გუშინ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რუსეთში გაემგზავრა. 6-8 სექტემბერს ბეგი დარჩიას შვიდეული მოსკოვში, მიმდინარე სეზონის უმთავრეს შეჯიბრში – მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. 10-12 სექტემბერს კი ხალიჩაზე უკვე თავისუფალი სტილის მიმდევრები გავლენ. ზაზა თურმანიძე შეგირდებითურთ ჯერ საქართველოშია და დასკვნით შეკრებას დღედღეზე დაასრულებს.
საყოველთაო აზრით, მსოფლიოს მომავალი პირველობა ქართველი მოჭიდავეებისთვის გამორჩეულად რთული იქნება. მოსკოვში მიმავალ დელეგაციას რუსულმა მხარემ ერთი “სიურპრიზი” უკვე გაუკეთა – ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ კახა გეწაძეს ვიზა არ მისცეს, ისე, რომ მიზეზიც არავის აუხსნია.
“ჩემს დაბლოკვას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ მოსკოვში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ყრილობაც უნდა ჩატარდეს. მასზე პრეზიდიუმის წევრთა არჩევნები შედგება. რუსებმა მშვენივრად უწყიან, რომ მათ კანდიდატებს მხარს არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერდი. მეორე მიზეზი, კი ისაა, რომ ჩემი იქ ყოფნის შემთხვევაში, ქართველი სპორტსმენების დაჩაგვრას ვერ შეძლებდნენ. დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად შეეცდებიან, დარბაზში საქართველოს ჰიმნი არ აჟღერდეს” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” კახა გეწაძემ.
ჩემპიონატის პირველ დღეს - 6 სექტემბერს მედლები კლასიკოსთა 55, 66 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება და საქართველოს სახელით ხალიჩაზე ლაშა გოგიტაძე (55 კგ), მანუჩარ ცხადაია (66 კგ) და სოსო ჯაბიძე (96 კგ) გავლენ. 7 სექტემბერს, ჩემპიონ-პრიზიორები 60, 84 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქმეში რევაზ ლაშხი (60 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ) ჩაერთვებიან, წერტილს კი, 8-ში, 74-კილოგრამი დასვამს. ამ წონაში ბეგი დარჩიამ ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიაზე შეაჩერა არჩევანი. მწვრთნელის თქმით, კვირკველიას კოჭის მცირე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ საგანგაშო არ აღმოჩნდა..
ტრავმის გამო, ადრიანადვე გამოირიცხა მსოფლიოს პირველობაზე რამაზ ნოზაძის (96 კგ) გამგზავრება. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მკურნალობს და საერთაშორისო არენას, სავარაუდოდ, მომავალ სეზონში დაუბრუნდება.
ბერძენ-რომაელთა ასპარეზობის დასკვნით დღეს – 8 სექტემბერს საქმეში მოჭიდავე ქალები ჩაერთვებიან. მათთვისაც 3 დღეა გამოყოფილი, ოღონდ მესამე დღეს ხალიჩას თავისუფალი სტილის მიმდევრებთან გაიყოფენ. 10 სექტემბერს ზაზა თურმანიძის გუნდიდან მხოლოდ უმსუბუქესწონოსანი ბესიკ გუჩაშვილი იჭიდავებს. ბოლო-ორ დღეს კი სამ-სამ წონაში გამოვლინდებიან ჩემპიონ პრიზიორები. 11-ში – 60, 84 და 96 კილოგრამებში, ხოლო 12-ში – 66, 74 და 120 კილოგრამებში. საქართველოს ნაკრების ღირსებას კი მალხაზ ქურდიანი (60 კგ), ოთარ თუშიშვილი (66 კგ), გელა საღირაშვილი (74 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), გიორგი გოგშელიძე (96 კგ) და ლევან ბერიანიძე (120 კგ) დაიცავენ.
ოთარ მაღლაკელიძე