გულშემატკივრის სვეტი

11:26 | 14.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

საბელით დაბმული არგენტინა

არგენტინის ნაკრებმა ისევ ვერ მოიგო. ამჯერად ბუენოს აირესში, შესანიშნავი ქომაგობით განთქმულ სტადიონ ”ელ მონუმენტალზე”, “სახლის გუნდად“ ცნობილ ბოლივიასთან. ფაქტია, რომ ალეხანდრო საბელიას მძიმე დღეები უდგას და ვარსკვლავებით გადაძეძგილი არგენტინის ნაკრების მწვრთნელს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. ყველაზე მთავარი კითხვა კი, მაინც იგივე დარჩა: ასეთი უსაშველო და მოუგვარებელი რა სჭირს არგენტინის ნაკრებს?.. წლების წინ, როდესაც ”ალბისელესტეს” მწვრთნელის თანამდებობიდან დანიელ პასარელა გადააყენეს, პასარელამ დაიბარა – მე კი მივდივარ, მაგრამ თქვენ რა გეშველებთ, თქვე უბედურებოო... პასარელამ თავისი ეს ბოღმანარევი სიტყვები შემდგომში ასე განმარტა: ”სანამ არგენტინულ ფეხბურთში ხულიო გრონდონასთანა (არგენტინული ფეხბურთის ბოსი) ხალხი იქნებიან, ათი მარადონაც რომ გვყავდეს, მაინც ვერაფერს მივაღწევთ, რადგან გრონდონა და მისი ხალხი, გარდა იმისა, რომ ფეხბურთოს მართვის აზრზე არ არიან, კორუფციაშიც არიან გარეულები და იმდენ ფულს შოულობენ, თქვენ და თქვენს წინაპრებს რომ არც კი დასიზმრებიათო”. მოკლედ, პასარელამ მოაღო პირი და რაც იცოდა და რაც არ იცოდა, ყველაფერი ილაპარაკა. პასარელას შემდეგ ვინ არ იყო ”ვერცხლისქვეყნელთა” ნაკრების მწვრთნელი. ბასილე გინდა, ბიელსა თუ მარადონა. ერთი პირობა გადაყრუებული სესარ ლუის მენოტის დანიშვნასაც კი ფიქრობდნენ ეს ბედშავები. მაგრამ საქმეს საშველი არა და არ დაადგა. 1990 წლის შემდეგ, არგენტინის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე დიდ მიღწევად 1\4 ფინალში გასვლა რჩება. და ეს მაშინ, როდესაც უკანასკნელ მუნდიალებზე ნახევარფინალში ისეთმა გუნდებმაც კი გააღწიეს, როგორიც ხორვატია, თურქეთი და სამხრეთ კორეაა. ბოლო პერიოდში არგენტინის ნაკრებისათვის მწვრთნელების ცვლა ისეთივე მარტივ ამბად ითვლება, როგორც ლეო მესისათვის ესპანეთის ჩემპიონატში გოლის გატანა. ახლა კი ამ უბედურ ვარსკვლავქვეშ დაბადებულ საბელიას ჯერია და ადვილი შესაძლებელია, რომ ისიც მისი წინამორბედების გზას გაუყენონ. თუმცა, ალბათ უკვე ყველა დავრწმუნდით, რომ “ალბისელესტეს” რაც სჭირს, ეს მწვრთნელების ბრალი, შესაძლებელია, სულაც არ იყოს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მთელმა არგენტინამ იცის, რომ ხულიო გრონდონა და მისი “ამქარი” სულაც არ არიან ”წმინდა წყლის ხალხი”. იციან, მაგრამ საბოლოო ჯამში დიეგო მარადონასა და სხვა იშვიათი გამონაკლისი ადამიანების გარდა, ხმას არავინ იღებს. ამ ხმის ამოუღებლობაში შიშზე მეტად სულ სხვა ფაქტორი თამაშობს როლს. არგენტინა საქართველოსავით ნათესავურ-ახლობლურ ურთიერთობებზე გადაგებული ხალხით დასახლებული ქვეყანაა. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში მხოლოდ გრონდონა არ მუშაობს. იქ ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელების ახლობელ-ძმაკაცებიც მუშაობენ. აი, რას ამბობს წარსულში არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი მატიას ალმეიდა: ”არგენტინული ფეხბურთის მმართველ ორგანოში დასაქმებული ადამიანების შტატები ხელოვნურად არის გაზრდილი და ბევრად აღემატება იმ რაოდენობას, რაც რეალურად სჭირდება ჩვენი ფეხბურთის მართვას. გრონდონა სამსახურში პრაქტიკულად ყველა ვეტერან ფეხბურთელს იღებს, ვისაც კი ამის სურვილი გაუჩნდება. ეს არის ფეხბურთელების ერთგვარი მოსყიდვა. არგენტინულ ფეხბურთში არცთუ ბევრი ფული ტრიალებს, მაგრამ როდესაც კაცი თავისთან სამუშაოდ გეძახის, შემდეგ მის წინააღმდეგ გამოსვლა გაგიჭირდება. სწორედ ამაში მდგომარეობს ხულიო გრონდონას ჩანაფიქრი. იგი ამ გზით პოტენციურ მოწინააღმდეგეებს იშორებს”. მატიას ალმეიდას არ უთქვამს, რომ დაახლოებით ორი წლის წინ თავადაც დასთანხმდა გრონდონას შეთავაზებას და დაიწყო ფედერაციაში მუშაობა, მაგრამ შემდეგ მარადონას ”ბანაკში” გადავიდა და ნაკრებიდან დიეგოს გათავისუფლების პარალელურად, თავადაც აიკრიფა გუდა-ნაბადი.
სანამ არგენტინულ ფეხბურთში ასეთი არაჯანსაღი დინებებია, მანამდე არგენტინის ეროვნულ ნაკრებს მძიმე დღეები უდგას. ჯერ იყო და, მარადონას დამოძღვრილ გუნდს მსოფლიოს უკანასკნელ ჩემპიონატზე გერმანიის გუნდმა დაასხა თავსლაფი. ამის შემდეგ, “ალბისელესტე” არგენტინაშივე გამართულ კოპა ამერიკაზე ურუგვაის ნაკრებმა გამოაპინტრიშა მეოთხედფინალიდან და სრულიად არგენტინას ჩაუმწარა ტურნირის მასპინძლობის სიხარული. ამის შემდეგ, საბელიას გუნდი კარაკასში, ვენესუელის ნაკრებმა დაამარცხა. უკანასკნელ მატჩში კი, როგორც უკვე იცით, არგენტინელებმა ბოლივიელ მთიელებს ვერ მოუხერხეს ვერაფერი და ესეკიელ ლავესის რომ არ გამოედო თავი, შესაძლოა, საერთოდ წაეგოთ ის თამაში. არგენტინის გუნდი 2011 წელს უკანსაკნელ მატჩს ორიოდ დღეში, კოლუმბიის ნაკრებთან სტუმრად გამართავს. ალეხანდრო საბელია იმუქრება, კოლუმბიელებს ნაღდად უნდა მოვუგოთო. და რომც მოუგონ, ვითომ ეგ იქნება საშველი?!

ლევან სეფისკვერაძე
 

0.12207