ინტერვიუები

10:01 | 19.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

რუუდ ვან ნისტელროი: "ყოველთვის მსურდა "რეალში" დაბრუნება"

ესპანელი გულშემატკივრებისთვის, განახლებული ბუნდესლიგის ერთი მატჩი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. ცხადია მიხვდით, გელზერკირხენის “შალკესა” და “ჰამბურგის” დაპირისპირებას ვგულისხმობთ. “ფელტინს არენაზე” ერთმანეთის წინააღმდეგ ხომ მადრიდის “რეალის” ყოფილი 2 გოლეადორი, რუუდ ვან ნისტელროი და რაულ გონსალეს ბლანკო წარსდგნენ. მათ გარდა, მინდორზე “სამეფო კლუბის” ექსფეხბურთელები: ხურადო, კლაას იან ჰუნტელაარი და კრისტოფ მეცელდერი იყვნენ. განსაკუთრებული ყურადღება კი, ჩვენს მიერ ნახსენები ბომბარდირებისკენ იყო მიმართული. ასპარეზობის დასრულების შემდეგ კი, Skу Dеustchlаnd-ის ოპერატორმა, მეტად საყურადღებო კადრი “დაიჭირა”: მინდვრის შუაგულში, ვან ნისტელროიმ და რაულმა დიალოგი გააბეს და ასე საუბარ-საუბარში გავიდნენ გასახდელში. ოპერატორის მიერ გადაღებული მასალა, მოგვიანებით სპეციალისტებმა გააანალიზეს და ჩვენი გმირების ტუჩების მოძრაობით, ვან ნისტელროისა და რაულის დიალოგი “გაშიფრეს”. ჰოლანდიელი ბომბარდირი ესპანელ ვარსკვლავს ეკითხება, “რეალის” წინადადებასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილების მიღებას მირჩევო, რაზეც გონსალეს ბლანკო დაუფიქრებლად პასუხობს, “დაბრუნდი”. ამის შემდეგ, ფეხბურთელები ოპარატორისა და კამერის თვალს მიეფარნენ.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რუუდ ვან ნისტელროი სადღეისოდ, ჰამბურგელ და მადრიდელ გულშემატკივართა შორის, ყველაზე პოპულარული ადამიანია. “ჰამბურგში” მოასპარეზე ჰოლანდიელს ხომ “რეალმა” შესთავაზა “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნება. ამიტომაც, ბენილუქსელ ცენტრფორვარდს, გამოცემა As-ი  სამომავლო გეგმების გასაცნობად დაუკავშირდა. ფეხბურთელისა და ჟურნალისტის დიალოგამდე კი, ჰამბურგელთა კლუბის სპორტული დირექტორის, ბასტიან რაინჰარდტის პოზიციას გაგაცნობთ. ფუნქციონერმა ჰოლანდიელის გაშვებასთან დაკავშირებით, “ჰამბურგის” ოფიციოზის ურყევი პოზიცია გამოხატა. რაინჰარდტის მტკიცებით, კლუბის ხელმძღვანელობას ვან ნისტელროის შენარჩუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და საამისოდ, თავად ბენილუქსელი მოთამაშის დარწმუნებასაც  შეეცდება. “რუუდთან” ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ. ჯერ “რეალიდანაც” არავინ შეგვხმიანებია და მათი სურვილის თაობაზე, მხოლოდ ფურცლებიდან შევიტყვეთ” - ამგვარი განცხადება გააკეთა ჰამბურგელთა სპორტულმა დირექტორმა გერმანული მედიისთვის და როდესაც ანალოგიური კითხვა ესპანელმა რეპორტიორებმაც დაუსვეს, პასუხს თავი აარიდა და მოხოლოდ მოკლედ მოჭრა - ვან ნისტელროისა და “რეალზე” სათქმელი არაფერი მაქვსო.   
- როგორ შეხვდით პრესის ფურცლებზე გავრცელებულ ცნობას, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, მადრიდის “რეალს” თქვენი გადაბირება რომ სურს?
- ჩემს შესახებ, ლამის, ყოველდღიურად უამრავი რამ იწერება, მაგრამ ამ ამბავმა მოსვენება დამიკარგა. “რეალში” დაბრუნება საოცნებო რამაა. ესპანეთის დედაქალაქში ხომ ბრწყინვალე საფეხბურთო წლები გავატარე. გადაწყვეტილების მიღების მომენტი დამიდგა, თუმცა, ისე არ გამიგოთ, ჩემს სამომავლო კარიერაზე ზრუნვითა და ფიქრით, “ჰამბურგს” რაიმე სახის ზიანი მიადგება. კვლავინდებურად მონდომებით დავიცავ ჩრდილოგერმანელთა ღირსებას. გამოგიტყდებით და, რამდენიმე კლუბმა საკმაოდ სარფიანი წინადადებით მომმართა. ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობენ, მაგრამ მათი რიგების დაცვა არ მაინტერესებს. აი, “რეალი” კი, სულ სხვა კლუბია.
