“სალერის თასის” რიგით მესამე გათამაშება (პირველ ტურნირს “ფოლსკვაგენის თასი” ერქვა, რედ.), რომელშიც 1996-1997 წლებში დაბადებული ფეხბურთელები გამოვლენ, 18 დეკემბერს, სტარტს სტადიონ “ბენდელაზე” აიღებს. ტურნირზე საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” გარდა, ესპანური მადრიდის “ატლეტიკო”, უკრაინული დნეპროპეტროვსკის “დნიპრო” და ისრაელის თელ-ავივის “მაკაბი” ითამაშებენ.
მომავალი ტურნირის წინ, “საბურთალოს” პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კლუბის გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე, “ატლეტიკოს” ასაკობრივი გუნდის მთავარი მწვრთნელი პაკოს საიასი და მისი თანაშემწე ალვარო რაიბეხა ჟურნალისტებს შეხვდნენ. პრესკონფერენციას “საბურთალოს” პრესატაშე კახა მგელაძე გაუძღვა.
ტარიელ ხეჩიკაშვილი: “ასეთი დონის კლუბის სტუმრობა, როგორიც “ატლეტიკოა”, “საბურთალოს” აღიარება და დაფასებაა. ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც კლუბი ატარებდა და მიანიშნებს, რომ “საბურთალო” სწორი გზით მიდის. ისეთ გუნდებთან თამაში, როგორც “ატლეტიკო”, “მაკაბი” და “დნიპროა”, ჩვენ ფეხბურთელებს ნიჭის რეალიზების საშუალებას მისცემს და გამოცდილებას შესძენს. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ესპანეთში საქართველოს ელჩს ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელის დაგვეხმარა “ატლეტიკოსთან” ურთიერთობის დამყარებაში. ასევე, დიდი მადლობა გიორგი ყიფიანს, რომლის დახმარებითაც “მაკაბი” თბილისში ჩამოვიდა. ტურნირისადმი ინტერესი იზრდება. გვინდა, რომ ყოველ წელს ერთი გრანდი მაინც ჩამოვიყვანოთ”.
კახა ჭუმბურიძე: “ამ ტურნირში თამაშს ჩვენი კლუბის 1996-1997 წლებში დაბადებული ფეხბუთელებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ტურნირში ხომ “ატლეტიკო”, “მაკაბი” და “დნიპრო” გამოვლენ. პირველ წელს მხოლოდ ჰოლანდიის “ვიტესი” იყო, შემდეგ “ვიტესი” და “მალაგა”, ახლა უკვე სამი უცხოური გუნდია. ჩვენი კლუბის ფეხბურთელები მრავლად არიან წარმოდგენილი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში და მათთვის ამ გუნდებთან თამაში კარგი გამოცდილება იქნება. მადლობა “იბერიაბიზნეს ჯგუფს” და კერძოდ, ტარიელ ხეჩიკაშვილს დახმარებისთვის”.
პაკოს საიასი: “საქართველოში პირველად ვართ. ძალიან მიხარია, რომ თქვენი ქვეყანა ვნახე. კარგია, რომ ჩვენი გუნდი სხვადასხვა გუნდებთან ითამაშებს და იმედია, წარმატებას მიაღწევს”.
- ქართულ ფეხბურთს თუ იცნობთ ან რომელიმე ქართველი ფეხბურთელის შესახებ თუ გსმენიათ?
საიასი: “ზოგადად ქართულ ფეხბურთს არ ვიცნობ და არც რომელიმე ქართველი ფეხბურთელი ვიცი. “ატლეტიკოს” ასაკობრივ გუნდში თამაშობს ქართველი ნიკა (ნიკა კვანტალიანი, 1998 წელს დაბადებული, ნახევარმცველი, რედ.), რომელიც საკმაოდ კარგი ფეხბურთელია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ქართული ფეხბურთი უკეთ გავიცნოთ. “საბურთალო” ამის საშუალებას მოგვცემს”.
-“ატლეტიკო” ხომ არ გეგმავს “საბურთალოს” მიწვევას ესპანეთში ტურნირზე?
საიასი: “რა თქმა უნდა, ყველაფერი მენეჯერებზეა დამოკიდებული. თავის მხრივ მწვრთნელები “საბურთალოს” რეკომენდაციას გავუწევთ”.
ხეჩიკაშვილი: “ აგვისტოში ესპანეთში ვიყავით და “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა გვიმასპინძლა. ერთობლივი პროექტები დავგეგმეთ. გაცვლითი პროგრამებიც გვექნება. ეს ტურნირი ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთი ეტაპია. აქვე გეტყვით, რომ მომავალ წელს ტურნირზე ტურინის “იუვენტუსის” მოწვევა გვინდა და ამის თაობაზე იტალიელებთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეული გვაქვს”.
-თქვენ გუნდში ესპანეთის ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელები თუ თამაშობენ?
საიასი: “ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი არ გვყავს”.
-ამ ტურნირზე “ატლეტიკოს” მიწვევა უფრო ძნელია თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების?
ხეჩიკაშვილი: “საერთო ენას მათთან უფრო ვნახულობთ, რადგან საუბარი სულ ფეხბურთზე გვიწევს. ხშირ შემთხვევაში ფედერაციასთან საუბარი უფრო სხვა თემებზე გვაქვს”.
ხეჩიკაშვილის თქმით, 21 დეკემბერს “ბენდელაზე” საქველმოქმედო მატჩი გაიმართება ყოფილი ფეხბურთელის კახა ახალაძის დასახმარებლად, რომელიც მძიმე სენითაა ავად.
გაგაცნობთ, “სალერის თასის” თამაშების განრიგს:
18 დეკემბერი
“დნიპრო” – “ატლეტიკო” 12:00
“საბურთალო” – “მაკაბი” 16:00
19 დეკემბერი
“მაკაბი” – “ატლეტიკო” 12:00
“საბურთალო” – “დნიპრო” 15:00
20 დეკემბერი
“მაკაბი” – “დნიპრო” 12:00
“საბურთალო” – “ატლეტიკო” 15:00
22 დეკემბერი
მატჩი მესამე ადგილისთვის 12:00
ფინალი 15:00
ყველა მატჩი სტადიონ “ბენდელაზე” ჩატარდება.