საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მოსკოვური ევროპირველობის დასკვნითი დღე ნოდარ მეტრეველის ოქროს მედლით დააგვირგვინა. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა, ძიუდოში მოხდილი დისკვალიფიკაციის შემდეგ სამბოში სცადა ბედი და წარმატებასაც უმალ მიაღწია. ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეტრეველმა ბელარუსი ალექსანდრ ვახავიაკი დაამარცხა. წინასწარ ეტაპზე ჩატარებული შეხვედრების სრული სტატისტიკა კი არც ტურნირის ორგანიზატორებს და არც ევროპის სამბოს ფედერაციის ვებ-გვერდს არ გაუვრცელებიათ.
დღესვე საქართველოს სახელით დავით ასუმბანმა (62 კგ) და გიორგი ბაინდურაშვილმაც (82 კგ) იჭიდავეს, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩნენ.
შეგახსენებთ, რუსეთის დედაქალაქში ევროპის ჩემპიონატი 18 მაისს დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა გენადი ჩირგაძემ (52 კგ) და ლევან ნახუცრიშვილმა (68 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 19 მაისს ხალიჩაზე ხუთი ქართველი გავიდა და ხუთივემ მედალი გამოიმუშავა. უშანგი კუზანაშვილი (57 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ბესარიონ ბერულავასა (74 კგ) და ირინე ლეონიძეს (80 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვებაღა დააკლდათ და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდნენ. მირიან პავლიაშვილი (100 კგ) და შორენა შარაძე (64 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
საერთო გუნდურ ჩათვლაში, რომელიც მამაკაცთა და ქალთა ჩემპიონატების გარდა, საბრძოლო სამბოს შედეგების დაჯამებითაც შედგა, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის შემდეგ. შეგახსენებთ, ქართველებს სრული შემადგენლობა მამაკაცებში ჰყავდათ. ქალებში – მხოლოდ 3 სპორტსმენი, ხოლო საბრძოლო სამბოში – არც ერთი.
სამბო
ევროპის ჩემპიონატი
მოსკოვი
20 მაისი
კაცები
62 კგ
1 ანტონ კლინოვი (რუსეთი)
2 ბორის ბორისოვი (ბულგარეთი)
3 ოქტავიან ნაკუ (მოლდოვა)
3 ვაე ტუტხალიანი (ბელარუსი)
82 კგ
1 სერგეი კირიუხინი (რუსეთი)
2 ალექსეი სტიაპანკოუ (ბელარუსი)
3 ანდრეი ბლინდუ (რუმინეთი)
3 აშოტ დანიელიანი (სომხეთი)
+100 კგ
1 ნოდარ მეტრეველი (საქართველო)
2 ალექსანდრ ვახავიაკი (სომხეთი)
3 კირილო ვოლოვიკი (უკრაინა)
3 მაქსიმ შირიაევი (რუსეთი)
საერთო გუნდური ჩათვლა
ო ვ ბ
1 რუსეთი 19 3 2
2 ბელარუსი 2 5 10
3 უკრაინა 2 4 14
4 საქართველო 2 4 2
5 ბულგარეთი 1 5 8
ოთარ მაღლაკელიძე