- გამოდის, “რეალს” უარს ვერ ეტყვით?
- მადრიდელებს კარგად ესმით საკითხის დელიკატურობა. ისინი კარგად მიცნობენ და იციან, მათი წინადადებით აღელვებული რომ ვარ. ჩემი მხრიდან, “ჰამბურგი” პატივისცემით მოპყრობას იმსახურებს. კლუბის ხელმძღვანელობას, გუნდის მწვრთნელებს, ფეხბურთელებს გულახდილად უნდა ვესაუბრო, საკუთარი სურვილები გავაცნო და მათი აზრი ყურადღებით მოვისმინო. თანაც, “ჰამბურგთან” კონტრაქტით ვარ დაკავშირებული და ამიტომ, ბევრი რამ კლუბზეა დამოკიდებული. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას – უახლოეს დღეებში ბევრი რამ გაირკვევა.
- გულახდილად გვიპასუხეთ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნება გსურთ?
- აკი მოგახსენეთ, “ჰამბურგს” ჯერ უნდა დაველაპარაკო. ამ გუნდმა ხომ ნდობა გამომიცხადა, გულშემატკივრებმა და პარტნიორებმა გულთბილად მიმიღეს, ამიტომაც, მათი აზრის გათვალისწინების გარეშე, რომელიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს ვერ გადავდგამ. მადრიდელებმა კარგად იციან, როგორ ვაფასებ “რეალს”, რაოდენ დიდი სურვილი მაქვს ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობისა, მაგრამ ყველაფერი “ჰამბურგის” მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული.
- თქვენი აზრით, როგორ მოიქცევა “ჰამბურგი”?
- ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, იოლად არ შემელევა. კლუბთან ხელშეკრულება მაქვს ხელმოწერილი და მდგომარეობიდან ოპტიმალური გამოსავალი ყველამ ერთად უნდა მოვნახოთ. ბევრი რამ გაირკვევა ჩემი და “ჰამბურგის” ხელმძღვანელთა საუბრის დროს.  
- ჰამბურგელებმა მადრიდში გადასვლის ნება რომ არ დაგრთონ, მათთან სახელშეკრულებო ვალდებულებების გაუქმებას მოითხოვთ?
- ვნახოთ, როგორ ჩაივლის ჩვენი დიალოგი. ჯერჯერობით, უფროსობასთან ურთიერთობისთვის დრო არ მქონია. “ჰამბურგი” ხომ “შალკესთან” მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადებოდა და მას შემდეგაც, ორივე მხარე დაკავებულნი ვართ. სიტუაციისთვის ნათელის მოფენის დრო მალე დადგება. ჩემი მხრიდან, არასწორი ნაბიჯი არ გადამიდგამს და დარწმუნებული ვარ, “ჰამბურგიც” ყურადღებით და გულისხმიერად მოეპყრობა ჩემს ამბავს.
- კარგად გვესმის თქვენი სულიერი მდგომარეობა. მადრიდში დაბრუნება გწადიათ და არც “ჰამბურგი” გსურთ დატოვოთ გულნატკენი...
- გელზენკირხენელებთან მატჩამდე, ძალიან რთული დღეები გამოვიარე. საბედნიეროდ, “შალკეს” წინააღმდეგ სათამაშოდ ბოლომდე მობილიზებული გავედი და გუნდმაც მოგება ჩემი გოლით მოახერხა. შექმნილი ვითარების გარკვევა კი, ყველა მხარის ინტერესშია. გავიმეორებ, “ჰამბურგის” მადლობელი ვარ, მაგრამ როცა საკუთარ რიგებში მადრიდის “რეალი” გეპატიჟება, ძნელია ცდუნებას გაუძლო. “სამეფო კლუბი” ერთადერთია, რომელში გადასვლასაც ვისურვებდი. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასაოცარი პერიოდი გავიარე და ყოველთვის მსურდა კასტილიაში დაბრუნება.
- კლუბებს შორის მოლაპარაკების დაწყების შემთხვევაში, დიალოგში ჩაერთვებით?
- არა. ჯერჯერობით “ჰამბურგის” წევრი ვარ და ამ გუნდის ინტერესიდან გამომდინარე ვიმოქმედებ. მოლაპარაკების პროცესის წარმოება, კლუბების წარმომადგენელთა საქმეა.


მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 

0.115691