სოფლებში დვანსა და დიცში რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტთან დაკავშირებით, პროტესტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც გამოხატა. კერძოდ, ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურში მატჩების დაწყებამდე გუნდები გულშემატკივრების წინაშე მაისურებით წარსდგნენ, რომლებზეც ეწერა: “დვანი და დიცი საქართველოა!”.
მიმდინარე სეზონში, “სიონი” საშინაო შეხვედრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ატარებს, მაგრამ ამჯერად, მასპინძლის რანგში რუსთავში წარსდგა. ვაკეში მდებარე სტადიონზე, 10 და 14 ოქტომბერს, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში , საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ჰოლანდიასა და შოტლანდიას უნდა უმასპინძლოს. 17-22 ოქტომბერს კი, ამავე არენაზე ქართველი 17-წლამდელები ევროპის 2014 წლის პირველობის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავენ.
ბუნებრივია, ფეხბურთის ფედერაცია ხსენებული თამაშებისთვის “მიხეილ მესხის” მოედნის საფარს უფრთხილდება და აქედან გამომდინარე, ბოლნისელებს “დინამოს” მიღება “ფოლადზე” მოუწიათ.
რაც შეეხება უშუალოდ განვლილ დაპირისპირებას, “სიონმა” მოქმედ ჩემპიონს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია, ხოლო შესვენების შემდეგ, მოედანზე “დინამო” დომინირებდა, რაც ანგარიშზეც აისახა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი რუმინელმა ლეგიონერმა დორინ გოგამ გადაწყვიტა. 29 წლის ნახევარმცველი “დინამომ” გასულ ზაფხულს დაიმატა, მაგრამ როგრც ჩანს იმხანად რუმინელი ფორმაში არ იყო. ბოლო ტურებში გოგამ აშკარად მოუმატა და ფაქტობრივად მოედანს გატანილი გოლის გარეშე არ ტოვებდა, ხოლო ახლა სულაც ჰეთ თრიქი გაიფორმა.
შეხვედრის მე-10 წუთზე, მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესული გიორგი მერებაშვილი “სიონის” მარჯვენაფლანგელ დაჩი ფოფხაძეს გაცდა და მის მიერ დარტყმული ბურთი ბათიაშვილმა მოიგერია, მაგრამ კართან ახლოს მყოფმა გოგამ ყველას დაასწრო – 1:0.
მე-18 წუთზე, “სიონის” შეტევა მარცხენა ფლანგიდან ალექსანდრე გოგობერიშვილმა წამოიწყო, რომლის პასის შემდეგ, სტუმართა ნახევარზე აფციაური ორ მეტოქეს გასცდა და კარში ზუსტად დაარტყა – 1:1.
ტაიმის შუაწელში, გოგამ ბოლნისელთა საჯარიმოში “გახსნილი” ჩისკო მოძებნა, რომელსაც მეტოქის მცველმა არ დაარტყმევინა, თუმცა, “დინამოს” შეტევა გაგრძელდა და ჯაბა დვალის დარტყმის მერე, საკუთარ საჯარიმოში რევაზ ქემოკლიძემ ბურთი ხელით მოიგერია, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ოთარ ხეცაძემ პენალტი არ დანიშნა.
29-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმის შესრულებისას, ვალერი აბრამიძემ თავის ნახევარზე უხეირო პასი მისცა თორნიკე აფციაურს და სათავე “დინამოს” კონტრეშეტევას დაუდო, რომელიც ხელსაყრელი პოზიციიდან ჩისკოს დარტყმით დასრულდა – ბათიაშვილმა ესპანელს არ გაატანინა.
37-ე წუთზე, “დინამოს” მორიგი იერიშის დროს, აბრამიძემ თავისი საჯარიმოს სიახლოვეს ჩისკო წააქცია. მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და დაახლოებით 22 მეტრიდან გოგამ ოსტატური დარტყმით “დინამო” დააწინაურა – 2:1.
