ალბათ, დაგაინტერესებთ, რომელი ქართველი ფეხბურთელები გამხდარან სეზონის საუკეთესო ბომბარდირები უცხოურ ლიგაში - ამ ცხრილში მოყვანილია მხოლოდ უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებები. ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ორი სხვადასხვა უცხოური ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე გამხდარა, გიორგი დემეტრაძე გახლავთ. როგორც იცით, “დემე” ჯერჯერობით პატიმრობაშია და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ახალ წლამდე გათავისუფლდება.
28 მატჩი, 21 გოლი – ეს “ალანიაში” 1999 წელს. 28 მატჩი, 18 გოლი – ეს დონეცკის “მეტალურგში” 2003/2004-ის სეზონში.
დემეტრაძე რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატების საუკეთესო გოლეადორია, ამას დაუმატეთ საქართველოს უმაღლესი ლიგის ბომბარდირობაც – ანუ, თავისებური “ჰეთ-თრიქი” აქვს შესრულებული.
ამ მიღწევამდე ცოტა დააკლდა შოთა არველაძეს, რომელიც უცხოეთში მხოლოდ ერთგან, თურქეთში გახდა საუკეთესო მეგოლე. ჰოლანდიაში ხან ნიკოს მახლასი და კლას-იან ჰუნტელაარი ასწრებდნენ, შოტლანდიურ “გლაზგო რეინჯერსში” თამაშისას კი “სელტიკის” შვედ ვარსკვლავ ჰენრიკ ლარსონს ვერ ეწეოდა – ლარსონს ხომ საოცარი სტატისტიკა ჰქონდა სქოთურ პრემიერლიგაში.
რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ლატვია, მოლდოვა, ფინეთი – ამ ქვეყნებში გამხდარან ქართველები საუკეთესო მეგოლეები. პირველი სწორედ შოთა გახლდათ, რომელმაც “ტრაბზონსფორში” 1995/96 წლების სეზონში 34 მატჩში 25 გოლი მიითვალა.
ერთ წელიწადში დავით ჩალაძემ მიაღწია ბომბარდირობას ლატვიაში – ‘სკონტოში” თამაშისას. აღსანიშნავია, რომ ჩალაძეს სულ 20 მატჩი დასჭირდა 25 გოლის გასატანად.
ლატვიაშივე, ჯერ ოფიციალურად არა, მაგრამ თითქმის უკვე ბომბარდირია მამუკა ღონღაძე. დაუგავპილსის “დაუგავას” ქართველ ფორვარდს 18 გოლი აქვს გატანილი და ბოლო ტურის წინ, 5 ბურთით უსწრებს უახლოეს მდევარს.
აზერბაიჯანში ორი ბომბარდირი გვყოლია: 1999/2000 წლების სეზონში ბადრი კვარაცხელიამ (“შამქირი”) 22 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა, ხოლო 2010/11-ში გიორგი ადამიამ (“ყარაბახი”) 31 თამაშში 18-ჯერ გაამწარა მეტოქე.
17 გოლით მოლდოვის ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი გახდა დავით მუჯირი, რომელიც “შერიფში” გამოდიოდა. “მუმუმ” 2000-2001 წლების სეზონში რუსლან ბარბუროსთან ერთად გაიყო გოლეადორობა.
წლეულს ფინეთშიც იყოჩაღა ქართველმა. “ინტერის” ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ 33 მატჩში 17 გოლი შეაგდო და საუკეთესო მეგოლე გახდა.
ანუ, ღონღაძის ჩათვლით, სულ 8 ქართველი ფეხბურთელი გამხადარა გოლეადორი. ისე კი, ზოგს სულ ცოტა დააკლდა - მაგალითად, გოჩა გოგრიჭიანს კვიპროსულ “ომონიაში”, ლადო დვალიშვილს ლატვიურ “სკონტოში”, ჯაბა დვალს მოლდოვის “დაჩიაში”...
ილია ნანობაშვილი