სხვა

14:12 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუსიას და თევზაძის სუპერმატჩი

რუმინეთის სახელბურთო ჩემპიონატში “ქართული დერბი“ გაიმართა: ტიმიშოარა-ოდორჰეი, ირაკლი ჩიქოვანის, შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას მონაწილეობით. ოდორჰეიმ სტუმრად 28:27 მოიგო, ხოლო ქართველები ყველაზე შესამჩნევი მოთამაშეები იყვნენ მოედანზე.

სამივე სასტარტო შვიდეულში იყო ვლადიმერ რუსიამ ყველაზე მეტი, 8 გოლი გაიტანა. 5 თამაშის შემდეგ მას 25 გოლი აქვს და ოდორჰეიში მხოლოდ ანდრეი მიჰალჩას (27) ჩამორჩება. კიდევ უფრო მეტი საქებარი სიტყვები ერგო მედიაში თევზაძეს, რომელიც ოდორჰეის კარში თავიდან ბოლომდე იდგა. მატჩის სტენოგრამაში ყველაზე ხშირად სწორედ ქართველი მეკარეა მოხსენიებული და უმეტესად – აღმატებით ხარისხში. დასკვნა კი ასეთია, რომ შოთამ “დიდი მატჩი“ ჩაატარა.

ოდორჰეიმ 17:11 მოიგო ტაიმი, მეორეშიც ლიდერობდა, ტიმიშოარამ კი მხოლოდ ბოლო წუთებზე შეამცირა სხვაობა ერთ ბურთამდე, ისე, რომ მოგების შანსი არ მისცემია. მათ რიგებში ირაკლი ჩიქოვანმა 3 გოლი გაიტანა. ტიმიშოარას 6 თამაშიდან 2 მოგება აქვს და 6 ქულით მეცხრე ადგილზეა, ოდორჰეიმ 5 მატჩიდან 4 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა – 13 ქულა. ლიდერობს ბაია მარე – 15 ქულა 6 მატჩიდან, თუმცა, მეორეზე მყოფ ოდორჰეის ნაკლები ქულა აქვს დაკარგული. ორწრიან რეგულარულ სეზონში გუნდების მთავარი ამოცანა მედლებისთვის მებრძოლ ზედა ექვსეულში მოხვედრაა.

თურქეთის ჩემპინატის მეორე ტურში საწყისი მარცხის შემდეგ მოიგო ტრაბზონსფორმა. გიგა ტორონჯაძისა და რატი მსხვილიძის გუნდმა შინ 39:22 გაანადგურა მერსინი, ხოლო ქარველი ინსაიდი ზედიზედ მეორედ გახდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი – რატიმ ამჯერად შვიდჯერ გამოიჩინა თავი და ორი ტურის შემდეგ 17 გოლი აქვს.

მაკედონიის ჩემპიონატის მეორე ტურში მეორედ მოიგო ზომიმაკ სტრუმიცამ. რევაზ ჭანტურიას გუნდმა სტუმრად დაამარცხა პელისტერი – 31:26, ხოლო ქართველმა გარემარბმა თავის ყოფილ კლუბს 3 გოლი შეუგდო.

www.geohandball.ge

0.115178