ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 2010 წლის სეზონი ერთი თვის წინათ დაასრულეს. ბერძნულ-რომაულის მიმდევრებს კი ზამთრის არდადეგებს ერთი დღეღა აშორებთ. დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში, საქართველოს ორდღიანი ჩემპიონატის პირველი დღე უკვე ჩამთავრდა და შვიდიდან ოთხ წონით კატეგორიაში სამეულებიც შეივსო – გუშინ მედლები 55, 60, 66 და 74 კილოგრამებში გათამაშდა.
ვიდრე უშუალოდ სპორტულ მხარეზე გადავიდოდეთ, არ იქნება დარბაზში არსებული წესრიგი არ ვახსენოთ. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ამ მხრივ ყველაფერი საუკეთესოდაა, მაგრამ ბოლო წლების ტრადიციების გათვალისწინებით, ამ ერთ დღეში უკეთესობა აშკარად იგრძნობოდა. უჩვეულო სიწყნარე, ძირითადად, ორმა ფაქტორმა განაპირობა: არენის კიდეებზე წესრიგის დამცველთა დაყენებამ და უცხოელი მსაჯების ჩამოყვანამ. როგორც წესი, შეხლაშემოხლის მთავარი მიზეზი ეს ორი პრობლემა ხდებოდა ხოლმე.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დარბაზში გაშლილი სამივე ლეიბს სომეხი არბიტრები ხელმძღვანელობდნენ. შეიძლება რიგ შემთხვევებში ისინიც ცდებოდნენ, მაგრამ ამას არც სპორტსმენებისა და მწვრთნელების და არც მათი გულშემატკივრების მხრიდან, სერიოზული გაღიზიანება არ მოჰყოლია. მიზეზი მარტივია, ყველას გათავისებული ჰქონდა, რომ შეცდომა ტენდენციურობით არ იქნებოდა გამოწვეული. ქართველების მსაჯობის შემთხვევაში კი არაობიექტურობა თითქმის ყოველთვის დამატებით ეჭვებს აჩენს ხოლმე.
ერთადერთი, რაც უსიამოვნოდ გვეჩვენა და რისი გამოსწორებაც უმარტივესია, დარბაზის არასათანადო განათება და დაბალი ტემპერატურა იყო. ნათურები სრულად მხოლოდ ჩვენი ფოტოკორესპონდენტის, ეკა ელოშვილის მოთხოვნის შემდეგ დატვირთეს. სიცივის პრობლემა კი პრობლემადვე დარჩა. თუმც, უარესებიც გვინახავს და ამ თემას აქვე დავხურავთ.
მოლოდინისამებრ, ტრიბუნები დილიდანვე გადაიჭედა. არენის ის მონაკვეთიც სწრაფადვე შეავსო, რომელიც მაყურებლისთვის იყო გათვალისწინებული. ახლა კი საწყისი 4 წონის ჩემპიონ-პრიზიორებზეც ვთქვათ.
55 კილოგრამში მხოლოდ 16-მა მოჭიდავემ მოიყარა თავი. მათ შორის, საქართველოს ნაკრების წევრმა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა გოგიტაძემაც. ქუთაისის სახელით მოჭიდავე მსუბუქწონოსანმა შიდა კონკურენციაში თავისი უპირატესობა ამჯერადაც დაამტკიცა და საკმაოდ იოლადაც. თბილისელი თემურ ცირდავასა და აჭარელების - ახმედ ბერიძისა და ამირან შავაძის ძლევის შემდეგ, გადამწყვეტი გამარჯვება ოზურგეთელ ზურაბ მაჭარაშვილთან მოიპოვა და ოქროს მედალთან ერთად, ერთწლიანი ხელფასიც შეინარჩუნა. თავის მხრივ, მაჭარაშვილმაც ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი. საწყის ეტაპებზე შეჯიბრს საქართველოს წინა ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს აჭარელი პრიზიორები, ზურაბ კეკელიძე და გიორგი გვენეტაძე გამოთიშა. ამჯერად მესამე საპრიზო ადგილები წყალტუბოელმა გენადი ქუთათელაძემ და აჭარელმა ამირან შავაძემ დაიკავეს.
60 კილოგრამშიც ყოფილმა ჩემპიონმა შეინარჩუნა ოქრო. ნაკრების წევრმა რევაზ ლაშხმა გადამწყვეტ ბრძოლაში გამოცდილ მოწინააღმდეგეს, ირაკლი ჭოჭუას აჯობა. იქამდე კი გარდაბნელი თორნიკე ტოტიკაშვილი და აჭარელები, სულხან და ფირუზ წულუკიძეები ჩამოიცილა. ეს უკანასკნელი ჭაბუკებში ევროპის მოქმედი ჩემპიონია. უფროსებში ჯერ მისგან სამეულში შესვლას ალბათ ბევრი არც ელოდა, მაგრამ ფირუზმა ყველას დაუმტკიცა, რომ ძირითად გუნდში მოსახვედრად ბრძოლა აქედანვე შეუძლია. გუშინ მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ასევე ყოჩაღად და ლამაზად მოჭიდავე სამტრედიელ გოგიტა გოგიბერაშვილთან ერთად.
