ჭიდაობა

20:23 | 25.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

საჭიდაო სეზონის კლასიკური წერტილი

მანუჩარ ცხადაია საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთადერთი წევრია, ვინც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია უკვე მოიპოვა. ერთადერთი სპორტსმენია ბეგი დარჩიას გუნდში, მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის კვარცხლბეკზე რომ ავიდა. წარმატებული სეზონის ბოლოს თამამად შეეძლო, საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობისგან თავი შეეკავებინა. მიზეზის მოძებნაც არ დასჭირდებოდა - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ და ნაკრების მწვრთნელებმა მას ნება დართეს, შიდა კონკურენციით აღარ დატვირთულიყო, მაგრამ სპორტსმენმა თავად ისურვა სპორტკომპლექს “არენას” ხალიჩაზე გასვლა. ჩვეულად, ლამაზად იჭიდავა და მაყურებელიც გვარიანად ასიამოვნა.
უკვე ტრადიციად იქცა, საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობას ნაკრების პირველ ნომრად მიჩნეულ სპორტსმენთა უმეტესობა ამა თუ იმ მიზეზით თავს არიდებს. ასე იყო წელსაც. ტრავმის, მწვრთნელთან შეთანხმების თუ სხვა გაურკვეველ პრობლემათა გამო, ხალიჩაზე არ გასულან ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ), მანუჩარ კვირკველია (74 კგ) და რამაზ ნოზაძე (96 კგ). მანუჩარ ცხადაია და რევაზ ლაშხი (66 კგ) კი, ის გამონაკლისები იყვნენ, რომელთაც არ დაიზარეს და ტურნირს სილამაზე შემატეს.
ლაშხის მსგავსად, ცხადაიამაც ჩვეულზე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა მოსინჯა ძალა და ჩემპიონატი მანაც წაუგებლად ჩაამთავრა. შეგახსენებთ, მანუჩარმა საქართველოს შარშანდელ პირველობაზეც 74 კილოგრამში იჭიდავა და მაშინაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამჯერად ოქროს გზას მამუკა მახარაძის ძლევით შეუყვა. შემდეგ ზეზვა აბრამაშვილი, გოგა აფრიამაშვილი და უშანგი ჩიტიაშვილი ჩამოიშორა. ფინალში კი ზურაბ დათუნაშვილს აჯობა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი სწორედ ფინალური შეხვედრა იყო. მსოფლიოს ორგზის ფინალისტმა თავისზე უმცროს და გამოუცდელ მეტოქეს – ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორს ორ პერიოდში კი მოუმთავრა საქმე, მაგრამ ვერავინ იტყვის, ჩემპიონმა მიზანს იოლად მიაღწიაო.
პირველ პერიოდში ცხადაიამ მომგებიანი ლამაზი სამქულიანი ბოლო წამებზეღა შეასრულა, მეორე პერიოდში კი ერთადერთი ქულა მას შემდეგ მიიღო, რაც დათუნაიშვილმა ბოლო ჩოქბჯენის გამოყენება ვერ შეძლო. ბრინჯაოს მედლებს აფრიამაშვილი და შმაგი გულიაშვილი დაეუფლნენ. ამ უკანასკნელმა რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, ოქრო-ვერცხლის შანსი ძალიან დაძაბულ ნახევარფინალში, დათუნაშვილთან წაგებით დაკარგა.
60 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ყველაზე გამოცდილი, ირაკლი ჭოჭუა ავიდა. გამორჩეულად კარგი სანახავი ამ წონაშიც ფინალური ორთაბრძოლა გამოდგა, რომელშიც ჭოჭუამ, პირველ ყოვლისა, გამოცდილების ხარჯზე აჯობა ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონ ფირუზ წულუკიძეს. სამპერიოდიანი შეხვედრის პირველი-ორი პერიოდი უქულოდ გაილია და საქმე ჩოქბჯენამდე მივიდა. იქ კი, იმ მოჭიდავეებმა იმარჯვეს, რომლებიც თავს იცავდნენ, ოღონდ მიზნისთვის მართლა თავის დაცვით არ მიუღწევიათ. ჯერ იყო და ჭოჭუამ ჩოქბჯენიდან ორქულიანი უპირატესობა მიიღო, მაგრამ უპირატესობა ბოლო წამებზე გაანიავა, შემდეგ კი ანალოგიური უსიამოვნება უკვე წულუკიძეს შეემთხვა. მესამე პერიოდისთვის განკუთვნილი წუთნახევარიც ის იყო, უნდა ამოწურულიყო, რომ ირაკლი ჭოჭუამ მეტოქის წამიერი მოდუნებით ისარგებლა და ულამაზესი საჩემპიონო სამქულიანი შეასრულა.
