სტატიები

13:17 | 12.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

საინტერესო კაცი

(მეორე ნაწილი)

 
„პორტუში“ მომხდარ საკადრო და ტაქტიკურ რევოლუციაზე, იმაზე, თუ როგორ 
აქცია მან ვარსკვლავებად დეკუ, რიკარდუ კარვალიუ, დერლეი, კოშტინია, მანიშე, როგორ „გააცოცხლა“ და ხელახლა გაავარსკვლავა ვეტერანები ჟორჟე კოშტა და ვიტორ ბაია, დაწერილა, გადაწერილა და ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ დაიწერება. პორტუგალიიდან წასვლის შემდეგ, მოურინიომ ვიღაცეები „თან წაიღო“ (პაულუ ფერეირა და კარვალიუ, მავანი უმისოდაც კარგად მოეწყო (დეკუ) და დანარჩენებისა რა მოგახსენოთ - როგორღაც ჩაინავლნენ...
გამოდის, რომ პორტუელი ვარსკვლავები ანარეკლი შუქით ანათებდნენ და მოურინიოს ორბიტაზე ტრიალებდნენ.
პორტუგალიის ჩემპიონატში ორჯერ გამარჯვება (ისიც „პორტუს“ მწვრთნელის რანგში) დიდი ვერაფერი სასწაულია, მაგრამ ამ ორ ტიტულს მოყოლილი უეფასა და ჩემპიონთა ლიგის თასები უკვე სერიოზული დასტურია თანამედროვე ფეხბურთში გამეფებული აზრისა - პორტუგალიაში დიდი მწვრთნელი დაიბადა.
და როგორ ხვდებოდა ეს დიდი მწვრთნელი ტიტულებს?
„სიტყვები არ მყოფნის... არ ვიცი, როგორ უნდა აღვწერო ეს გრძნობა. მესმოდა, როგორ სკანდირებდა 43 ათასი ადამიანი ჩემს სახელს. ნელა გავირბინე ოთხასიოდე მეტრი. ვარჯიშებზე დავრბივარ და გაცილებით მეტს, მაგრამ მაშინ უსაშველოდ დავიღალე... თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მარათონული დისტანცია დავფარე...“ - ეს სიტყვები მოურინიომ პორტუგალიაში პირველად გაჩემპიონების მერე თქვა.
უეფას თასის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა „მოუს“ „პორტუმ“ შინ 4:1 მოუგო „ლაციოს“ და წესით, მეორე მატჩისთვის თავი ქუდში უნდა ჰქონოდა. და მაინც გაჩნდა პრობლემა - განსაკუთრებულმა ერთხელაც იყიამყრალა და დისკვალიფიკაცია „აიკიდა“. ტრიბუნაზე გამწესების წინ, მან თავისი თანაშემწე ვილაშ-ბოაში პეიჯერით „შეაიარაღა“ და ინსტრუქციების მიცემა მისი საშუალებით დაუწყო. როგორც მოგვიანებით ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, მატჩის განმავლობაში ოცდაათამდე ვრცელი შეტყობინება მიიღო: „რა თქმა უნდა, ორჯერ მეტსაც გადმოცემდა, მაგრამ სამი ბურთით ვიგებდით და... თუმცა, მისთვის ესეც ჯოჯოხეთი იყო - ჩვეულებრივ, „მოუ“ ცუდად გრძნობს თავს გუნდთან უშუალო კონტაქტის გარეშე. მას სურს, ყველა სადავე ხელში ეჭიროს - თამაშისას, ვარჯიშებისას, მეტოქეთა შესახებ ცნობების შეგროვებისას...“
