მიუნხენის “ბაიერნის” გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე “რეალის” მიერ გარეთ ბეილის შეძენას ეხმაურება და აცხადებს, რომ მადრიდელებს ფინანსური ფეირ ფლეის პრინციპები არ დაურღვევიათ.
“დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ბეილის ტრანსფერით ფეხბურთის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება.
არ უნდა დავივიწყოთ, რომ მადრიდელებმა 5-6 ფეხბურთელი საკმაოდ დიდ თანხად გაყიდეს. ამის გათვალისწინებით, ფინანსურ ფეირ ფლეისთან მათ პრობლემები არ ექნებათ.
რამდენადაც ვიცი, “რეალმა”, იგუაინის “ნაპოლიში” გაშვებით, 70 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. ამას ემატება იოზილის ტრანსფერიდან აღებული 50 მილიონი.
“რეალი” შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა მოკლე სიაში შევიყვანოთ. ფლორენტინო პერესს ძალიან უნდა, რომ მისმა გუნდმა ამ ტურნირზე მეათედ იმარჯვოს, ხოლო მადრიდელი გულშემატკივარი არცთუ მომთმენია.” – აცხადებს რუმენიგე.
გავრცელებული ინფორმაციით, გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს, “რეალმა” დაახლოებით 170 მილიონი ევრო დახარჯა, ხოლო დაახლოებით 120 გამოიმუშავა. მადრიდელთა ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ასმილიონიანი გარეთ ბეილია. რაც შეეხება გაყიდვას – ყველაზე სარფიანად “სამეფო კლუბმა” “ნაპოლისთან” ივაჭრა. იტალიელებმა იგუაინში 37, კალიეხონში 10 და ალბიოლში 12 მილიონი გადაიხადეს.