მეორე ტაიმში თბილისელთა ტერიტორიული უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა. 56-ე წუთზე, “დინამოს” კონტრშეტევის დროს, ჩისკომ “სიონის” საჯარიმოში კარგ პოზიციაში მდგომი მერებაშვილი მოძებნა, რომელმაც ანგარიშის გაზრდის რეალური შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, ჩისკომ კუთხური მოაწოდა და გივი კვარაცხელიამ თავით ვერ გაიტანა. 64-ე წუთზე, ბათიაშვილმა მარცხენა მახვილი კუთხიდან ჩისკოს მიერ სახიფათოდ დარტყმული ბურთი მოიგერია.
65-ე წუთზე, “დინამომ” მარჯვენა ფლანგიდან შეუტია, ლევან ხმალაძემ გამოზომილი პასით ბოლნისელთა მეკარეს მერებაშვილი შეატოვა, რომელმაც სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა – 3:1.
თბილისელები მიღწეულზე არ შეჩერებულან და 71-ე წუთზე, მერებაშვილის პასის შემდეგ, ხმალაძემ მარცხენა მახვილი კუთხიდან ძალიან სახიფათოდ დაარტყა და ბურთმა გვერდით ძელს სანტიმეტრებში ჩაუარა. 77-ე წუთზე, გიორგი კახელიშვილმა საშუალო მანძილიდან დაარტყა და ბურთი “დინამოს” კარს მცირე მანძილით აცდა.
ლოგიკურია, რომ მატჩს წერტილი გოგამ დაუსვა. 79-ე წუთზე, “დინამომ” კვლავ მარჯვნიდან შეუტია და რუმინელმა ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიცილა, ხოლო საჯარიმოში შესულმა “ცაციათი” შორეულ კუთხეში ბურთი ტექნიკურად “ჩასვა”.
სიონი (ბოლნისი) – დინამო (თბილისი) 1:4 (1:2)
6 ოქტომბერი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.
სიონი: ბათიაშვილი, აბრამიძე, ქემოკლიძე (კ), გოგობერიშვილი, ფოფხაძე, სამხარაძე (ხუჭუა, 74), იმედაშვილი, კახელიშვილი, აფციაური (ჩივაძე, 84), ბიბილეიშვილი, ახალაია (მიკუჩაძე, 62).
მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე.
დინამო: ლორია, გივი კვარაცხელია, სეთურიძე, გველესიანი, ხმალაძე, მერებაშვილი (გლიშიჩი, 88), კვირკველია, ძარია, ჩისკო (ვუო, 77), გოგა (ელგუჯა გრიგალაშვილი, 85), დვალი.
მწვრთნელი: დუშან უჰრინი (ჩეხეთი).
გოლები: 0:1 გოგა (10), 1:1 აფციაური (18), 1:2 გოგა (37), 1:3 მერებაშვილი (65), 1:4 გოგა (79).
გაფრთხილება: აფციაური (73), გოგა (73), გველესიანი (75).
მთავარი მსაჯი: ოთარ ხეცაძე.
1. | დინამო | 8 | 6 | 1 | 1 | 19:7 | 19 | |
2. | ტორპედო | 8 | 5 | 3 | 0 | 13:4 | 18 | |
3. | ჩიხურა | 8 | 5 | 1 | 2 | 17:11 | 16 | |
4. | გურია | 8 | 4 | 0 | 4 | 8:9 | 12 | |
5. | მერანი | 8 | 4 | 0 | 4 | 11:14 | 12 | |
6. | ვიტ ჯორჯია | 8 | 3 | 2 | 3 | 13:11 | 11 | |
7. | დილა | 8 | 3 | 2 | 3 | 10:10 | 11 | |
8. | მეტალურგი | 8 | 3 | 2 | 3 | 9:14 | 11 | |
9. | ზესტაფონი | 8 | 3 | 1 | 4 | 9:7 | 10 | |
10. | სიონი | 8 | 2 | 2 | 4 | 10:13 | 8 | |
11. | ზუგდიდი | 8 | 1 | 2 | 5 | 3:13 | 5 | |
12. | სპარტაკი | 8 | 1 | 0 | 7 | 4:13 | 3 |
ბომბარდირები:
7 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”), 6 - დორინ გოგა (დინამო), 5 - ირაკლი მოდებაძე (დილა), 4 - ირაკლი ქობალია (ზესტაფონი), თორნიკე კაპანაძე (ტორპედო), ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია), გიორგი კორიფაძე (ვიტ ჯორჯია).
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.