უდიდესი საფეხბურთო ავტორიტეტი ენდი როქსბურგი კიდევ უფრო ამყარებს თანაშემწის ამ აზრს: „2003 წელს, „სელტიკთან“ დამატებით დროში 3:2 მოგებული მატჩის შემდეგ, მოურინიო უდიდეს სამწვრთნელო ფორუმზე დავპატიჟე და რამაც მაშინ გამაკვირვა, იყო ის, რომ ასეთი დრამატული შეხვედრის შემდეგაც კი, ქვასავით ცივი და უემოციო იყო. აღმოჩნდა, რომ მას ყველაფერი წინასწარ გაუთვლია და თავისი ბიჭები სწორედაც „ვერცხლის გოლისათვის“ შეუმზადებია - ექსტრატაიმში მოვიგებთო... აი, ამას ვეძახი კარგ მუშაობას...“
მაგრამ რაოდენ კარგი გამთვლელი და დამთვლელიც უნდა იყოს მოურინიო, მისგან დამოუკიდებელი რაღაცებიც ხშირად ვითარდება (ამ რაღაცებს თუ რაღაცას უფრო „ბარსელონა“ ჰქვია), რის შემდეგაც აშკარა და თვალსაჩინოა, თუ რამდენად ემოციური ადამიანია პორტუგალიელი. ამ მხრივ, განსაკუთრებით თვალსაჩინო „პორტუ“-„მანჩესტერის“ მეოთხედფინალური მატჩები იყო. შინ „მოუს“ გუნდმა მოიგო - 2:1, გასვლაზე ბოლო წუთამდე 0:1-ს აგებდა და ამას გარდა, ბარათმფრქვეველმა კაცმა გვარად ივანოვმა ერთი გოლიც არ ჩაუთვალა ფერგიუსონის ბიჭებს. ისე მოხდა, ბოლო წამებზე „მანჩესტერის“ მეკარე შეცდა, „პორტუმ“ გაიტანა და...
ნახვად ღირდა: მოურინიომ იმდენი იკუნტრუშა, ინგლისური ულაყები შურით დასკდნენ, ალექს ფერგიუსონს კი მორიგი ფრთიანი ფრაზის მუზა მოჰგვარა: „რა კარგად ცეკვავს, არადა, ძვლებისმტვრევლებითა და სიმულიანტებით გაუვსია გუნდიო...“
პასუხი? საკონტროლო გასროლასავით: „ჩვენი ბიუჯეტი „მანიუს“ ბიუჯეტის 10 პროცენტი თუ იქნება... და ვინ გააგრძელებს ლიგაში თამაშს?!“
ის შეხვედრა სხვა რამითაც იყო მნიშვნელოვანი - მიუხედავად არახელსაყრელი ანგარიშისა, მოურინიოს დიდი წიოკი ნამდვილად არ მოუწყვია გასახდელში: „ბიჭებო, ნორმალური ანგარიშია... ყოჩაღ. წინ კისრისტეხით სირბილს აზრი არა აქვს, გააგრძელეთ ისე, როგორც პირველ ტაიმში“.
ყოფილა შემთხვეები, როცა შესვენებაზე საერთოდ არ შესულა გასახდელში - ეს იმ დროს, როცა სპეციალურად რჩებოდა მინდვრის გასწვრივ სასიარულოდ და მეტოქეთა მაყურებლის პროვოცირებისათვის (!)...
„მანიუეს“ ძლევის მერე არც ჩემპიონთა თასის აღება იყო უსაფუძვლო ოცნება და ასეც მოხდა - პორტუგალიელებმა ისტორია გადაწერეს. ზღვა სიხარულიდან აშკარად ამოვარდნილი იყო ერთი კუშტი სახე „პორტუს“ მთავარი მწვრთნელისა - „მოუმ“ ერთი კი მოუთათუნა ჩემპიონთა ლიგის თასს და იმწამსვე ტრიბუნებქვეშ გაუჩინარდა...
მიზეზი? მარტივი, მაგრამ საშიში - ფინალამდე გარკვეული დროის განმავლობაში მას მოკვლითა და ცოლ-შვილის მოტაცებით ემუქრებოდნენ.
ისტორია ასე განვითარდა: მატჩამდე ორი დღით ადრე ჟოზე სასტუმროს ნომერში იჯდა და უცქერდა ფილმს ტრავოლტას მონაწილეობით. ეს მისი გადასახედიდან გარკვეული მედიტაციაცაა - მნიშვნელოვანი მატჩების წინ მობილურ ტელეფონს კლუბის ერთ-ერთ დირექტორს მიაბარებს ხოლმე და თავად კი საკუთარ წვენში იხარშება. გარემოსთან კავშირისთვის აქვს მეორე ტელეფონი, რომლის ნომერიც ქვეყანაზე ერთადერთმა ადამიანმა, ცოლმა იცის.
