ქართული წარმოშობის რუსი ჩოგბურთელი ანა ჩაკვეტაძე ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ მოექცა სრულიად რუსეთის ყურადღების ცენტრში. ანა რუსეთის საპარლამენტო (დუმის) არჩევნებში პარტია “პრავოე დელოს“ ფრთებქვეშ დეპუტატად იყრიდა კენჭს და მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მმართველი პარტიის, “ედინაია როსიას“ მიერ არჩევნები გვარიანად გაყალბდა, დამკვირვებლები აცხადებენ, რომ იმ ოლქში, სადაც ანა ჩაკვეტაძე ოპოზიციური პარტიის საფარქვეშ იყრიდა კენჭს, მაჟორიტარად სწორედ ქართული წარმოშობის ჩოგბურთელი გავიდა.
სხვათა შორის, საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, რუსეთის პოლიტიკაში მოღვაწე ყველაზე სექსუალური ქალის გამოსავლენად გამოკითხვაც ჩატარდა. ამ გამოკითხვაში პირველ ადგილზე ბევრისდა გასაკვირად სწორედ ანა ჩაკვეტაძე გავიდა. მეორე ადგილი ყოფილმა ტანმოვარჯიშემ და ვლადიმერ პუტინის სავარაუდო გულისსწორმა ალინა კაბაევამ დაიკავა, მესამეზე ყოფილი ჯაშუში, ანა ჩაპმანი გავიდა.
აშკარაა, რომ რუსეთში ანა ჩაკვეტაძეს მართლაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც ლამაზიც უნდა ყოფილიყო, ამდენ რუს მანდილოსანს შორის ყველაზე მომხიბლავად იქაურები მას ნამდვილად არ დაასახელებდნენ. ახლა ანა ჩაკვეტაძეს მხოლოდდამხოლოდ ერთი თავსატეხი აქვს. მან და მისმა პარტიამ რამენაირად უნდა მოახერხონ, რომ ჩაკვეტაძის მიერ მოპოვებული საპარლამენტო მანდატი პუტინის პარტიამ არ ჩაიგდოს ხელში. ამას კი ნამდვილად დიდი ბრძოლა დასჭირდება.