კალათბურთი

22:43 | 29.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

საკალათბურთო სეზონი სუპერთასით და ნომინანტების გამოვლენით დასრულდა

 საქართველოში საკალათბურთო სეზონი ლეგენდარული ქართველი მოთამაშის, გასულ საუკუნეში საბჭოთა კავშირის საუკეთესო კალათბურთელად დასახელებული ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასით დასრულდა. სუპერლიგის ჩემპიონის გამოვლენიდან სამიოდე დღის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ კვლავ “შსს აკადემია” და “ოლიმპი” წარსდგნენ. აწ უკვე გასრულებულ სეზონში ამ გუნდებმა ერთმანეთთან 9 მატჩი ჩაატარეს და უპირატესობა გიორგის კეცელიდისის გუნდის მხარესაა.

შეგახსენებთ, რეგულარულ პირველობაზე გუნდებმა თითო შეხვედრა მოიგეს, საქართველოს თასის ფინალში ოვერტაიმით “შსს აკადემიამ” იმარჯვა, სუპერლიგის ფინალურ სერიაში კი 5 შეხვედრიდან საქართველოს ჩემპიონმა 3 მატჩი მოიგო, რეგულარული პირველობის გამარჯვებულმა “ოლიმპმა” კი 2. ასე რომ, დღევანდელ დაპირისპირებამდე ბალანსი 5:3 გახლდათ აკადემიელთა სასარგებლოდ.

სუპერთასის მატჩი ”ოლიმპის” უპირატესობით დაიწყო. კაზანჯიანის გუნდმა პირველი პერიოდი 23:11 მოიგო. მეორე მეოთხედში ვიცე-ჩემპიონის  უპირატესობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდა - პირველი ტაიმი „ოლიმპმა“ 53:32 მოიგო. დიდი შესვენების შემდეგ აკადემიელთა მწვრთნელმა გიორგის კეცელიდისმა თავის გამოჩენის შანსი სათადარიგოებს მისცა და გუნდის ლეგიონერი ლიდერები სპორტის სასახლის პარკეტზე აღარ გამოჩენილან.

მეორე ტაიმში სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ოლიმპელებმა შეინარჩუნეს პირველ ნახევარში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა, საბოლოოდ 90:72 მოიგეს და ოთარ ქორქიას სახელობის 2013 წლის სუპერთასი მოიპოვეს. „ოლიმპისთვის“ ეს სეზონის მეორე ტიტულია. დღეს მოგებულ სუპერთასამდე, იანვარში გია კაზანჯიანის გუნდმა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალი მოიგო.

მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ”შსს აკადემიის” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გასაგები მიზეზის გამო სუპერთასისთვის გუნდის სათანადოდ მომზადება ვერ მოხერხდა. ამან თავი ასპარეზობის მსვლელობის დროსაც იჩინა - ”შსს აკადემიას” გაუჭირდა ჩემპიონობის მოპოვებიდან 3 დღეში მობილიზება და გარკვეულწილად მოშვებულადაც გამოიყურებოდა. სწორედ ამით უნდა ავხსნათ გუნდის მთავარი მწვრთნელისა და კალათბურთელების მიერ მიღებული ტექნიკური ჯარიმები, რომელთა თვლაც აგვერია...

სუპერთასის მატჩისა და გამარჯვებული გუნდის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ დასახელდნენ ჩვენი სუპერლიგის 2012-13 წლების სეზონის ნომინანტები. სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ზვიად მიქაძის ოჯახმა და მეგობრებმა დააწესეს, „შსს-აკადემიის“ გამთამაშებელმა, საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატმა რეზო როგავამ დაიმსახურა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებულ ”შსს აკადემიის” დამრიგებელს, ბერძენ სპეციალისტს გიორგის კეცელიდისს ცნობილი  ქართველი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზი მისმა ქალიშვილმა, ქალბატონმა ქეთევან ავალიშვილმა გადასცა.

რაც შეეხება 2012-13 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეს, იგი ჟურნალისტთა, მწვრთნელთა და სუპერლიგის მატჩების კომისართა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. რეფერენდუმის შედეგად საუკეთესოდ საქართველოს ჩემპიონისა და თასის მფლობელის ”შსს აკადემიის” ამერიკელი გამთამაშებელი დეონტა ვონი დასახელდა, მეორე-მესამე ადგილებზე რეგულარული პირველობის გამარჯვებულის, თასის ფინალისტისა და ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მფლობელის ”ოლიმპის” მოთამაშეები, ჩერნოგორიელი მეფარე სტევან მილოშევიჩი და საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი ფორვარდი ლევან ფაცაცია გავიდნენ.

2012-13 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელს, მოთამაშეს და ახალგაზრდა კალათბურთელს სუპერლიგის პარტნიორმა ტოტალიზატორმა „ევროპა-ბეთმა“ პლანშეტური კომპიუტერები გადასცა. „ევროპა-ბეთმა“ დიდ შესვენებაზე მაყურებელთა შორის 100-ლარიანი დეპოზიტებიც გაათამაშა, რომელიც საჯარიმო ტყორცნებში გამარჯვებულებმა დაიმსახურეს.  

0.207453