რუსეთის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა გასული, მომავალი ბატალიებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა და ტესტ-მატჩების სიაც გამოამზეურა. ბერძენი მწვრთნელის ფოტის კაციკარისის შეგირდები ერთ-ერთ საკონტროლო შეხვედრას საქართველოს ეროვნული გუნდის მომავალ მეტოქე ჩეხეთთანაც ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ევრობასკეტზე გამოსვლაზე უარი განაცხადეს რუსთა წამყვანმა ფორვარდებმა – ანდრეი კირილენკომ და ვიკტორ ხრიაპამ. ცხადია, ამან რუსებს დიდი ძალა მოაკლო, თუმცა, მათი შემადგენლობა მაინც საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება.
მცველები: ეგორ ვიალცევი, ვიტალი ფრიძონი, დმიტრი ხვოსტოვი (ყველა – “ხიმკი”), სერგეი ბიკოვი, მაკსიმ გრიგორიევი (ორივე – “ლოკომოტივ-ყუბანი”), ევგენი ვორონოვი, ანტონ პანკრაშოვი (ორივე – ცსკა), სერგეი კარასიოვი (“ტრიუმფი”), დმიტრი კულაგინი (“კრასნიე კრილია”), ალეკსეი შვედი (“მინესოტა”, NBA).
ფორვარდები: სემიონ ანტონოვი (“ნიჟნი ნოვგოროდი”), ნიკიტა ბალაშოვი (“კრასნიე კრილია”), ანდრეი ვორონცევიჩი (ცსკა), ვალერი ლიხოდეი (“ლოკომოტივ-ყუბანი”), სერგეი მონია (“ხიმკი”).
ცენტრები: ალეკსეი ჟუკანენკო (“ხიმკი”), ტიმოფეი მოზგოვი (“დენვერი”), დმიტრი სოკოლოვი (ცსკა).
ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში, რუსეთის ნაკრები 9 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 8 და 9 აგვისტოს რუსები რიგაში ლატვიას ეთამაშებიან, 12 აგვისტოს ბელგრადში – სერბეთს, 17-ში კოპერში – ბოსნია-ჰერცეგოვინას, 18-ში ლიუბლიანაში – სლოვენიას, 21-23 აგვისტოს, ვილნიუსის ტურნირზე – ჩეხეთს, ლიტვას და ფინეთს, 28 აგვისტოს კი, მოსკოვში – უკრაინას.
შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგებით, რუსეთის ნაკრები ევრობასკეტის D ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად საბერძნეთის, იტალიის, თურქეთის, ფინეთის და შვედეთის გუნდები ეყოლება.