დღის უმთავრესი სიურპრიზი კი მაყურებლებს არჩილ თურმანიძემ (66 კგ, აჭარა) შესთავაზა. ახალგაზრდებს შორის ევროპის შარშანდელმა ვერცხლის პრიზიორმა ამჯერად ფინალამდე 4 მეტოქეს სძლია: მერაბ ქაჯაიას (აჭარა), ალექსანდრე ტაბატაძეს (თბილისი), ზაზა სანიკიძესა (ქუთაისი) და მარად აბულაძეს (აჭარა), ხოლო საჩემპიონო გამარჯვება მასზე ბევრად გამოცდილ მუხრან მაჭუტაძესთან (აჭარა) იზეიმა. ამ წონაში წინა ჩემპიონატზე, რომელიც წლეულს, იანვარში გაიმართა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქუთაისელი ანტონ მამაგეიშვილი ავიდა. დღეს მას მორიგი ოქროს მოპოვების შანსი ნახევარფინალში, მაჭუტაძემ გადაუწურა. რეპეშაჟში გადართულმა მამაგეიშვილმა ბრინჯაოს მოგება მაინც შეძლო. ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა აჭარელი მარად აბულაძეც.
74-მა კილოგრამმა ნაკრების წევრობის ორი უმთავრესი კანდიდატი მოისაკლისა. თანამედროვე ქართული ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ყველაზე ტიტულოვანი მოჭიდავე მანუჩარ კვირკველია და საქართველოს აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი გენადი გოგიშვილი. სამაგიეროდ ამ წონაში საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენმა მანუჩარ ცხადაიამ (ხობი) აგერ უკვე ზედიზედ მეორე ჩემპიონატზე აინაცვლა და რიგიანადაც იჭიდავა. მისი და თბილისელი ილია გულბათაშვილის ფინალური დაპირისპირება სულაც, დღის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გამოდგა. სამსეტიან დაძაბულ ბრძოლაში ცხადაიამ იმარჯვა და იანვარში დაკავებული მეორე ადგილიდან პირველზე აინაცვლა. ამ შეხვედრამდე მანუჩარ ცხადაიამ რამინ ფევაძეს (აჭარა), სერგო კიღურაძეს (სამტრედია), ავთანდილ მარგალიტაძესა (ოზურგეთი) და გიორგი ჯავახიას (თბილისი) მოუგო. გულბათაშვილის მიერ მოპოვებულ გამარჯვებათაგან კი გამოსარჩევი ნახევარფინალია, სადაც მან ნაკრების ერთ-ერთ კანდიდატს, ქუთაისელ გიორგი ცირეკიძეს აჯობა.
ფინალის დასრულების შემდეგ ცხადაიასგან შევიტყვეთ, რომ წონითი კატეგორიის შეცვლაზე უკვე სერიოზულად ფიქრობს და შესაძლოა მარტში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზეც უკვე 74-ში იჭიდაოს.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 84, 96 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან. ამ წონებში მოჭიდავე სპორტსმენთა აწონვა გუშინ ნაშუადღევს გაიმართა და ბევრისთვის გასაკვირად, მასში მონაწილეობა არ მიიღო რამაზ ნოზაძემ. ტრავმამოშუშებული ნოზაძე წინასწარი ინფორმაციით, მძიმე წონაში უნდა გასულიყო ლეიბზე. ეს მისმა პირადმა მწვრთნელმა ოთარ ტატიშვილმაც დაგვიდასტურა, ჯერ კიდევ აწონვამდე ერთი საათით ადრე, მაგრამ...
მეორე უსიამოვნო სიურპრიზის შესახებ უკვე ფინალების ჩამთავრების შემდეგ შევიტყვეთ – მანუჩარ კვირკველიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჭიდაობას ვერც ის შეძლებს. არადა იგი 84 კილოგრამში აიწონა და შესაბამისად, განაცხადშიც იყო შეყვანილი. თუ ქართული სპორტისა და უშუალოდ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის კატეგორიულ მოთხოვნას გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, ნოზაძესა და კვირკველიას გამოტოვებული საქართველოს პირველობა ევროპის ჩემპიონატის გამოტოვებადაც უნდა დაუჯდეთ.
დარჩენილი 3 წონის წინასწარი შეხვედრები დილის 11 საათიდან დაიწყება.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
22 დეკემბერი
55 კგ
1 ლაშა გოგიტაძე (ქუთაისი)
2 ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი)
3 ამირან შავაძე (აჭარა)
3 გენადი ქუთათელაძე (წყალტუბო)
60 კგ
1 რევაზ ლაშხი (ბორჯომი)
2 ირაკლი ჭოჭუა (თბილისი)
3 გოგიტა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
3 ფირუზ წულუკიძე (აჭარა)
66 კგ
1 არჩილ თურმანიძე (აჭარა)
2 მუხრან მაჭუტაძე (აჭარა)
3 ანტონ მამაგეიშვილი (ქუთაისი)
3 მარად აბულაძე (აჭარა)
74 კგ
1 მანუჩარ ცხადაია (ხობი)
2 ილია გულბათაშვილი (თბილისი)
3 ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
3 რამინ ფევაძე (აჭარა)
ოთარ მაღლაკელიძე