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიო პირველობის საგზურებისათვის ბრძოლაში ჩავებმები.