თვრამეტ აპრილს, ცხინვალიდან ვლადიკავკაზში მიმავალ რუს მოჭიდავეებს შეიარაღებულმა ნიღბიანებმა გზა გადაუკეტეს. დელეგაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთში, რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების თავკაცის, ძამბოლატ თედეევის მამის იუბილედან ბრუნდებოდა, 10 წუთით ალყაში მოაქციეს და ჰაერში სროლით შეაშინეს. შემდეგ კი გზის გაგრძელების საშუალება მისცეს. ამ ინციდენტთან დაკავშირებით, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ვებ-გვერდმა ფედერაციის პრეზიდენტის, მიხეილ მამიაშვილის ვრცელი კომენტარი გამოაქვეყნა.
“15-17 აპრილს, ვლადიკავკაზში, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის რუსეთის ჩემპიონატი გაიმართა. 18-ში კი ფედერაციისა და ძირითადი ნაკრების ხელმძღვანელები და ტიტულოვანი მოქმედი მოჭიდავეები ცხინვალში გავემგზავრეთ თედეევის მამისთვის 70 წლის იუბილის მისალოცად. წესით, ორსაათნახევარში უნდა ჩავსულიყავით, მაგრამ 6 საათიც არ გვეყო, რადგან საბაჟოზე თითოეული ჩვენგანი საოცარი სიმკაცრით გაგვჩხრიკეს. ცხინვალში ხალხმა მშვენივრად მიგვიღო, შემდეგ 2008 წლის ომში დაღუპულთა საფლავები მოვინახულეთ და ყვავილებით შევამკეთ. დაბადების დღეზე კი, მხოლოდ ორიოდ საათს გავჩერდით და ვლადიკავკაზში დავბრუნდით. უეცრად, წინ მანქანები გადაგვიდგნენ, რომლებიდანაც შეიარაღებული ნიღბოსნები გადმოხტნენ, ალყაში მოგვაქციეს და ჰაერში სროლა დაიწყეს. აშკარად აგრესიულად იქცეოდნენ, მაგრამ ფიზიკურად არ შეგვხებიან. ვერც კი მივხვდით, რა უნდოდათ. გზა ათიოდ წუთში გაგვიხსნეს. უკვე თითქმის საზღვართან ვიყავით, როდესაც სამხრეთ ოსეთის სპეცსამსახურის მანქანა წამოგვეწია, მომხდარის გამო მოგვიბოდიშეს და საზღვრამდე მიგვაცილეს. იმედია გაირკვევა, რა მოხდა, ან რა სურდათ შეიარაღებულ ნიღბოსნებს” – აცხადებს მიხეილ მამიაშვილი.