საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და სააპელაციო კომიტეტებს ახალი შემადგენლობა ჰყავთ.
ორშაბათს, ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ აღმასკომის სხდომაზე, სადისციპლინო კომიტეტის თავჯდომარედ იურისტი ჯიმშერ ტყებუჩავა აირჩიეს. ეს უკანასკნელი აქამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არბიტრაჟის ხელმძღვანელი იყო, ხოლო ამჯერად სათავეში ზემოთ ხსენებულ კომიტეტს ჩაუდგა. ვინ დაიკავებს მის ადგილს არბიტრაჟში, ჯერ უცნობია.
სადისციპლინო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი ვეტერანი ფეხბურთელი სერგო კუტივაძე იქნება. კომიტეტში იმუშავებენ ვეტერანი ფეხბურთელი ვაჟა ჟვანია, ზვიად დარასელი, რომელიც იქ მანამდეც მოღვაწეობდა, და რეზო ტალიაშვილი. როგორც ფეხბურთის ფედერაციაში “მსოფლიო სპორტს” განუმარტეს, “სადისციპლინოს” ყოფილ წევრებს უფლება-მოსილების ვადა ამოეწურათ და კომიტეტის ახალი შემდგენლობა აღმასკომმა 4 წლით დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ სადისციპლინო კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ტატო ლასხიშვილმა, რომელიც “ქომაგთა ლიგის” ერთ-ერთი დამფუძნებელია, თანამდებობა ვადაზე ადრე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ლასხიშვილისა და დარასელის გარდა, ადრინდელ “სადისციპლინოში” “ქომაგთა ლიგის” პრეზიდენტი ზურაბ პეტრიაშვილი და თემურ ღაღანიძე მუშაობდნენ.
აღმასკომის სხდომაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტის ახალი შემადგენლობაც დაამტკიცეს, რომელშიც შევიდნენ: თამარ წერეთელი, მონიკა რუხაძე, გიორგი ციხისთავი, დავით ქარსელაძე და ლაშა დვალიშვილი.
აქვე გეტყვით, რომ ოლიმპიური ჩემპიონმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა გიორგი ასანიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე აღმასკომის შემადგენლობა დატოვა. მანამდე იგივე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ექსმინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და სპორტის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით ნამგალაურმა გააკეთეს. შედეგად, აღმასკომში 19-ის მაგივრად 16 წევრი დარჩა. ივნისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა გაიმართება, რომელზეც აღმასრულებელ კომიტეტში არსებულ ვაკანსიებს შეავსებენ.
წელს 35 წელი სრულდება, რაც თბილისის “დინამომ” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მეორედ მოიგო. ამ თარიღთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა წერილით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს, რათა იმ ფეხბურთელებს, ვინც 1978 წელს წარმატებას მიაღწიეს, საქართველოს უმაღლესი სპორტული ჯილდო “სპორტის რაინდის” წოდება მიენიჭოთ.
ფეხბურთელთა სია ასე გამოიყურება: მანუჩარ მაჩაიძე, დავით ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე, ვიტალი დარასელია, შოთა ხინჩაგაშვილი, რამაზ შენგელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით გოგია, ვახტანგ ქორიძე, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, თამაზ კოსტავა, რევაზ ჩელებაძე, დავით მუჯირი, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე.