რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ჰუსეინოვმა, თბილისის სპორტის სასახლის ხალიჩაზე გასაყვანი შვიდეული, საქართველოში წამოსვლამდე ორიოდ დღით ადრე დაასახელა. შეგახსენებთ, 19-24 მარტს, სპორტის სასახლე ევროპის 2013 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩემპიონ-პრიზიორებს ექვსდღიანი ტურნირის პირველ ოთხ დღეში გამოავლენენ.
რუსეთის ნაკრების დამრიგებელმა, ევროარჩევანი იანვარში ჩატარებული ტრადიციული ტურნირის, ივან იარიგინის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" შედეგების მიხედვით გააკეთა – შემადგენლობა ჩემპიონებით დააკომპლექტა.
იარიგინის სახელობის ტურნირზე არ უჭიდავია რუსეთის ნაკრების ერთადერთ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, ჩეჩენ ჯამალ ოთარსულთანოვს (55 კგ) და ჰუსეინოვის განაცხადშიც ვერ ჩაეწერა. უმსუბუქეს წონაში, რუსული დროშის ქვეშ დაღესტნელი არტემ გებეკოვი იჭიდავებს. ამ უკანასკნელს, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა აქამდე არასოდეს მიუღია. გებეკოვის დარად, თბილისურ არენაზე ევროდებიუტი ექნებათ ილიას ბეკბულატოვს (66 კგ), ანუარ გედუევსა (74 კგ) და მაგომედგაჯი ნურასილოვს (120 კგ) – მძიმეწონოსანს, რომელიც ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.
შვიდეულში ოთხი შედარებით გამოუცდელი მოჭიდავის ყოფნის მიუხედავად, რუსეთის ნაკრების თავკაცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე, გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებას გეგმავს. ცხადია, მაგომედ ჰუსეინოვს ყველაზე მეტად ორი გამოცდილი შეგირდის, ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონების, ოპან სატისა (60 კგ) და ანზორ ურიშევის (84 კგ) ეიმედება. ცნობისთვის, ურიშევმა შარშანწინანდელი ევროპირველობის ფინალში, მსაჯების წახმარებით დავით მარსაგიშვილი დაამარცხა და ჩვენებურს რევანშის აღების შანსი ექნება.
რუსეთის ნაკრები
თავისუფალი ჭიდაობა
55 კგ - არტემ გებეკოვი
60 კგ - ოპან სატი
66 კგ - ილიას ბეკბულატოვი
74 კგ - ანუარ გედუევი
84 კგ - ანზორ ურიშევი
96 კგ - ვლადისლავ ბაიცაევი
120 კგ - მაგომედგაჯი ნურასილოვი