და სწორედ ასეთ სიტუაციაში მოუკაკუნა იმ დირექტორმა - „გზავნილი დაგიტოვეს... ვფიქრობ, მნიშვნელოვანი“. მოურინიო დღემდე არ ამხელს, ვინ და რატომ გამოუგზავნა ეს შეტყობინება, მაგრამ ცნობილია, რომ მან მაშინვე გადარეკა მითითებულ ნომერზე: „შენ დამთავრდი. დაბრუნდები თუ არა პორტუგალიაში, შენცა და შენს ცოლსაც ბოლოს მოგიღებთ...“
მოურინიოს მუხლები არ აკანკალებია - უბრალოდ, შორს და პირდაპირ სასიარულოდ გააგზავნა უცნობი.
როგორც ჩანს, შიში მერე მოვიდა - ნაფინალევს ჟოზემ მინდვრისპირას მოხტუნავე ცოლ-შვილს ხელი დახვია და ავისა და ბოროტისაგან შორს წაიყვანა.
ეს „ავი და ბოროტი“ „პორტუსავე“ ფანები გხლებიათ - მათ მოურინიოს „პორტუდან“ წასვლის განზრახვის შესახებ გაეგოთ და თავისებურად „ბლოკავდნენ“ მწვრთნელს.
ჟოზე მათ მიმართაც მშრალი და კატეგორიული იყო: „არავის დავპირებივარ, ჩემს კარიერას და შესაძლებლობებს სამშობლოთი შემოვსაზღვრავ-მეთქი... ჩემი გზა მაქვს!“
ფანების რეაქცია არ იყო უსაფუძვლო - „მანიუს“ დამარცხების მერე მოურინიოს „ჩელსის“ აღმასრულებელი დირექტორი, პიტერ კენიონი დაკავშირებოდა - ის კი არა, გავრცელდა ხმები, მცირეხნიანი შეხვედრა თვით აბრამოვიჩთანაც მოასწროო...
მიუხედავად ლონდონიდან სერიოზული ინტერესისა, მოუს ხელი არაფერზე მოუწერია: ჯერ რომელიმე ევროპულ ჯილდოს შევეხო და მერე პირველს „ჩელსის“ წინადადებას განვიხილავო.
დასტური? ინებეთ: მან გადაწყვეტილი უარი შეუთვალა „ლივერპულსა“ და „ინტერს“ და მეტიც: მასიმო მორატისთან აუდიენციაზე უარი თქვა.
ჟოზემ აბრამოვიჩს სიტყვა არ გაუტეხა - მოუგო „მონაკოს“, საიმედოდ მიჩქმალა ცოლ-შვილი და ლონდონს გაემართა.
თან თავისი ბლოკნოტები და განუყრელი ნოუთბუქი „იახლა“. კომპიუტერში „მოუ“ თავის ვრცელ ჩანაწერებს და სხვა „რაღაცას“ ინახავს (ჯერ არ მომხდარა, ვინმეს გაეცნო ეს „რაღაცა“). მან შეხვედრამდე დეტალური ინფორმაცია გაუგზავნა „ჩუკოტკელს“ - ინფრასტრუქტურის, მეთოდოლოგიის, სამედიცინო მიდგომისა და სამწვრთნელო განაზრახის დეტალურივე აღწერით. კონტრაქტს ხელი აბრამოვიჩის იახტაზე მოაწერეს - სადაც ფულიანი რომანისა და პერსპექტივაში ფულიანი მოურინიოს გარდა, კიდევ ერთი კაცი - აბრამოვიჩის მეგობარი იმყოფებოდა.
„ერთად რამდენიმე დღე გავატარეთ. სერვისი რომ უმაღლეს დონეზე ექნებოდათ, ამაზე ლაპარაკი დროის კარგვაა. „პორტუს“ გამარჯვების სადღეგრძელოებიც ვსვით - მისივე ინიციატივით. თან არც კი უხსენებია, რას მოელის ჩემგან საბოლოოდ და ამასთან ძალიან სწრაფად უკან დაბრუნებისას მოვილაპარაკეთ. მისი პირობები სავსებით მისაღებია ჩემთვის - ვარჯიშებზე დასწრება სურს? დიდებულია... უკეთესიც კია. ნამატჩევს გასახდელში ჩამოვა? ესეც მშვენიერია...“
ნამეტანი რბილი და მომბალი ჩანდა მაშინ პორტუგალიელი - ზღვამ, მზემ და ბანკნოტებმა თუ იმოქმედეს...