ფინალამდე ჭოჭუამ თორნიკე ჯანგავაძეს, რამაზ სურმანიძეს და გოგა გოგიბერაშვილს მოუგო. რეპეშაჟში სწორედ ეს მოჭიდავეები ჩაერთნენ და მესამე ადგილზე გოგიბერაშვილი გავიდა. მეორე ბრინჯაოს გოგას ძმა, გოგიტა დაეუფლა. სამტრედიელმა ძმებმა მაყურებლებს თავი ლამაზი ჭიდაობით დაამახსოვრეს. შთამბეჭდავი იყო ხვიჩა ჭითავას გამოსვლაც. ამ 18 წლის სპორტსმენმა სამი მეტოქე ჩამოიცილა. მათ შორის ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ქემალ ხარაბაძე. ძირითად ბადეში ნახევარფინალამდე მივიდა, მერე კი ზედიზედ ორჯერ წააგო (წულუკიძესთან და გოგიტა გოგიბერაშვილთან) და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
96 კილოგრამში საწყის ეტაპზევე ერთი ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. საქართველოს შარშანდელი ჩემპიონი სანდრო დიხამინჯია გენადი ხელიასთან ორ პერიოდში დამარცხდა და მალე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა, რადგან ხელიას მეოთხედფინალში მიხეილ ქაჯაიამ სძლია. ნახევარფინალში მიხეილის ძმა ირაკლიც გავიდა. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი ორივემ მარცხი იწვნია. მიხეილმა – ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ სოსო ჯაბიძესთან, ხოლო ირაკლიმ – ამირან ზარნაძესთან. ამ უკანასკნელის გადამწყვეტ ეტაპამდე მისვლა დღის ერთ-ერთი მოულოდნელობა იყო. მთავარი სიურპრიზისთვის კი ძალა აღარ ეყო. ჯაბიძემ მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხალიჩას ბრინჯაოს მედლით დაუბრუნდა გივი მორჩილაძე, მეორე ბრინჯაო კი ირაკლი ქაჯაიამ ირგუნა. წინასწარი ინფორმაციით, ტურნირში ვლადიმერ გეგეშიძეც უნდა ჩართულიყო. აიწონა კიდეც და სატურნირო ბადეშიც იყო, მაგრამ მისი ჭიდაობა ბოლო მომენტში გამოირიცხა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ 84 კილოგრამში მოჭიდავე შეგირდის 96-ში ჩართვა სარისკოდ მიიჩნია, მით უმეტეს, როცა გეგეშიძემ ტრავმა ახლახანს მოირჩინა.
საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორებით ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაკომპლექტდება, რომელიც ორიოდ კვირაში ახალ სეზონს მოსამზადებელი შეკრებით გახსნის.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
25 დეკემბერი



60 კგ
1 ირაკლი ჭოჭუა (თბილისი)
2 ფირუზ წულუკიძე (აჭარა)
3 გოგიტა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
3 გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)

74 კგ
1 მანუჩარ ცხადაია (ხობი)
2 ზურა დათუნაშვილი (თბილისი)
3 გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)
3 შმაგი გულიაშვილი (გარდაბანი)

96 კგ
1 სოსო ჯაბიძე (ბაღდადი)
2 ამირან ზარნაძე (თერჯოლა)
3 ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)
3 გივი მორჩილაძე (თბილისი)

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.219996