საქართველოში კარგად ცნობილი უკრაინელი მომღერალი ქალი, რუსლანა, სხვებზე არანაკლები გულისფანცქალით ელოდება პოლონეთი-უკრაინაში გასამართ მოახლოვებულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს. რუსლანა, რასაკვირველია, თავისი ქვეყნის გუნდის, უკრაინის ეროვნული ნაკრების გულშემატკივარია და დიდი იმედი აქვს, რომ უკრაინა მინიმუმ ჯგუფიდან გასვლას მაინც შეძლებს.
მომღერალი რუსლანა, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი რუსლანა ლიჟოჩკოა, უკრაინის პატრიოტობაზე თავს ყოველთვის დებდა. ის წლების მანძილზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ანსამბლში მღეროდა და სწორედ აღნიშნული ანსამბლიდან გაითქვა სახელი.
სხვა ცნობილ უკრაინელ მომღერლებთან ერთად, რუსლანა ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებშიც მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, რუსლანა იქნება უკრაინის გულშემატკივართა კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრი და თავისი სიმღერითა და მკერდ-ბარძაყთა ჰარმონიული ქნევით გაამხნევებს თანამემამულე ფეხბურთელებს.