სამაგიეროდ, ეგრევე გამოაჩინა ეშვი, როცა მისი წინამორბედის, „ჩელსიში“ წარუმატებელი, მაგრამ ფანებისთვის მეტად გულმისავალი კლაუდიო რანიერის პოპულარობის შესახებ უთხრეს:
„ხოო-ო? მწვრთნელმა ვერაფერი მოიგო ოთხი სეზონის განმავლობაში და მაინც ასე პოპულარულია? მიკვირს...“
რატომ უკვირდა? ამას მერე გასცა პასუხი, „სხვა ოპერაში“: „კარგი ადამიანი პროფესია არაა!“
ფერგიუსონსა და ვენგერზეც ჰკითხეს - ამგვარმა მღრღნელებმა რომ გიკბინონ, რას იზამო?
„თუ არ შემეხებიან, მშვიდად ვიქნები და თუკი კბილი გამკრეს, იცოდნენ, რომ პასუხი დაუნდობელი და გაცილებით ძლიერი იქნება!“
ფერგიუსონმა ძალიან მალე იწვნია ამ მუქარის სიმწარე და იმაშიც დარწმუნდა, რომ „მოუ“ არა მარტო მწვრთნელობაშია მაგარი, სიტყვაც ალმასივით უჭრის. მან როგორღაც გააქილიკა „ლურჯების“ პოლიტიკა დიდიე დროგბაზე დახარჯული 24 მილიონისათვის და პასუხად ირონიული რჩევა მიიღო: „სერ ალექს... დროგბას ჯიბეში ყურებას, სატურნირო ცხრილს ჩახედეთ“.
საზოგადოების თვალწინ შეხლა-შემოხლის მეორე მოყვარული არსენ ვენგერი პორტუგალიელთან ღია კონფლიქტში არ შესულა - იგი გაწონასწორებული და მოზომილი იყო მაშინაც კი, როცა „ჩელსიმ“ ეშლი კოულის აწაპვნაზე დაიწყო მუშაობა (მოგვიანებით როგორც დამთავრდა ეს ამბავი - იცით): „ეს დირექტორატის საქმეა... რაც შეეხება მოურინიოსეულ „ჩელსის“, ეს სულაც არაა ფულის ტომარა - კარგი, ძალიან კარგი გუნდია“.
მერე იყო „ინტერი“, ახლა არის „რეალი“ და მიუხედავად იმისა, მოურინიომ ბითუმად ხვეტა ჯილდოები ინგლისშიც, იტალიაშიც - თითქოს ყველგან რაღაც აკლია მის დიდებულებას...
„ჩელსის“ ლიგა ვერ მოაგებინა, „ინტერში“ ტრიუმფებს კალჩოპოლომ მოაკლო ხიბლი, მადრიდშია და გვარდიოლას, ელ კლასიკოსა და „ბარსელონას“ აჩრდილი არ აძლევს მოსვენებას...
მიუხედავად ამისა, „მოუ“ მაინც დიდი მწვრთნელია, საინტერესო და როგორც დაარქვეს, განსაკუთრებული!
და მაინც, რაშია ამ წარმატებული კაცის საიდუმლო? თავად მოკლედ პასუხობს: „ყველაფერი ძალიან მარტივადაა - ვაფორმებ სამწლიან კონტრაქტს და ვმუშაობ ისე, რომ ვადის გასვლის მერე კიდევ შემომთავაზონ ახალი ხელშეკრულება...“
სინამდვილეში კი:
„1) სტილის, სქემის, ტაქტიკის განსაზღვრა და თამაშის დალაგება;
2) მოთამაშეთა ოსტატობის ზრდა;
3) შედეგი;
სხვა ყველაფერი უაზრობა და ცარიელი ბრახაბრუხია!“
აი, მისეული რეცეპტი.
 
კონსტანტინე გოგიშვილი
 
0.138556